ლევან ბერძენიშვილი გამოვიდა "რეჩით", იაკობის "დედა ენით" გვაყრუებენო! - რას აპროტესტებს ყოფილი პირველი ლედი - კვირის პალიტრა

ლევან ბერძენიშვილი გამოვიდა "რეჩით", იაკობის "დედა ენით" გვაყრუებენო! - რას აპროტესტებს ყოფილი პირველი ლედი

გასაოცარია ჩვენი უსაქმური საქმიანობა. დავაკონკრეტებ: სამუშაო ლოკაცია - რუსთაველის პროსპექტი, დამსაქმებელი - "ნაციონალური მოძრაობა", დასაქმებული - ნებისმიერი, ვისაც შეუძლია ყვირილი, საყვირალი თემატიკა - გადადგეს გახარია, პუტინ ხუილო, ბიძინა ოლიგარქი, დასაქმებულთა ასაკი 0-დან მომაკვდაობამდე, ანაზღაურება - პერსპექტივაში "ქოცების" წასვლის მერე ინტელექტუალური თანამდებობა მერიაში, 450-1.000 ლარის ფარგლებში, შრომის შედეგი - 0!

წინა კვირის საინფორმაციო კალეიდოსკოპს თვალი გადავავლე და ყველაზე აქტუალურად გახარია-გრიგოლიას შერკინება მომეჩვენა. ინგა-ირმაობას გარდა, სწორი გითხრათ, სხვას არც არაფერს ველოდებოდი. გრიგოლიას მაღალი რეგისტრის ბგერების გამოცემამ რომ ვერ უშველა, ფეხზე წამოდგა და ლამის ცხვირში შეუძვრა შს მინისტრს. სხეულის ენის სპეციალისტებმა რაღაც უსაშველობა წაიკითხეს ამ ჟესტში, რომელსაც კორექტულად დავწერ: ინგა გრიგოლიასთვისაც სასურველი მამაკაცია გახარიაო. არ ვიცი, ინგას პირადი დამოკიდებულება გახარიასადმი, არც მაინტერესებს, მაგრამ პარლამენტის წინ მომიტინგეებმა გამოკითხვა რომ ჩაატარონ, გახარიას გადადგომის მომხრე ათასიდან ერთი კაცი იქნება მხოლოდ, მეტი არა. უბრალოდ, მაინცდამაინც "ნაციონალური მოძრაობის" სათავო ოფისში ნუ ჩაატარებენ გამოკითხვას! და გგონიათ, ხალხს გახარიას გადადგომა მაინცდამაინც მისი მინისტრობის ხარისხის გამო არ უნდა? უბრალოდ, დავიღალეთ ამდენი აქციით, მიტინგითა და ჩოჩქოლით, რომელიც ვიწროპარტიულ და ვიწროპიროვნულ ინტერესებს ემსახურება და არა - მაღალ მატერიებს! აი, თუნდაც მაკა ჩიჩუას გამოხდომა რა იყო, ოჯახი დავაგდე ცოტა ხნით და მოვედი, რათა გავაპროტესტო ისაო, ესაო! უფრო კი ის ხომ არ გააპროტესტა გულში, რომ გიორგი დუშელი ჩრდილში დააყენა "ოცნებამაო"!

ქართული მედიაც ფეხაწყობილად მიჰყვება ამ უსაქმურ საქმიანობას! "საოცნებო" და "სანაციონალო" ჟურნალისტიკა დიდ მასშტაბებს იძენს, მაგრამ მაინც თვალში საცემია შეძლებისდაგვარად, "რუსთავი 2"-ის მსგავსი მედიასაშუალებები. ამას წინათ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ვიღაც ნაცნობ ქალბატონს გახუმრებია და ატყდა დავიდარაბა: საკრებულოს თავმჯდომარედ ბულერი, სექსისტი და მოძალადე ჰყავს "ქართულ ოცნებასო". სულ არ ვიცნობ ვინაა საკრებულოს თავმჯდომარე ონიანი, მაგრამ იმ კაცმა მარტივად ახსნა თავისი სოციალური პოსტის არსი, ეს მხოლოდ მეგობრული შეხუმრება იყო, ის ქალბატონი არ თვლის თავს შეურაცხყოფილად, თუმცა მე მაინც ვიბოდიშებო! აი, რას ნიშნავს გახარიას კლასი - მაგან არ თქვა ადრე, დავიწყოთ ბოდიშითო? ჰოდა, მეტი გახარიას კლასის მოსწავლეები ქართულ თვითმმართველობებს და წარმატებები იმ ყმაწვილ ონიანსაც, რომელსაც თურმე საქმით არაერთხელ დაუდასტურებია ქალბატონების პატივისცემა!

ახლა "ქართულ ოცნებასაც" უნდა გადავწვდე ცოტა, თორემ მაგათ დადებითი შეფასება ისე სწყენთ, როგორც მიშა სააკაშვილს ბევრი საჭმელი! იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას" ვაბრუნებთ სკოლებშიო, რომ ამბობს ხელისუფლება და ხალხიც ტაშის ცემით იტყავებს ხელისგულებს, ამ ხალხს მინდა დავეკითხო: თქვენ რა გგონიათ, რომელი "დედა ენა" გედოთ მერხზე? იაკობისეული მთლად არ იყო და მოდიფიცირებულ ვარიანტს წარმოადგენდა! თუ არ გჯერათ, ნახეთ, სადმე იქნება შემორჩენილი და მერე დაატაშუნეთ! თავად იაკობი რომ იყოს ახლა ცოცხალი, აუცილებლად გეტყოდათ, სახელმძღვანელოს ცვლა დროის მოთხოვნის მიხედვით უნდა მოხდესო! მოკლედ, "დედა ენის" საკითხით მანიპულირებაც ახლა იგივეა, რაც არც ისე დიდი ხნის წინ ოჯახის დეფინიციის კარდაკარ ჩამოტარება მანანა კობახიძის მიერ... ეეჰ, "ოცნებავ", რამდენი კარგი თემის წამოწევა შეიძლება წინ და თქვენ კიდევ პოპულისტურს ვერ ეშვებით! ისე, მაინც გამოგივიდა მოხერხება - ლევან ბერძენიშვილი გამოვიდა "რეჩით", ჯერ დაგვაბრმავეს, ახლა იაკობის "დედა ენით" გვაყრუებენო! რიგითმა ქართველმა რომ გითხრას, ლევან ბატონო, სად დაბრმავდი და სად დაყრუვდიო, რა უნდა უთხრა, დემაგოგიის მამამთავრობისასო?!

პ.ს. გამოკითხვის შედეგად დავით ბაქრაძე ნომერ პირველ პოლიტიკოსად დასახელებულა. გამომკითხველ ორგანიზაციას ვუსვამ შეკითხვას, სად იპოვეთ ბაქრაძის ამდენი ნათესავი? ან როგორ გამოარჩიეთ? პასუხი, რომ მათ დანა-ჩანგლით საოკუპაციო ხაზთან შეხვდით, არ მიიღება...

იხილეთ ასევე:"მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს