არ დაბრუნდნენ ბრეჟნევი, გამსახურდია, ედუარდი და ეს "მიჰა" მაინც დაბრუნდეს, ანუ ბიძინას ჯიბიდან გავარდნილთა თავგასულობა - კვირის პალიტრა

არ დაბრუნდნენ ბრეჟნევი, გამსახურდია, ედუარდი და ეს "მიჰა" მაინც დაბრუნდეს, ანუ ბიძინას ჯიბიდან გავარდნილთა თავგასულობა

შევეჩვიეთ, რომ თებერვალში ხეში წყალი დგება, რუსთაველზე ნოემბერში - მომიტინგეთა არმია. თან ახლა 23 ნოემბერი მოდის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკვე ერთხელ მოხერხებულად გამოყენებული თარიღი და ეგებ კიდევ ერთხელ მოტყუვდეს ქართველი ხალხიო, ფიქრობენ ალიანსელები, მარშელები, დემარშელები, "ნაცები", "ნაცხურდები", მკვდრეთით და ნაფტალინიდან აღმდგარი (თუ აღმსდგარი?) ყარტაყურტა პარტიები.

ზოგადად, არა მგონია, ბევრი დამეთანხმოს, მაგრამ მაინც ვიტყვი ერთს - საქართველოში პარტიულობა ფსიქიატრიულ დაავადებად ან კრიმინალად უნდა ჩაითვალოს. ჩემი აზრის არგუმენტირებისთვის რამდენიმე მაგალითს გეტყვით. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, "ნაკერავზე" უნდა გავხიოთ "ქოცებიო". მაგის "გახეული" არსად გაიშვას, მაგრამ თუ თავად გაიწია ვინმეს გასახევად, ე.ი. სამკურნალოა, თუ სხვა გაიტყუა ამ ვანდალიზმის შესასრულებლად, უკვე კრიმინალია! ბადრი შუბლაძეს უთქვამს (იმ ბადრის, ონიანი რომ აგინებდა პირდაპირ ეთერში სამ შაურად), შეშის რევოლუცია იწყება და აუცილებლად გადავაგდებთ ბორია ივანოვსო. ბიძინასი (და ზოგადად, ხელისუფლების) არ ვიცი, მაგრამ გრიშა არსად გადაეყაროს მაგ უბადრუკ მიშაკმეველს, თორემ გააშეშებს რუსთაველზე და უყაროს მერე კაკალი ყვავებს კი არა, "ნაცებს"!

კომუნისტებიდან მოყოლებული, ყველა ხელისუფლებას მოვესწარი. წარმოიდგინეთ და ბრეჟნევიც მახსოვს! როცა ეგ მედალოსანი ჩაასვენეს (უფრო ჩააბრეხვეს) წითელ მოედანზე და მის სანაცვლოდ შემდეგი "გენსეკები" მოვიდნენ, სულ მესმოდა, რა ქვეყანა (ბრეჟნევის "ქვეყანა") დაანგრიესო! განსაკუთრებით გორბაჩოვს აგინებდნენ, გამსახურდიას დროს. მერე მობრძანდა სიგუას მთავრობა და ზვიადის დატოვებული სახელმწიფო დაანგრია ხუნტამო! ხუნტის დროინდელ სახელმწიფოს დასტიროდნენ მხედრიონელთა მოტრფიალენი შევარდნაძის ზეობისას, მერე შევარდნაძეს გავაყოლეთ სახლში წასვლისას სევდიანად თვალები და ახლა კიდევ "მიჰა ჰამოდის" მეტი არაფერი ისმის! არ დაბრუნდნენ ბრეჟნევი, გამსახურდია, სიგუა-იოსელიანი, ედუარდი და ეს "მიჰა" მაინც დაბრუნდეს, წინ 23 ნოემბერია! მეტი არაა ჩემი მტერი, ეგ დაბრუნდეს, სად აქვს მაგას მაგისი გამბედაობა, მაგრამ არც მაგის მომხრეებს არ აქვთ ჭკუა, თორემ ამდენი პატიჟი არ გამიგია მე ვინმესი! თუ ჩამომსვლელი იყო, ამდენ ხანს ჩამოვიდოდა, ასე რომ, დაემშვიდობეთ ღრუბელ-ღრუბელ მოფრინველე კერპს, ჩემო მიშისტებო! თქვენ ახლა თქვენი უნდა შვათ მყოობადი, თქვენ უნდა მისცეთ ახალი მიშა ამომრჩეველს, რომელიც აუცილებლად დამარცხდება ერთი უბრალო მიზეზის გამო - ბიძინას მორეკილი ხელისუფლების უვარგისობა თქვენს ვარგისიანობაზე არ მეტყველებს!

თუ ვინმეს გული დაეწვება, ეს პროვოკატორი რად უწოდებს მორეკილს ხელისუფლებასო, გეტყვით მე თქვენ შემდეგს: გახედეთ რუსთაველზე, ბიძინას ჯიბიდან გავარდნილი რამდენი ყოფილი ან მოქმედი ხელისუფალია? გუბაზი - ყოფილია, ბესელია - მოქმედი! არ მითხრათ ახლა, ეგენი ხელისუფლებაში ბიძინამ არ მოიყვანა და ერთმა ქუთაისელები მოხიბლა, მეორემ - ფოთელები და ბიძინა რა შუაშიაო! ზოგადად, ეს ორი იმიტომ დაგისახელეთ, რომ წარსულსა და დღევანდელ "მორეკილებზე" დასტურად მეთქვა, არა - ჭორად! მაჟორიტარებიც რომ ამხედრდნენ, რაის პროპორციული, ჩვენ მაჟორიტარულ-პროპორციული გვაწყობსო, ამაზე რას გვეტყვის ბიძინა? ჩემთვის სულერთია, როგორ შერიხინდება უსინდისო და მუქთახორა პარლამენტში, იმნაირად თუ ამნაირად, მაინც არ იქნება მოსაწონი! ბიძინა ერთხელ მაინც უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ძალიან შეეშალა იმ 300-ოდე ადამიანის შერჩევისას უმეტესი, არ აქვს მნიშვნელობა, "ნეოქოცები" თუ "პალეოქოცები", ნანაცარები თუ ნაედუარდელები ("დაჟე" ნაკომუნისტარებიც), ყველა არის უპასუხისმგებლო და პარტიისთვის "შეუფერებელი". ამდენი უმადური რომ შემოიკრიბა ბატონმა ბიძინამ, მე ვერ ვაგებ პასუხს. თავად უპასუხოს ახლა თუნდაც მის აღმატებულება გუბაზს რამენაირად, კვერცხს რომ ეძახის, ქვაზე დასაჯახებლად განწირულს...

საოცარია ქართული პოლიტიკა. ახლა "ერთად ერთის წინააღმდეგო", რომ გაიძახიან, მაგ "ერთმა" რამდენიმე ასი ათასი რომ შეკრას და დადოს სოლოლაკის სასახლის შესასვლელთან, მერე განაცხადოს, ვინც მიასწრებს, მისი იყოსო, რა მარულას გამართავენ ეს ჯიბისკენ მომზირალი "პატრიოტი" მეამბოხეები, უკვე წარმომიდგენია...

პ.ს. მიხო "პახმელიაზეა" და მარო მორიგეობით სთავაზობს ტყემლის კომპოტს, მინერალურ წყალს, პიტნიან ჩაის... მიხო უარზე. ბოლოს მარო ეტყვის, მიხო, რუსთაველის გამზირიდან პირდაპირი ჩართვაა და გინდა, გაყურებინოო? მიდი, ჩართე, ეგებ გული ამერიოსო, უპასუხა მიხომ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს