გურუ მიშა, "კნეინა" სანდრა და ბესელია-ზარდიკას საპარლამენტო-საცირკო წარმოდგენები, ანუ რატომ მიეცა ბიძინას ჩვენი ცოდვა
გურუ მიშა, "კნეინა" სანდრა და ბესელია-ზარდიკას საპარლამენტო-საცირკო წარმოდგენები, ანუ რატომ მიეცა ბიძინას ჩვენი ცოდვა
ხალხზე ფიქრით დამაშვრალი ჩვენი პარლამენტი შრომის კოდექსში აპირებს ცვლილების შეტანას. ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათსო. იქვე ამატებენ, რომ სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 6 საათს. ეს "სპეციფიკური" არ ვიცი, რას ნიშნავს "ნაცქოცურად", მაგრამ მაღაროზე მეტი განსაკუთრებულად მძიმე სამუშაო აღარ გამიგონია და როგორ იქნება იმ საწარმოში დასაქმებულების
მდგომარეობა, სახელმწიფომ სპეცმმართველი რომ დაუნიშნა ეკოლოგია-სოციალური პრობლემების გამოსასწორებლად და გადაბმულად ორი კვირის განმავლობაში "სუტკაში" 12-12 საათს ამუშავებენ სამთოელებს? ჭიათურელ სამთოელებზე მოგახსენებთ და არა მარტო მათზე, ტყიბულიც ერთობ საწუხარი და სატკივარია!

უცნაური ქვეყანა გვაქვს - სადაც ძალიან საწუხარია, იქ ხმას არ ვიღებთ, სადაც საღლიცინო არაფერია, ყურებამდე
გვეხსნება პირი სიცილით. მაგალითი გნებავთ? მაღაროელებზე არავინ წუხს, სამაგიეროდ, სალომე "პარიჟანკას" ჩაცმულობაზე ვიხითხითეთ და ყურადღება არ მივაქციეთ, ტრამპის გვერდით რომ იდგა! არც იმაზე გადაგვიტყავებია ტაშისცემით ხელები, საქართველოს პრეზიდენტმა გაეროში მშვენიერი სიტყვა რომ წარმოთქვა, სანაცვლოდ მის ჩიქორთულ ქართულს ყველა ნაბიჯზე ვაქილიკებთ და "პოსტსკრიპტუმში" მეც წავიქილიკებ ამ თემაზე.

კოლექტიური "ნაცები" სალომეს ისე დასცინიან, თითქოს მათი იდეური გურუ სიბრძნის კრიალოსანი იყოს და მისი "კნეინა" სანდრა კიდევ, მსოფლიო მოდის მეტრი. რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ამინდის გამოკეთების სუნი იგრძნეს და ისე იკბინებიან, როგორც ბუზები სიკვდილის წინ. სალომესგან შეწყალებულ კრიმინალებზე რომ გაჰყვირით, ეგებ გაიხსენოთ, რამდენი ვინმე გამოუშვეს მიშას დროს, არანაკლლები დამნაშავეები! აი, თუნდაც გირგვლიანის საქმის "გმირების" ჯერ საპატიმრო ვადები მოიკითხეთ და მერე მათი სასათბურე პირობებში ყოფნა! მაგრამ ის მიშას დროს მოხდა, დუშელმა ბიჭმა მარგველაშვილმაც ვინც გამოუშვა ციხეებიდან, ისიც მოგეკითხათ და მერე გადასულიყავით სალომეს იმპიჩმენტის მოწყობის ლოზუნგებზე! არ თქვათ ახლა ვინმემ, რომ სალომემ ფული აიღო ამ შეწყალებულთა ოჯახებისგან და ხელიც იმიტომ მოაწერაო! სიმართლე არის ერთი და მთელი! სადაც სალომეს შეცდომისას გაჰკივით, "ნაციონალებო" და ყოფილო "ქოცებო", ეგებ თქვენი მიშა-გიორგის შეწყალებულთა სია გამოგექვეყნებინათ, აი, მაშინ დავიჯერებდი თქვენს სამართლის უანგარო მსახურებას, მაგრამ ასე არ მოხდება, ერთი სული გაქვთ, როდის წაშავდება "ოცნება" და რეინკარნირდება მიშას უკვდავი სული, რათა მერე სააკაშვილის კარზე თუნდაც მისი ფეხის ნაბანი წყალი სვათ ხარბად და ერთგულების დასამტკიცებლად!

ვიდრე მიშას მეორედ მოსვლა გაგვაბრწყინებს, მანამდე ბესელია-ზარდიაშვილის გამართული საპარლამენტო-საცირკო წარმოდგენებით შევიქციოთ თავი. ერთმანეთს წამოაძახონ წარსული, ხელი სტაცოს ხშირად ბესელიამ ტუჩებში ზარდიკას და წამოარტყას კიდეც ქეჩოში! თან, პარალელურად მათიკაშვილი იძახდეს, წყალბადივით გააძევეთ ეგ დედაკაცი დარბაზიდანო... აი, ბიძინას მიეცა ჩვენი ცოდვა, ამ უსაქმურების მანდ შეყრისთვის. სად მოიძიეს, სად მოაგროვეს ეს უპასუხისმგებლო და იაფფასიანი ტრიუკების მომწყობი ვითომ პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოღვაწეები? ისე, დავამატებ, 2020-ის წინ "ოცნებელებს" "ნაცებზე" მეტად შიდაპარტიული დაპირისპირება აფუჭებთ. ახლა ამ ამჟავებულ ვინეგრეტს, "ქართული ოცნება" რომ დაარქვეს, ვერაფერი უშველის, ვერც ღარიბაშვილის გამოსიმამრება ასპარეზზე, ვერც გიორგი კვირიკაშვილის ირიბად უარყოფით კონტექსტში ხსენება და ვერც იაფფასიანი ტრიუკები. "ოცნება" ნელ-ნელა ლპება, მაგრამ "ლელოს" შემოქმედი ხაზარაძე გვპირდება აყვავებას! აი, მე გუშინწინ "ტიბისი ბანკისგან" მივიღე ტექსტური შეტყობინება, ძვირფასო კლიენტო, 50 ათასს გაგატანთ, ეფექტური პროცენტი იქნება ოღონდაც 33%-დანო! ამით უნდა ხაზარაძეს ხმების მოხვეჭა?! ჭირსაც წაუღიხართ, ყველა პარტია, თან პროგრესულ ჭირს და ეგებ მერე მაინც გვეშველოს!

პ.ს. "ნაციონალის" ბებიას მაღალი წნევა აქვს. დარეკავენ 112-ზე და სიტუაციას აუხსნიან. ოპერატორმა კონსულტაცია მიაწოდა, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე პირში კაპტოპრილი ჩაუდეთო. "ნაცმა" მკვახედ უპასუხა, ჩვენთვის სალომეს კარტოფილი არ მოუცია, პოლიტიკური ნიშნით გამოგვარჩიეს ალბათო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
...
17 ოქტომბერი 2019 10:40
ნეტა რა უხარიათ ქვეყანა რო ააყვავეს თუ რა ამათი სურათებიც გვაღიზიანებს
გიოგიო
04 ოქტომბერი 2019 15:50
ბიძინა შუაში კი არა თავშია ხოლო პროვოკატორი-არის-შალვა რამიშვილი+კოკა ყანდიაშვილი-როგორი დუეტია?!პ.ს.და "ნარკუშა" ნაცვლიშვილი....
მერაბი
03 ოქტომბერი 2019 14:42
პროვოკატორო, დაგერხა, ტნგჰ ბიძინასთან დაგაბეზღებს-ბიძინა რა შუაშიაო, გაბრაზდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები