არეული მონასტერი, ანუ როცა აღმოსავლეთ ევროპის კუთხეში იდგა მიშა და პირჯვარს იწერდა - კვირის პალიტრა

არეული მონასტერი, ანუ როცა აღმოსავლეთ ევროპის კუთხეში იდგა მიშა და პირჯვარს იწერდა

სრულიად "ფეისბუკის" ქართულ სეგმენტში თეოლოგების რაოდენობამ გადააჭარბა ცაში ვარსკვლავებს და ზღვაში - ქვიშას. თითქმის არავინ დარჩენილა ინტერნეტსივრცეში, რომელიც თავს სრულად შეიკავებდა და არაფერს დაწერდა საპატრიარქოსთან დაკავშირებით. ზოგი გაიძახოდა, რომ სასწრაფოდ საჭირო იყო რუის-ურბნისის კრება, ზოგიც "პრიმუსით" (და ზოგს უკვირდა, რატომ "პრიმუსით" და არა "პრადოს" ჯიპით) იმუქრებოდა, რომ ცეცხლი წაეკიდებინათ გამორჩევით მღვდელ-მონაზონთა წვერ-კაბებისათვის, ზოგიც გაჰკიოდა, სად გვცალია მაგათი კლასიფიკაციისთვის, სულ ერთიანად არიან გასაკრეჭ-გასაძარცვებიო.

ამ დროს ნაკლებად ახსენდებათ, რამდენი კარგი გააკეთა სამღვდელოებამ ჩვენი ისტორიის ბოლო დროს და პარტიულ-პიროვნული სიმპათიების მიხედვითაც ახარისხებდა განსაცდელმოვლენილ სინოდს. გახსოვთ, პატრიარქის თხოვნით რომ გაიყვანა პუტინმა პერევიდან ჯარი? ეგებ მეუფე ისაიას სამოქალაქო თავდადება გაეხსენებინათ ან მოვლილ-გამშვენებული და სულჩაბრუნებული ტაძრები ეხილათ ჭყონდიდიდან ხორნაბუჯამდე! აბა, თქვენ არ მომიკვდეთ, მთავარია, გავკილოთ და ნაკლი წამოვაძახოთ ერთმანეთს ნიშნის მოგებით და მტრობით, თორემ ჯოჯოხეთის გზაზე დადგომისას ხომ არ შევაჩერებთ მოყვასს? სად გვცალია ჩვენ თანამშრომლობისა და კეთილგანწყობისთვის, მთავარი საკუთარი იმიჯი და რეპუტაციაა! ზოგმა ბრძანა, ყოველწლიური 25 მილიონი წამოანთხევინეთ ეკლესიას შეხიზნულებს, მაგათთვის ვიხდი მე გადასახადებსო? (თან, მგონი გადასახადების გადახდას მარტო იმას უწოდებენ, დენისა და დასუფთავებისთვის "კაპიკებს" რომ ხარჯავენ!) და მოუწოდებენ "წვეროსნებს", უფულოდ იარსებეთო. ეგებ ხელისუფლებას მოსთხოვონ პასუხი უფრო, ამ გადარიცხულ მილიონებს რად ელევიან ასე "იოლად"? პასუხი მარტივია, არჩევნებისთვის მღვდლის მხარდაჭერა ცოტას არ ნიშნავს! როგორია მოძღვრის ინერტულობა ბიულეტენების ომის დროს? ამიტომაც, თუ 25 მილიონი სადღაც ქრება, პასუხი დამხარჯველებზე მეტად მოვთხოვოთ ამ ფულის მიმცემებს!

"ქოცონლაინაგიტატორთა" შორის ყველაზე დიდმრევლიან თუ დიდსაფრენდეთიანებს თუ გადახედავდით "ფეისბუკზე", გახელებით პოსტავდნენ და აკომენტარებდნენ მეუფე პეტრეს საწინააღმდეგოდ, აქაოდა, ეგა მიშას და ახალაიების მეუფე იყოო, თანაც აყოლებდნენ ზედ, ვინც ეპარქიიდან ცრემლით გამოაცილა პეტრე, ყველა იმ "ძიავოლ" სააკაშვილის მომხრეაო. ტროლებიც გამოჩნდნენ, რომლებიც პროპაგანდისტული სტილით უტევდნენ პეტრეს და ამ დროს ვერ ხვდებოდა უამრავი, ამით ქრისტიანობასა და თავიანთ სათაყვანებელ პატრიარქსაც ჩრდილს რომ აყენებდა! ერთმა სასულიერო პირმა თქვა, უფრო საშიში ის იქნებოდა, სამუდამო ტაშისკვრის რეჟიმი რომ გვქონოდა და ახლა უფრო გაუფრთხილდებიან სასულიერო მამები სულსაც და იმიჯსაცო. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა, მაგრამ სადაა ახლა ამ კარგის კარგად გამგები? ან მე ვამბობდი ცუდს, ყურში რომ არ შესდის სკამებზე ფორტუნასგან დასკუპებულ "ძლიერთა ამა ქვეყნისათა"?

სულზე მოუსწრო "ნაციონალებს" და შუაშისტების ნიღბებით სახედაფარულ მიშისტებს კალაძის ჩაცმულობამ. ვერც მეუფე პეტრეზე ამბობდნენ ცუდს, რადგან ოდესღაც მიხეილის პორტრეტი ეკიდა მის კაბინეტში, ვერც პატრიარქზე ბედავდნენ ხმის მოღებას - სულ გაგვინულდება რეიტინგიო და საკომპენსაციოდ აყბედდნენ თბილისის მერის შარვალსა და სალომეს "პლეჩოებიან" კაბაზე. მგონი, ადრე კახის ტრუსებსა და პიჯაკებზეც ჰქონდათ აქცენტი, თან "ავიწყდებოდათ" "ნაცმოძის" გებელსად წოდებული გვარამიას გარდერობი... აი, სწორედ ეს უნდა გვქონდეს საზოგადოებრივი მსჯელობის საგნად, "კალაკში", გინდაც კალაბურგში (კალაგრადში), რას ჩაიცვამენ და რას გაიხდიან პირველი თუ მეორე პირები, თორემ 700 ათასი სული ძროხა რომ გვყავს ქვეყანაში და რძე მაინც არ გვაქვს, ეგ ვის ადარდებს? ან კიდევ, ათიდან ცხრა ეკონომიკის ექსპერტი რომაა და მაინც არ გვაქვს ეკონომიკა, ეგ რა სადარდებელია?

პ.ს. საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების გამო აღმოსავლეთ ევროპის კუთხეში იდგა მიშა და პირჯვარს იწერდა, ასევე მახვილი თვალი შეამჩნევდა, როგორ ჰქონდა ცად აპყრობილი ღვთის მსასოებელი თვალნი ბოკერიას...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს