ნანიკარი "რუსთავი 2", მიშას დაბრუნების მომდლოდინე მეგი გოცირიძე და მაყვალა კოორდინატორი
23-08-2019
ნანიკარი "რუსთავი 2", მიშას დაბრუნების მომდლოდინე მეგი გოცირიძე და მაყვალა კოორდინატორი
ფერისცვალების კვირაა, მოგეხსენებათ და ყველა შესაძლებლობების მიხედვით ცდილობს თავის თაბორის მთაზე ასვლას. ხაზარაძემ თქვა, მარტო ბანკირობა რას მიქვიან, ქველმოქმედი და პოლიტიკოსი უნდა გავხდეო. გუგუტიანთკარელ რაზმაძეს სახლს დაჰპირდა თვალსაჩინოებისთვის. როცა პოლიტიკაში მოდიხარ, აუცილებელია გულმოწყალის იმიჯი! ამას დაემატა ვიღაცის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, "თიბისი ბანკს" ბოლო ათი წელია, არავინ გამოუსახლებია, ნურავინ დასწამებთ ცილს მამუკას, "საბას" შემოქმედსა და ანაკლიის პორტის პოტენციურ მამასო.

ამის საპასუხოდ აღსრულების ბიუროდან ვიღაცამ ცნობა გამოაცუნცულა, ყოველი მეოთხე წართმეული სახლი საქართველოში
ბანკების ნაავკაცარიაო; სულ სხვამ კიდევ, ასტრონომიული ციფრი დადო: ბოლო ათ წელს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, იმაზე წინ რამდენი ადამიანი გამოაბუნძულა "თიბისიმ" საცხოვრებლებიდან, ეგ დაითვალეთო. მოკლედ, ის ვარიანტია, მთელი მჭადი მომეცი და ორიოდე ლუკმას ჩამოგიტეხავო - ესაა ქართველი პოლიტიკოსების კრედო! ხმები ჩვენგან - ძალაუფლებისთვის და მერე ამომრჩეველი
ვიღას ახსოვს? ხმებიც არაა საჭირო, მთავარია, პოლიტიკურ სუბიექტად დარეგისტრირდე, დაიწყო წიოკი, რომ "ქოცები" გავიწროებენ და უკვე გაქვს თავდაზღვევა! ან რუსეთი დაგაზღვევს, ან ამერიკა, ან კიდევ "ენჯეო სექტორი", რომელიც ამ ბოლო დროს ისეთი გავლენიანი გახდა, მიმიქარავს მსოფლიოს გიგანტი ქვეყნები!

2020 წლისთვის მთელი ქვეყანა ვემზადებით: ამომრჩეველს კარგი ხელისუფალი გვინდა, პარტიებს - გარანტირებული ხმები საპარლამენტოდ, მედიას - რეიტინგი. ჩვენ რომ კარგი ხელისუფალი გვინდა, ამაში არაფერია გასაკვირი, უბრალოდ, კარგი არსად ჩანს, თორემ! აი, პარტიებზე ლაპარაკიც არ მინდა - ეგენი გაწყვიტა პოლიტიკურმა ჭირმა! მედიაზე კი უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა: აქაოდა, 2020 წლისთვის რეკლამებს მოიტანენ ჩვენთან პოლიტიკოსებიო, "დაფიფლმეტრებაზე"? რას აღარ კადრულობენ - ტყუილს, "ფეისბუკის" პოსტების "კოპი-ფეისტებს", სხვა სააგენტოდან გადმოკოპირებულ, ოდნავ შეცვლილი მასალების გამოქვეყნებას, ბიძინას ლანძღვას ან ქებას, ასევე - "ნაცლიდერების" მიწასთან გასწორებას ან ხოტბას, დღის ბოლოს დაითვლიან ნახვების რაოდენობას, თვითკმაყოფილებით მოიტყუებენ თავს და ელოდებიან 2020-ს ისე, როგორც მიშას დაბრუნებას მეგი გოცირიძე და მაყვალა კოორდინატორი!

