მაჰმუდა ირაკლი და მიმართვა ბიძინას - კვირის პალიტრა

მაჰმუდა ირაკლი და მიმართვა ბიძინას

გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 917.721.344 ლარი შეადგინაო. ახლანდელი მონაცემებით, საბანკო სექტორის მოგება განახევრებულა და რა ვქნათ, დავიწყოთ სოციალური აქცია სახელწოდებით "მადის დასაკმაყოფილებლად დადე 1 ლარი"? მე თქვენ გეტყვით და არ ვართ ნაჩვევი გულჩვილობას და ბოლო თეთრების ჯიბიდან ამოკრეფას ხან "იავნანასთვის" და ხანაც მიშას გულის გახარებისთვის?!

და ჩვენ ახლა სულ სხვა საზრუნავ-საფიქრალი გვაქვს! დიახ, ასპარეზზე ბორდელთა დამწიოკებელი და ათასი საგმირო საქმის ჩამდენი ირაკლი ოქრუაშვილი გამოდის მოთხოვნით, რომ დაუბრუნდეს რუსთავი ორი მას! ასე ერთიანი დიდი ხანია, არ მინახავს ქართველი ხალხი - არ ვიცოდი, თუ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ერთსულოვნად ავმხედრდებოდით... მინდოდა, ორიოდე სიტყვა მაინც მომეძებნა ბატონი ირაკლის მხარდასაჭერად, მაგრამ ვერ ვიპოვე! ციხეში რომ ვერ გაძლო და სპორტულებში გამოწყობილმა დაფქვა ყველაფერი - ეს მისი კურდღლობის ნიშანია! ბებიაჩემმა დამიტოვა ფული, რომლითაც ტელევიზია ვიყიდე და "ვარდების რევოლუცია" დავაფინანსეო, ეს ცალკე მის კრიმინალობას ადასტურებს უბრალო მიზეზით: რომელი ბებია აძლევს შვილიშვილს მილიონებს რევოლუციების მოსაწყობად და ტელევიზიების შესასყიდად, ნებით? ანუ, გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ირაკლიმ ეს ფული ბებიას ან მოჰპარა, ან წაართვა! ორივე შემთხვევაში - დანაშაულია! თან თუ ეს "ბებია" ქართველი ხალხია სინამდვილეში, მაშინ უფრო უარესი, თორემ მამის ან დედის მშობელს თუ წაართმევ და მოჰპარავ, მაგას ვინ იდარდებს?

ეჰ, ბატონო ირაკლი, ვიდრე მიშას ხელისუფლებით ტკბობა გადარევდა, ორივე რა კარგები იყავით! აი, მაშინ იძახდნენ ქართველები, რომ ესენი ისე კარგები არიან, ნეტავ ორ-ორი იყვნენო! თურმე ღმერთმა უკეთ იცის, რომ თქვენ თითოც საკმარისი იყავით ჩვენს შესაწუხებლად და ცოდვების მოსაკითხავად! ერთი ის მინდა გკითხო კიდევ, ტყვიაველო ბიჭო, რომ მოხსენი გუდას თავი და ენაზე მომდგარი სიტყვები წამოროშე, დაგავიწყდა, კბილები რატომ გაქვს ენაზე წინ? თუ დაგავიწყდა, შეგახსენებ, რომ ენაზე ზოგჯერ უნდა დააჭირო, თორემ როდის ყოფილა, პირიდან გამოშვებული სიტყვა და ხელიდან გასროლილი ქვა უკან დაბრუნებულა? რასაც თესავენ, იმას რომ იმკიან, იმასაც შეგახსენებ! რომ ცინიკოსობ, გგონია, ქართველი ხალხი შეგაწევს და არ წამოგაძახებს უამრავს? ისეთი კალეიდოსკოპი ვნახე შენზე, სიცილ-ტირილი ამივარდა ამდენი ცოდვა-მადლის მნახველ "პროვოკატორსაც" კი! სხვაგან რომ არ ეძებო, ჩვენო ირაკლი, მარცვალ-მარცვალ გაბნეული "მიძღვნები", საუკეთესოებს აქ ჩამოგიწერ და იცოდე, ყველა ნაცვალსახელი შენი აღმნიშვნელია:

"ირაკლი მაჰმუდია თუ მაჰმუდი იყო ირაკლი? თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელი ოქრუაშვილმა იცის!" "თუ ყველგან და ყველაფერში ოქრუაშვილი იყო, გახარია რატომ უნდა გადადგეს?! გადადგეს ოქრუაშვილი!" "ირაკლი ოქრუაშვილი ყოფილა მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და იბიარდი!" "ნაძვის ხესთან საჩუქრებს ეგ აწყობს!" "კოსმოსში გაგზავნილ ჩაკრულოს ეგ ასრულებს". "გვარამიას შარვალი ამან შეუკერა". "პიზის კოშკი მაგან გადაღუნა". "მუნკის ხიდზე ეგ კივის". "ხეთა რიგს რკალად ხრის და კიდე მეფის ქალიშვილებს ესიზმრება!" "ნეტავი არ გამომეცხადოს და არ მითხრას, ის პრინცი, ვისაც ელოდებოდი, მე ვარო და რაღას დავეძებ". "მკვდარი ზღვა მაგან მოკლა". "დიდგორის ბრძოლა ირაკლიმ დააფინანსა და რაიხსტაგზე დროშაც მაგან აღმართა". "ეს ყოფილა ბილ გეიტსი". "ის ძერაც მაგან მოკლა თურმე". "მაგან დაანგრია საბჭოთა კავშირი". "ქართლის ცხოვრების" ვახტანგისეულ რედაქციასაც ეგ აფინანსებდა".

პ.ს. "პოსტსკრიპტუმი" აშკარად სოციალურ-ჰუმანიტარული გამომდის და წარმოადგენს მიმართვას ბიძინა ივანიშვილისადმი: ირაკლი სამკურნალოა და მიეშველე, განა ერთი და ორისთვის გიჩუქებია სამკურნალო ფული? ჯერ ამას მიხედე, მერე თუღა დაგრჩება ფული, ვგონებ, სხვებსაც არ აწყენდათ მკურნალობა. მოკლედ, შენ უშველე ყველა გაჭირვებულს!

იხილეთ ასევე: ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს