ეს ყოფილა არა ფილმი, არამედ ყველა დროის ჯადოსნობა - შედიხარ ჰეტერო, უყურებ ამ ფილმს და გამოდიხარ ჰომოსექსუალი! - კვირის პალიტრა

ეს ყოფილა არა ფილმი, არამედ ყველა დროის ჯადოსნობა - შედიხარ ჰეტერო, უყურებ ამ ფილმს და გამოდიხარ ჰომოსექსუალი!

აჰა, ხალხნო და ჯამაათნო, კიდევ ერთი საქმე ვიშოვეთ - კინოთეატრებს მივადექით და ატყდა დავიდარაბა. "მარშელი" სანდრო ბრეგაძე იდგა იქ, სადაც ქარიშხალი ბობოქრობდა. შეგახსენებთ, ეს ის სანდროა, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ აწამეს (თავად თქვა, მაგრამ არ დავუჯერეთ ჩვენ, ცოდვილებმა და უგულოებმა), მასთან ერთად იყო არანაკლებ ნაწამები ვასაძე, რომელსაც თურმე ვიღაც პოლიციელმა წვივში ფეხსაცმლის ჭვინტი ამოსცხო. სავარაუდოდ, ეს ვანდალური აქტი პირდაპირ ივანიშვილის დავალებით მოხდა, თორემ ოდეს ყოფილა, თბილისში ვინმე ძალოვანს დემონსტრანტები დაეზარალებინოს...

როგორც ამბობენ, ის სკანდალური ფილმი გეი-წყვილის სიყვარულს ეხებაო. თუ სწორად გავიგე, ფილმის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, არავინ უყუროს, თორემ მაყურებელი გაირყვნება ანუ თუ ამ ფილმს უყურებ, ეგრევე ორიენტაცია შეგეცვლებაო. ეს ყოფილა არა ფილმი, არამედ ყველა დროის ჯადოსნობა - შედიხარ ჰეტერო, უყურებ ამ ფილმს და გამოდიხარ ჰომოსექსუალი! ალბათ გადაიღებენ ისეთ ფილმსაც, რომლის ყურების მერე ჰომოსექსუალები გახდებიან ჰეტეროები. ალბათ იქნება ლგბტქ (ეს ბოლო ქ რას ნიშნავს, ვერ დავიმახსოვრე მართლა!) თემისთვისაც რაღაც მოდიფიკატორი ფილმებიც... წარმოვიდგინე, დარბის ხალხი სეანსიდან სეანსზე და მორიგეობით ხდებიან ლესბოსელები, გეები, ჰეტეროსექსუალები, ჰომოსექსუალები, ბისექსუალები, ტრანსგენდერები და ასე შემდეგ! აღარ იქნება მოსაწყენი ცხოვრება ამის მერე ნამდვილად. გახდები ჰომოსექსუალი, გამოგეკიდებიან ჰეტეროები ტაბურეტებით, კომბლებით, წკეპლებით, მერე ისინი გახდებიან ჰომოსექსუალები და გაჰეტეროებულები იშიშვლებენ ათასგვარ იარაღს (ქვას, კეტს, ატომურ ბომბს...)! აქვე დავძენ, ბისექსუალებს ორივე მხარეზე შეუძლიათ ბრძოლა - დასცხებენ სურვილისამებრ, ხან ერთ თემს, ხან მეორეს და სოფელიც აშენდება!

ანა სუბელიანს ქვა მოხვედრია, რამდენიმე "ანტი" დაუჭერიათ (აქვე ვიკითხავ, რატომ არ იჭერენ "მარშისა" და "ჯვარკომბალათა" ლიდერებს), რის გამოც ავბობოქრდით შავი ზღვისებრ, აღვშფოთდით ევროკავშირულად და ვიღას ახსოვს მცოცავი ოკუპაცია, ლარის კურსის გათახსირება, ბატიაშვილის წასვლა განათლების სისტემიდან, სოფლის მეურნეობის დეგრადაცია და კვირიკაშვილზე შერჩენილი უპასუხისმგებლობები? აი, აქაა ჩვენი დიდი პრობლემა, უკანალის უსაფრთხოება ქვეყნისას რომ უსწრებს წინ და უფრო პოპულარულია!

უკანალების დაცვა-არდაცვის ფრონტზე ამტყდარი აურზაურის ეფექტური ხაზარაძის "ლელოელობაც" დაგვავიწყდა. ამ უკანასკნელს სამტრედიაში, რომელიღაც სათბურში 12 ახალი წევრით მისულს, უსაუბრია, ქვეყანა თოხისა და გუთნის მენტალიტეტშია ჩარჩენილი, აქედან უნდა ამოვიყვანოთ სახელმწიფოო. ვასაძის მსგავსად, მასაც "ქართული ოცნების" გაპანღურება ნდომებია და ერთს ვეტყვი ორივეს გარკვევით: ბატონებო (გინდაც ჯენტლმენო ხაზარაძევ და რაინდო ვასაძევ), თქვენი პოლიტიკური ამბიციები ვერ გასცდება პოპულიზმს, ხორცს ვერ შეისხამს თქვენი იდეები, მხარს დაგიჭერს ძალიან ცოტა, ერთი მარტივი მიზეზით: ამომრჩევლის უმეტესობა ან "ოცნებას" უჭერს მხარს, ან "ნაციონალებს", არიან ისეთებიც, ვინც არჩევნებზე არ მიდიან, მაშ, ვიღას იმედითა ხართ, თქვენ, რაინდო და ჯენტლმენო ლიდერებო? ფულს თუ დახარჯავთ, ხმის გამყიდველებს კი იშოვით, არც ისე ცოტას თან, მაგრამ ნაკლებად მგონია, ხაზარაძემ ეფექტური პროცენტებით მიღებული სარგებელი განაბნიოს! მას ჯერ კიდევ არ სჯერა, ვინც განაბნივა, ის რომ კრებს! დიახ, მთავარ "ლელოელს" ჰგონია, ვინც ფულს აპროცენტებს, ის კრებს სიმდიდრეს! თუ სურს ახალ პოლიტიკურ ძალას ასპარეზი, მაშინ "ნაციონალები" უნდა აღიგავონ პირისაგან ბიულეტენისა, რომელსაც "ქართული ოცნება" არ იზამს ცოცხალი თავით, რადგან შეჩვეული ჭირი (თუნდაც ხინკლისჭამია რომან გოცირიძე) ურჩევნიათ ფალავანდიშვილსა და ხაზარაძეს! თანაც, ქრისტიანული მორალის პრინციპის მიხედვით, მტერი უნდა გვიყვარდეს და "ქართულ ოცნებას" ისე უყვარს თავისი მტერი, რომ ელვის სისწრაფით აპორტირებს თავის რიგებში მიშისტებს!

პ.ს. ის სკანდალური ფილმი, ვინც გადაიღო, არ ვიცი, ვინაა. არც მონაწილე მსახიობებისა გამეგება რამე. კიდევ უფრო მეტად დამაბნია ვასაძე-ბრეგაძემ, ნუთუ მათ ამ ფილმის პიარი დაივალეს?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს