ჯიპები, შავი ჯიპები და არაფერი ჯიპების გარდა! - ეს მეუფეები მაინც რაღას დაერივნენ ერთმანეთს?!
01-11-2019
ჯიპები, შავი ჯიპები და არაფერი ჯიპების გარდა! - ეს მეუფეები მაინც რაღას დაერივნენ ერთმანეთს?!
ქაცარავას რომ დაუპირისპირდნენ ამას წინათ ქართლელები, - 2008 წელს სად იყავიო, მაქვს გონივრული ეჭვი, ჩემი წინა "პროვოკაცია" აქვთ წაკითხული მაგათ! თან ამ ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ ქაცარავა ბოლო ხმაზე ყვიროდა, პროვოკაცია მომიწყვესო. რატომ მაინცდამაინც "პროვოკაცია"? ეთქვა სხვა სიტყვა!..

სადაც სიმართლეა, იქ ცხენიც უნდა იყოს აღკაზმულიო. ამ ტექნოლოგიების საუკუნეში ვინღა დადის ცხენით? ჯიპები, შავი ჯიპები და არაფერი შავი ჯიპების გარდა! ჯიპები მთავრობის წევრებს, პარტიულებს, ათასგვარ კომბინატორს, ბანკირს, სამღვდელოებას, ხოლო ამომრჩევლებს არჩევნებიდან
არჩევნებამდე მხოლოდ ცრუ დაპირებების კორიანტელი!
მთავრობა აშენებას გვპირდება უწყვეტად, პარტიები - იდეოლოგიურ წინსვლას, ბანკირები - ეფექტიან 35%-ს, სამღვდელოება - სულის ცხონებას, პატრიარქის სახელის ლაფში ამოთხვრას და ეკლესიის ავტორიტეტის დაცემას! ეს მეუფეები მაინც რაღას დაერივნენ ერთმანეთს ან სხვებს რაღას აგინებენ? ალკოჰოლური ზემოქმედება თუ "გააპრავებს" ვინმეს, მეც
დავლევ ერთ დღეს და პროვოკაციის მაგიერ, ისეთ ცხრასართულიან გინებას მოვყვები, ცათამბჯენს რომ გაუსწორდება სიმაღლეში! მეუფე იაკობმა ასე თვალსა და ხელს შუა რომ დაასამარა თავისი იერარქია, წარმოგიდგენიათ, ეგ რომ პატრიარქი გამხდარიყო, ალბათ თავზე დაგვაქცევდა ყველაფერს! ბარემ აქვე ვიტყვი: არც ცხენი მყავს, არც შავი ჯიპი, ეს "პროვოკაცია" მაქვს და სიმართლეს უცხენ-უჯიპოდ მოგახლით ხოლმე ერსა და ბერს, მემარცხენეს, მემარჯვენეს და ცენტრისტს, მიშისტს, ბიძინისტს და გუბაზისტებსაც კი!

მაინც, რა არის გამოსავალი? შრომა აღარავის უნდა, ჩრდილოვანმა ეკონომიკამ მოიცვა ქვეყანა, ვიღაცები მდიდრდებიან, ვიღაცები სულაც მიწასთან სწორდებიან და ამ დროს თუ ვინმემ რამე მართალი თქვა, ეგრევე ყელში დაეტაკებიან, პოპულისტობო. დოლიძეს დაუწყია აზარტული თამაშების საწინააღმდეგო ქმედება და კიდეც რომ აკრძალონ ეგ, უბნებში "სეკას" ითამაშებენ და წააგებენ მაინცო! აი, გამართლება, თუ გინდათ! ბანქოთი დაქცეულიც ბევრი მინახავს, მაგრამ კაზინოებით რომ არავინ აშენებულა, გარდა ამ ბიზნესის მეპატრონეებისა, ესეც აქსიომაა! სადარდებელი სადარდებელზე გვემატება და უცებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელებულა. ღიმილით გამშვენებული მიშა "მთავარში" გამოჭიმულა და დავბრუნდებიო, აიმედებს იმ გამოთაყვანებულ მიმდევრებს, რომლებსაც არ უნახავთ, მაგრამ სწამთ! თქვე ბედკრულებო, დაიმახსოვრეთ, ერთი პირიდან წაცდენილი სიტყვა ბრუნდება უკან, მეორე - ხელიდან გასროლილი ქვა, მესამე - მიშა! მართლაც რომ დაბრუნდეს, რა პირით უნდა შეხედონ "გირჩელებმა" ან "ევრონაცებმა" თვალებში ქართული პოლიტიკის დონ კიხოტს?

დონ კიხოტ მიშიკოს მოსვლამდე პირადად, არაფერი მეტკინოს, მაგრამ ეს "ლელოელობა" მართლა მოდური გამხდარა. ქვეყანაზე დარდითა და ფიქრებით დამძიმებულ ხაზარაძეს დღითი დღე ემატება მხარდამჭერები. სავარაუდოდ, მამუკას ჯიბეა აქ მთავარი სატყუარა, თორემ რა თქვა ისეთი ან ქნა მთავარმა ლელოელმა, სხვა უამრავს რომ არ გაუკეთებია? შე მამაცხონებულო, ამხელა საბანკო სექტორის მამამთავარი ხარ, ფული არ გაკლია და სული, რა ჯანდაბა გინდა პოლიტიკაში? ალბათ მთავრობაში ყოფნით უფრო მეტი ფული იშოვება, ვიდრე საბანკო სეგმენტში, თორემ არ გაიცხელებდა ეს კაცი თავს! თან კიდევ, ამ ბოლო დროს კიდევ გაიზარდა სასესხო პროცენტიო და ფულის გაყიდვით ფულის შოვნას რატომ გადაცვლიდა პოლიტიკაზე ქართული პოლიტიკის ახალი მოწამე?! იმედია, ეს ტიბის-ლელოელი იმ გამოკითხვებს არ ენდობა, რომლის მიხედვითაც, თურმე "ქოცებს" ხალხის 17,8%-იანი მხარდაჭერა აქვთ, ოპოზიციურ გაერთიანებას (რომელი გაერთიანება, ოღონდაც!) - 58,1%-ო! ვგონებ, ერთ დღეს ხაზარაძესაც იგივე დღე დაადგება, რაც დიდ პაატა ბურჭულაძეს...

პ.ს. ერთი ენამოსწრებული წერდა, ლარის კურსი და ბოკერიას რწმენა ერთდროულად განმტკიცდებაო. ამინის მეტი რა გვეთქმის?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?