"სპასაწელი" კვირიკაშვილი, "ბორდელთა დამწიოკებელი" და ნაგავრილოვარი სკამი, ანუ პოლიტიკოსებო, გულთგონთხართა?!
"სპასაწელი" კვირიკაშვილი, "ბორდელთა დამწიოკებელი" და ნაგავრილოვარი სკამი, ანუ პოლიტიკოსებო, გულთგონთხართა?!
ორთქლი გამოშვებულია! ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელმაც ყალბი პათოსითა და მეჭიაურთან ძიძგილაობით დაგვამახსოვრა თავი, პარლამენტარის მანდატი დატოვა. კობახიძემ, "ნეოქოცების" მთავარმა საპარლამენტო ქოლგამაც მიატოვა ნაგავრილოვარი სკამი და მალე სხდომათა დარბაზის იმ რიგში ჩამოჯდება, სადაც ოხანაშვილი, მდინარაძე და სოფიო კილაძე ასვენებენ ხოლმე თავიანთ გადაღლილ სხეულებს! სანაცვლოდ, ვაშლატამა თალაკვაძე ამაღლდება მაგ რიგიდან სპიკერატის რანგში და ვითომ სხვაობა რა იქნება? მხოლოდ ის, რომ კულულებიანის ნაცვლად "გაკოკრილი" "ნეოქოცი" გვეყოლება პარლამენტის თავმჯდომარედ, რომელსაც აქვს თავისი "სპეცსამახსოვრო": რამდენიმე ლექსი,
ჭიათურის გაზესტაფონება და სადღაც გადამალული "ნაცმოძის" დამღაც...

ორთქლის ამ ოდენობით გამოშვება არ კმარაო, დესტრუქციულმა ძალებმა და კონსტრუქციულებს შეუტიეს, გახარია გამოიყვანეთ და გაუშვით სახლშიო. გავუშვათ, მაგრამ უკეთესი ვინ შეიძლება მოვიყვანოთ? კახიშვილი
და სერგეენკოც კი გაუშვეს მინისტრობიდან და ისეთი ხალხი დაიტოვეს მთავრობაში, ათიდან ცხრას რომ არ მოსწონს და გახარიას დაკლება უნდა კიდევ ამ უმარილო მთავრობას?
ეგებ "სპასაწელი" კვირიკაშვილი და "ბორდელთა დამწიოკებელი" ირაკლი ოქრუაშვილი მოვიყვანოთ ხელისუფლებაში ისევ, ან სულაც ვანო მერაბიშვილი?
"ახალგაზრდების პროტესტს", რომელსაც ისე ეტანებიან "ნაციონალები", როგორც ბუზი თაფლს, რაღაც გულუბრყვილობის არომატი აქვს, რომლის გამოყენებასაც ხელისუფლებაში მობრუნების მსურველები ცდილობენ. თანაც, ერთხანს ბუქებში გადამალული ნათელაშვილი "ნაცებს" ისე უპრავებს ნამუსს, მგონი, მთელი რუსთაველის პროსპექტი გაწითლდა სირცხვილით: "ხალხია თქვენგან გამწარებული, ხალხი და მაგათ ერთ მშვენიერ დღეს ვეღარ შევაჩერებთ. ყველა, რეჟიმისაგან დადანაშაულებული პოლიტიკოსი, ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა ჩემთან ერთად იდგა და სამართლიანად გაბრაზებულ ხალხს აკავებდა, რაც მას შემდეგ გახდა შეუძლებლობა, როდესაც ზევიდან პროვოკატორებმა მომიტინგეთა წყლით გაწუწვა მოინდომეს. დამთავრებული ხართ, რით ვერ იგებთ, დამთავრებული!"

აჰა, ბატონო შალვა, ნაკლები ტრავმა რომ გვქონდა ამ აქციებზე, სულ შენი და ზემოთ დასახელებული "ანგელოსთა დასის" დამსახურება ყოფილა და ეს უმადური ამომრჩეველი ვერ იმახსოვრებს შენს პატივისცემას, ლამის სულ ბოლო ადგილზე გიწევს გასვლა ყველა არჩევნებზე და მაინც ჯიუტად ამტკიცებ, რომ პირველი სამი ადგილი შენ გეკუთვნოდა! ბატონო პოლიტიკოსებო, თქვენ რა წყალწაღებულები ხართ, კი ვიცით, მაგრამ ქართულ ეკლესიაშიც იგივე მდგომარეობა რომაა, რაც მთელ ქვეყანაში, ეს არაა ცოტა სადარდებელი! დეკანოზი შალვა კეკელია მეუფე პეტრეს "ცრუ პეტრეს" და "პატრიარქის მოწინააღმდეგეს" უწოდებს. ეს დაპირისპირებები მაშინ აქტიურდება, როგორც კი იერარქიულ-კარიერული წინსვლის შესაძლებლობა გამოჩნდება... მთავარია, ჩვენ წავიდეთ წინ და დანარჩენი თუნდაც უფსკრულში გადაჩეხილა, ასე ვფიქრობთ და იმას ვერ ვხვდებით, ერთად რომ ვიჩეხებით მოუსავლეთში! ცოტა ადრე რომ გადამდგარიყო კულულებიანი ვარსკვლავთბიჭუნა, ქუცნაშვილსაც ზედმეტი წარმოდგენა არ ჰქონოდა თავის თავზე და სოფიო კილაძესაც უპრაგონოდ არ ეძახა, უფლის ნებაა ყველაფერიო, ეგებ ასე არ გაგვჭირვებოდა!

როცა პარლამენტის შტურმით აღების სურვილი მოეძალათ "ნაციონალებს" და პარლამენტის შენობაში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს სალომე სამადაშვილმა მიაკივლა, სანამ ხალხი შემოვარდნილა, დაწერეთ განცხადება გადადგომის შესახებო, მაგრამ გახარიამ თვალის საფირმო ჩაპაჭუნების გარეშე დაახლოებით ასეთი რამ უთხრა: ნუ ბჟუტურებ, თუ ქალი ხარო! და გგონიათ, მარტო სამადაშვილი და მისი თანაპარტიელები ბჟუტურებენ? ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ისეთი რამ დააბრეხვა, "თეთრმა ხიდმაც" კი ფერი იცვალა და თავის ახლო მდებარე "წითელ ხიდს" გაეჯიბრა ფერში! - რეზინის ტყვია ზოგს თვალში მოხვდება, ზოგს ტრ***შიო და ამ უწმაწურ განაცხადს გადააყოლა კიდეც თანამდებობა! ახლა წავიდეს, თუ უნდა და რომელიმე მაღაზიაში კონსულტანტად დაიწყოს მუშაობა.

პ.ს. ანეკდოტს დღეს ნუ ელოდებით! პოსტსკრიპტუმი მხოლოდ პოლიტიკოსებს ეკუთვნით: მღვრიე წყალში თევზჭერას რომ მორჩებით, დამიძახეთ, პოლიტიკოსებო!
სახელმწიფოსა და სამშობლოს ჭამა ვის შერგებია, ყალთაბანდებო!
ამაოების ბაზარში დგახართ და გგონიათ, სამშობლოს სხვაზე უფრო სარფიანად გაყიდით?! გულთგონთხართა?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ჭიპილია
02 ივლისი 2019 14:36
ვითომ გულით ამბობ? მარა ბოლომდე რეიზა არ ამბობ სათქმელს? გეშინია?
ვერანა
28 ივნისი 2019 10:34
"პოლიტიკა იმთავითვე,თაღლითობის არის დარგი"

რუბრიკის სხვა სიახლეები