ეს ელექტრონულ მედიაზე დავწერე, რომლის უმეტესობას ოფისიც არა აქვს და ერთი-ორი ფანატიკოსი და გადაჭარბებულად ოპტიმისტი ადამიანი რომ ქმნის ოჯახის პირობებში პერსონალური კომპიუტერიდან. ახლა სატელევიზიო მედიასაც გადავხედოთ: გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად წოდებული "რუსთავი 2" ქიბარმა წაიღო, გვარამიამ წინასწარ დაიჭირა თადარიგი და ახალი ტელევიზიისთვის მზადება ადრიანი გაზაფხულიდან დაუწყია! აი, ჩემო ნიკა, გენაცვალე გამჭრიახობაში - ვალებაკიდებული ტელევიზია ქიბარს, ჯერ არარსებული, მაგრამ პერსპექტიული - შენ! ცალკე ეროსი კიწმარიშვილის ქვრივი ითხოვს "რუსთავი 2"-დან წილს, ამ დროს მილიონობით ვალდებულებით დამძიმებული ტელევიზია ქიბარს გასაყიდად გააქვს და არავინაა მყიდველი! მარტო "რუსთავს" კი არა, "იმედსა" და "მაესტროსაც" გვარიანი ვალები ჰქონიათ. "იმას" თუ აქვს, ჩვენ რატომ უნდა გადავიხადოთო? ეს ლოგიკა ჩაუდვიათ და 55 მილიონით ზარალდება ჩვენი ბიუჯეტი! შენ დაუკა, თუ ზარალია, ასეთი უნდა იყოს! სახელმწიფო, ჩემზე უკეთ იცით, გადასახადებსა და სამართალზე დგას, ჩვენ კი არც ერთი არ გვაქვს და როგორ უდგას სული საქართველოს, ეგ გამაგებინა! XXI საუკუნეში ტელევიზიები კარგავენ მაყურებლებს, ინტერნეტმა ჩაანაცვლა მშვენივრად ეს საინფორმაციო ყუთები. პოლიტიკოსებსა და პოლიტიკოსობის მსურველებს კი ჰგონიათ, რომ შევარდნაძე-სააკაშვილის დროის მსგავსად, ელექტორატზე გავლენას ტელევიზიებით მოახდენენ! მოკლედ, სულ ტყუილად აკლავენ თავს ნანიკარ "რუსთავი 2"-ს, "ნადეჟდასაც" და სხვებსაც პოლიტიკური ძალები - ამომრჩეველს ტელევიზია ჩირის ფასადაც აღარ მიგვაჩნია!

პ.ს. მამუკა ხაზარაძეს ეკითხებიან, რა შანსები გაქვთ პოლიტიკაშიო? - იგივე შანსები, რაც "საბაზე" ქართველ მწერლებსო...

პ.პ.ს. გახარია გახდება პრემიერიო, ჭორაობენ საქართველოში. ეგ თუ ასე მოხდა, რუსთაველზე მიმკვდარებულ აქციას გამოუღია შედეგი - გახარია აღარ იქნება შს მინისტრი!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
გიო
26 სექტემბერი 2019 12:50
რაც ალხანაო ისიც ჩალხანაო! რა ბანძიც მიშაა, ისეთივეა გვარამიაც!!!!!!!
ლოგიკა
24 აგვისტო 2019 10:37
ერთი რამ ვერ გამიგია რა.ბანკიდან ფული რომ გამიაქვთ უკან რომ უნდა დააბრუნინ ის ფული არ იციან თუ აჩუქეს გონიათ? ეგრე რომ ყველას აოატიოს ბანკმა ფულები გაკოტრდება და ის იქნება.
გურამი
24 აგვისტო 2019 01:33
ნიკას ჩაცმულობა ცირკში კარანდაშას გამოადგება.ქცევაც სამარცხვინო აქვს.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?