გეპეიდაუმთავრებელი ჭიჭინაძე, ადა მარშანიას დასკვნა და ზაქარია, ანუ ვის მოენატრება მეჭიაურის კაპოტზე "სტო გრამის" გადაკვრა - კვირის პალიტრა

გეპეიდაუმთავრებელი ჭიჭინაძე, ადა მარშანიას დასკვნა და ზაქარია, ანუ ვის მოენატრება მეჭიაურის კაპოტზე "სტო გრამის" გადაკვრა

სასწაულების გჯერათ? მე უკვე მჯერა! ჭიათურის მაღაროელთა გაფიცვამ შედეგი გამოიღო და დამსაქმებელს, დღეში მილიონები რომ ეკარგებოდა, რამდენიღაცპროცენტიანი მატება გამოსტყუეს ივნისიდან, თანაც სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი, ფრიად გამოცდილი სამთოელი და ათასობით ჭიათურელის პატივისმცემელი აკაკი გურჯიძე გადააყოლეს საყოველთაო ბუნტს.

თევზის თავიდან აყროლების ამბისა გსმენიათ, ბატონებო, არა? სად არის "ჭიათურის მანგანუმის" თავი და ბოლო, ეგებ ვინმემ კარგად გამოიკითხოს და მიხვდება, რომ გურჯიძის წასვლა არაა გამოსავალი. აქაოდა, "ჯორჯიან ემერიქენ ელოისი" იათურას თხრის, ყვირილას აშავებს და ფულს ათეთრებსო, სპეცმმართველი დაუნიშნა საქართველოს მთავრობამ "ჯორჯიან მანგანეზს", მაგრამ მის მერე არც ხელფასი აუღიათ მაღაროელებს ისეთი, რომ გახარებოდათ, არც ყვირილა გათეთრებულა და ჭიათურა-ზესტაფონის ოცნებამდელი გზაც ისეა დაბრეცილი მძიმეწონიანი მანქანების ტვირთზიდვით, რაც გინდა გამოცდილი იყო ექსტრემალურ რბოლაში, მაინც თავბრუსხვევა დაგეწყება მანდ "გონკაობისას". არაპროვოკაციულად ვიკითხავ, რატომ დაუნიშნეს "ჯორჯიან მანგანეზს" სპეცმმართველი, თუ არაფერი შეიცვლებოდა ჭიათურაში? ეს "მენეჯმენტის მენეჯმენტიღა" აკლდა ჭიათურის სამთოწარმოებას სარჩენად! რჩენაცაა და რჩენაც... ვერაფრით დავიჯერებ, რომ ბატონ ჩიქოვანს რჩენისთვის საკმარისი ხელფასი ჰქონდეს დანიშნული! ყოველ შემთხვევაში, საახალწლოდ რომ "მიუპადარკეს" სამთოელებს ერთი მუჭა კანფეტები, იმის ჯამურ ღირებულებას კი ასცდება, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი! ბატონო ჭიათურელებო, გახსოვდეთ ეს პროვოკაცია, კი გამოსტაცეთ რამდენიმე პროცენტი თქვენი ნაოფლარიდან დამსაქმებლებს, მაგრამ აღდგომა და ხვალეო, გათენდება მალეო! ისე არ მოგიწიოთ, გურჯიძე მოგენატროთ და მასთან მისასვლელი პირი არ გქონდეთ, თორემ მე რა? ისე, სოლიდარობა კი სცოდნიათ ჭიათურელებს, შეანჯღრიეს მთელი მთავრობა და ტელევიზიები თუ არა? "დაჟე" "რუსთავიორელ" ნიკა გვარამიასაც კი ამოსცხეს მედიაჭიტლაყი იმ უცენზურო გამოთქმების გამო, რაც აკადრა სამთოელებს!

რახან მაღაროელებმა დაასრულეს გაფიცვა, გასაფიცის მეტი რა გვაქვს საქართველოში? მშენებლობებზე რომ არაა დაცული უსაფრთხოების ნორმები, ეგ არაა გასაპროტესტებელი? ან კიდევ, ტყიბულის შახტში რომ ჩაიკარგა კიდევ ერთი მუშა და იმედი ნულის ტოლი რომ აქვთ მისი გადარჩენის, ეგ არაა საჭირბოროტო? ან ის არ გვადარდებს, რატომ ცვივიან ბავშვები ექსკურსიების დროს გალავნებიდან ან ადიდებულ მდინარეებში? დავით გარეჯს რომ გვაცლიან ხელიდან აზერბაიჯანელები და ნელ-ნელა მოიწევენ ცხვრის ფარებითა და ბულდოზერებით, მარტო ორიოდე მღვდლისა და ბერის იმედად ვიყოთ? ეგებ ქართული დასახლებებისთვის შეეწყოთ ხელი სანაპირო ზოლებში ჩვენს დოყლაპიობაზე გადასულ ხელისუფლებას და მერე აღარ მოუნდებათ ყველა მხრიდან ჩვენი მიწების მოკბეჩა "სანატრელ" და "ისტორიულად კეთილმოსურნე" მეზობლებს! ამდენი თავსატეხი გვაქვს და ზაქარია ქუცნაშვილი თავხედურად გვიცხადებს, 2020 წელსაც კი ვაპირებთ არჩევნების მოგებასო! ზაქრო, ჩემო სიამაყე კანონმდებელო, ის თუ იცი, "41" ნომრის გარდა, სხვა ვერც ერთი ნომერი რომ ვერ გიშველის?! აგერ, ეგ უსაშველობა უკვე დაატყდა თავზე ბესელიას, კვაჭანტირაძეს, გეპეიდაუმთავრებელ ჭიჭინაძესა და ფოფხაძეს! მოვა არჩევნები და ნახავთ, ეგენი თუღა იქნებიან პარლამენტში! შენც, ვეჟო, გონებას მოუხმე, თორემ მეჭიაურის კაპოტზე "სტო გრამის" გადაკვრა მოგენატრება! თანაც, როგორი დასკვნა დადო ჩვენმა ადა მარშანიამ, კი გეცოდინება, საქართველოს პარლამენტსა თუ პოლიტელიტაში ათიდან რვა ფსიქოპათი თუ რაცხა უარესიაო! ოდნავ კორექტურას თუ მაპატიებს ადა, ვიტყვი, ათიდან რვა კი არა, უკვე თორმეტიცაა!

პ.ს. ზესტაფონის ფეროს მუშებმა გამოიტანეს ლოზუნგი: "ღმერთო, უშველე ჭიათურას, ჩვენ მაინც აღარაფერი გვეშველება!" არავინ იკითხოთ, ეგ ის ჭიათურაა, თალაკვაძეს ზესტაფონი რომ ეგონაო?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს