ჯიპები, შავი ჯიპები და არაფერი ჯიპების გარდა! - ეს მეუფეები მაინც რაღას დაერივნენ ერთმანეთს?!
01-11-2019
ჯიპები, შავი ჯიპები და არაფერი ჯიპების გარდა! - ეს მეუფეები მაინც რაღას დაერივნენ ერთმანეთს?!
ქაცარავას რომ დაუპირისპირდნენ ამას წინათ ქართლელები, - 2008 წელს სად იყავიო, მაქვს გონივრული ეჭვი, ჩემი წინა "პროვოკაცია" აქვთ წაკითხული მაგათ! თან ამ ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ ქაცარავა ბოლო ხმაზე ყვიროდა, პროვოკაცია მომიწყვესო. რატომ მაინცდამაინც "პროვოკაცია"? ეთქვა სხვა სიტყვა!..

სადაც სიმართლეა, იქ ცხენიც უნდა იყოს აღკაზმულიო. ამ ტექნოლოგიების საუკუნეში ვინღა დადის ცხენით? ჯიპები, შავი ჯიპები და არაფერი შავი ჯიპების გარდა! ჯიპები მთავრობის წევრებს, პარტიულებს, ათასგვარ კომბინატორს, ბანკირს, სამღვდელოებას, ხოლო ამომრჩევლებს არჩევნებიდან
არჩევნებამდე მხოლოდ ცრუ დაპირებების კორიანტელი!
მთავრობა აშენებას გვპირდება უწყვეტად, პარტიები - იდეოლოგიურ წინსვლას, ბანკირები - ეფექტიან 35%-ს, სამღვდელოება - სულის ცხონებას, პატრიარქის სახელის ლაფში ამოთხვრას და ეკლესიის ავტორიტეტის დაცემას! ეს მეუფეები მაინც რაღას დაერივნენ ერთმანეთს ან სხვებს რაღას აგინებენ? ალკოჰოლური ზემოქმედება თუ "გააპრავებს" ვინმეს, მეც
დავლევ ერთ დღეს და პროვოკაციის მაგიერ, ისეთ ცხრასართულიან გინებას მოვყვები, ცათამბჯენს რომ გაუსწორდება სიმაღლეში! მეუფე იაკობმა ასე თვალსა და ხელს შუა რომ დაასამარა თავისი იერარქია, წარმოგიდგენიათ, ეგ რომ პატრიარქი გამხდარიყო, ალბათ თავზე დაგვაქცევდა ყველაფერს! ბარემ აქვე ვიტყვი: არც ცხენი მყავს, არც შავი ჯიპი, ეს "პროვოკაცია" მაქვს და სიმართლეს უცხენ-უჯიპოდ მოგახლით ხოლმე ერსა და ბერს, მემარცხენეს, მემარჯვენეს და ცენტრისტს, მიშისტს, ბიძინისტს და გუბაზისტებსაც კი!

მაინც, რა არის გამოსავალი? შრომა აღარავის უნდა, ჩრდილოვანმა ეკონომიკამ მოიცვა ქვეყანა, ვიღაცები მდიდრდებიან, ვიღაცები სულაც მიწასთან სწორდებიან და ამ დროს თუ ვინმემ რამე მართალი თქვა, ეგრევე ყელში დაეტაკებიან, პოპულისტობო. დოლიძეს დაუწყია აზარტული თამაშების საწინააღმდეგო ქმედება და კიდეც რომ აკრძალონ ეგ, უბნებში "სეკას" ითამაშებენ და წააგებენ მაინცო! აი, გამართლება, თუ გინდათ! ბანქოთი დაქცეულიც ბევრი მინახავს, მაგრამ კაზინოებით რომ არავინ აშენებულა, გარდა ამ ბიზნესის მეპატრონეებისა, ესეც აქსიომაა! სადარდებელი სადარდებელზე გვემატება და უცებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელებულა. ღიმილით გამშვენებული მიშა "მთავარში" გამოჭიმულა და დავბრუნდებიო, აიმედებს იმ გამოთაყვანებულ მიმდევრებს, რომლებსაც არ უნახავთ, მაგრამ სწამთ! თქვე ბედკრულებო, დაიმახსოვრეთ, ერთი პირიდან წაცდენილი სიტყვა ბრუნდება უკან, მეორე - ხელიდან გასროლილი ქვა, მესამე - მიშა! მართლაც რომ დაბრუნდეს, რა პირით უნდა შეხედონ "გირჩელებმა" ან "ევრონაცებმა" თვალებში ქართული პოლიტიკის დონ კიხოტს?

დონ კიხოტ მიშიკოს მოსვლამდე პირადად, არაფერი მეტკინოს, მაგრამ ეს "ლელოელობა" მართლა მოდური გამხდარა. ქვეყანაზე დარდითა და ფიქრებით დამძიმებულ ხაზარაძეს დღითი დღე ემატება მხარდამჭერები. სავარაუდოდ, მამუკას ჯიბეა აქ მთავარი სატყუარა, თორემ რა თქვა ისეთი ან ქნა მთავარმა ლელოელმა, სხვა უამრავს რომ არ გაუკეთებია? შე მამაცხონებულო, ამხელა საბანკო სექტორის მამამთავარი ხარ, ფული არ გაკლია და სული, რა ჯანდაბა გინდა პოლიტიკაში? ალბათ მთავრობაში ყოფნით უფრო მეტი ფული იშოვება, ვიდრე საბანკო სეგმენტში, თორემ არ გაიცხელებდა ეს კაცი თავს! თან კიდევ, ამ ბოლო დროს კიდევ გაიზარდა სასესხო პროცენტიო და ფულის გაყიდვით ფულის შოვნას რატომ გადაცვლიდა პოლიტიკაზე ქართული პოლიტიკის ახალი მოწამე?! იმედია, ეს ტიბის-ლელოელი იმ გამოკითხვებს არ ენდობა, რომლის მიხედვითაც, თურმე "ქოცებს" ხალხის 17,8%-იანი მხარდაჭერა აქვთ, ოპოზიციურ გაერთიანებას (რომელი გაერთიანება, ოღონდაც!) - 58,1%-ო! ვგონებ, ერთ დღეს ხაზარაძესაც იგივე დღე დაადგება, რაც დიდ პაატა ბურჭულაძეს...

პ.ს. ერთი ენამოსწრებული წერდა, ლარის კურსი და ბოკერიას რწმენა ერთდროულად განმტკიცდებაო. ამინის მეტი რა გვეთქმის?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

JimUK
13 ნოემბერი 2019 06:25
წმინდა ბერი კმარდება ლუკმა პურით.
წმინდა ბერს არ ჭირდება შავი 50 და 100,000-იანი ჯიპი.
წმინდა ბერს არ ჭიდება 1,000.000-იანი სასახლე-კოშკი.
წმინდა ბერს არ ჭირდება ოქრო-ბრილიანტ-მარგალიტით მორთული 500-გრამიანი ჯვარი.
წმინდა ბერს არ ჭირდება ოქრო-ბრილიანტ-მარგალიტით მორთული ანაფორა.
წმინდა ბერი კმარობს პატარა სყდარს, პატარა სალოცავ კუთხე-კუნჭულს ეკლესია მონასტერში.
წმინდა ბერი გამუდმებით ლოცულობს და ღმერთს ევედრება მისი ერი დააპუროს და აარიდოს ხიფათს და ომებს.
წმინდა ბერი არ არის ხიდი ღმერთს და მორწმუნეს შორის.
წმინდა ბერი პატარა სანთელის შუქია, რომ უბრალოდ გზა გაუნათოს და ღმერთისკენ მავალი ბილიკი უჩვენოს მორწმუნეს, ხოლო ურწმუნო და ცოდვილი სწორ გზაზე დააყენოს.
რწმენას და ღმერთის სიყვარულს შუამავლები არ ჭირდება.
ღმერთთან პრდაპირი გზა არსებობს, და პირდაპირი დიალოგი შეიძლებ მასთან, ის ჩვენი სულია და გულის ნაწილი.
ღმერთი სულ გვისმენს და გვევდრება, რომ გულრწფელად მოვინანიოთ, მაგრამ ჩვენ მას ვერ ვამჩნევთ და მისი მუდარა არ გვესმის.
ღმერთი გვთხოვს ჩვენ, რომ სწორ გზაზე დავდგეთ და მისი 10-მცნება შევასრულოთ, მაგრამ ჩვენ ისევ არ გვესმის მისი თხოვნა და არ ვაკეთებთ ამას, ისევ ვიყრუებთ და ვდუმთ.
ღმერთი სულ გვიცქერის, მაგრამ ჩვენ ბრმანი ვართ.
ღმერთი გვეუბნება, რომ ლამაზი და ძვირფასი ნივთები არ არის მთავარი ამ წუთისოფელში.
ღმერთი გვეუბნება, რომ მთავარია რწმენა და სულის სიმშვიდე, გონის სიწმინდე და გულში სიკეთე.
ეკლესიაზე შეწირული თანხების 80% ილექება მღვდლებზე და სასულიერო მაფიის - ოჯახის ჯიბეში.
ხოდა დალოცვილებო, როდის გამოვიღვიძებთ, მოვალთ გონს და ვეტყვით საკუთარ სიბრიყვეს და უმეცრებას დიდ უარს.
რატომ ვისულელებთ თავს და არ ვაღიარებთ, არ ვამხელთ ეკლესიას ჩვენს სიბნელეს.
ეს არ არის რწმენა ღმერთში! ეს ყველაფერი არის ჩვენი დანაშაული, ცოდვა და ურწმუნოება, რაც ჩვენ გვჭირს დღეს.
სანამ ჩვენს მონურ მეტყველებას, შეხედულებას და დამოკიდებულებას არ შევცვლით ჯერ საკუთარ თავთან და შემდეგ გარე სამყაროსთან, მან ვიქნებით ბრიყვი და ურწმუნო არსებები.
maqsi
13 ნოემბერი 2019 00:56
გუბაზისტი სად ნახე,გუბაზისტი მარტო გუბაზია
ვინცხა
03 ნოემბერი 2019 09:01
ვინცხაის არ იყოს,იმფერი სასტაული ამბავი ხთება,ეშმაკი კუთხეში ჯდანა და პირჯვარს იწერსო

რედაქტორის რჩევით