გუბაზისა და ვალერიანის "კოფეპიწია" "მიჰასთან" და ბიძინა ბატონი - კვირის პალიტრა

გუბაზისა და ვალერიანის "კოფეპიწია" "მიჰასთან" და ბიძინა ბატონი

როგორ შეიცვალა და დაკნინდა სამყარო! აი, ჩემი ჯეელობისას იყო რუსთაველზე აქციები, თუ იყო. ახლა რას ჰგავს ეს იწილობიწილო? პოლიცია, სუს-ი და სპეცრაზმელი რომ უფრო მეტი იქნება მიტინგზე, ეგაა მიტინგი? ნუთუ ეს მხოლოდ იმითაა განპირობებული, მიშა რომ შორსაა და მორიგი მოლოდინი, რომ გიორგობას რუსთაველზე იქნებოდა, გაგვიცრუვდა. როგორ მეგონა, პარლამენტში ან სოლოლაკის მინის სასახლეში შევარდებოდა და ბიძინას ჩაის კი არა და, სტაფილოს წვენს დაულევდა!

ეს კი არა, ფანტაზია გავშალე და წარმოვიდგინე, გიორგობის მიწურულს სანდრა ქართული ჩიხტიკოპითა და ჩონგურით ხელში გვიმღერებდა მეგრულად, წითელ ხიდთან დავით ბაქრაძე საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, დანა-ჩანგლით აღჭურვილი დახვდებოდა ჩვენს ცათამფრენ მიშას და პერსონალურად დაიცავდა მის სიცოცხლეს. ცალკე ხაჩიძე "მიშა მაგარიას" მოსცხებდა ვალესთან (მოგეხსენებათ, მიშას სისწრაფე აღემატება სინათლის გავრცელების სიჩქარეს და ვინ იცის, რომელი გამშვები პუნქტიდან შემოჯლიგინდება სამშობლოში!) და ზღვის სანაპირო ზოლს სრულად გააკონტროლებდა ხაბაზი კობა - ჩვენი პოლიტიკის თოლია! აი, თუ ჩრდილოეთიდან მოისურვებდა მობრძანებას მისი ყოვლად რევოლუციონერობა, მაშინ ქაცარავა დახვდებოდა სადღაც ერგნეთთან ქართველი რემბოს იერითა და სახეზე მურით... ოხ, ეს რა გვიყო ჭორვილელმა! დიახ, მაგის ხელი ურევია მიშას ჩამოუსვლელობაში, ეგ ანაკონდა, მახრჩობელა და გიურზა ერთად. გაგზავნა გუბაზ და ვალერიან უკრაინაში და აწვია ჩვენს 21-ე საუკუნის აღმაშენებელს, რა უნდა ექნა მიშას? მიეტოვებინა სტუმრები? "კოფეპიწიას" ვინ გაუმართავდა ათას პარტიაზე გადამხტარ რენეგატებს? თქვენ გგონიათ, ჩვენს ტრადიციადამცველ ნაპრეზიდენტალს ეტიკეტი და მასპინძლობა შეეშლებოდა? არამც და არამც! ეგ ბიძინას ეშლება ხოლმე, თორემ უცდომელი მხოლოდ მიშაა! თუ ორთოდოქსი "ქოცთაგანი" გამოტყვრება და მეტყვის, რა შეეშალა ბიძინასო, ათასობით მაგალითს მოვუხმობ: ხურდა ფულებზე დახამებული ხალხი შეყარა პარლამენტში? შეყარა! ასი ქარხანა გახსნა? გახსნა! ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ხსნის? ხსნის! პარლამენტის თავმჯდომარედ, ფრაქცია-კომიტეტების ხელმძღვანელებად უვარგისი ხალხი დაასკუპა? დაასკუპა! შიშის განცდა მოუხსნა ხალხს? მოუხსნა! საყდრისი ააფეთქა? ააფეთქა! გავრილოვი ჩაასმევინა ქუცნაშვილს საპარლამენტო ხელმძღვანელის სკამში? ჩაასმევინა! მოსავალი არ მოვიდა? არ მოვიდა! თუ მოვიდა, მოვიდა! მოკლედ, რაც ხდება და რაც არ ხდება, ყველაფერი ბიძინას ჰბრალდება და თუ ერთი ჩვენგანი მაინც იტყვის, რა ხელისუფლებაც გვყავს, სულ ჩვენი არჩეულია მუდამ, კომუნისტების მერე და მაშ, არ სჯობს, არჩევნებიდან არჩევნებამდე დავაკვირდეთ ვარგისსა და უვარგისს?

მაჟორიტარიზმი პროპორციულობასთან ერთად გვრჩება ხელში, როგორც ბრძანეს, 2020-ისთვის. დიდი ამბავი, მაინც 41-იანელები გავლენ და, რა მნიშვნელობა აქვს, მაჟორიტარი ერქმევა კანონმდებელს თუ პროპორციული? ისე, პროპორციული აზროვნების და ტანის ხალხი შეარჩიე, ბიძინა ბატონო, თორემ დაირღვა პროპორცია, სიმეტრია და სახელმწიფო წესრიგი! დარწმუნებული ვარ უკვე ეძებენ გზებსა და ბილიკებს სოლოლაკისკენ ერის გადარჩენაზე ორიენტირებული საპარლამენტოდ შეღერებული გოგობიჭები! შესაძლოა, "ნეოქოცების" ახალი პლეადა "გააძროს" ბიძინამ, ან სულაც ნაფთალინიდან ამოიღოს პალეოქოცები, მაგრამ პასუხისმგებლობა თუ არ ექნებათ აღებული, ბარემ ამ მოწვევის პარლამენტი დატოვეთ - მე თქვენ გეტყვით და ენძელა, გუგული და წილოსანი ვერ შეიფერებენ სკამზე "აპიაც" ჯდომას? უი, ის ვაშლატამა თალაკვაძე რომ გვყავს, უტიფრად რომ იძახდა, არსადაც არ წავსულვარ, დღე და ღამე კაბინეტში ვზივარო, ეგ არ შეიძლება, საკანონმდებლო ისტორიიდან ამოვშალოთ! კომოს ტბაზე კი არა, თუ უნდა ლაპლანდიაში წავიდეს ხოლმე, ოღონდაც პარლამენტს ნუ დააბოლებს და ნუ გაგვწირავს... ბიჯო, არჩილ, დაგენაცვლოს შენ შენი დაწერილი პწკარები, თუ წახვედი, "ნაციონალების" შეგეშინდა და მოიტყუე? მაგათ აბარებ ანგარიშს? ვითომც და რუსთაველზე აქციაა, რა გეკომოებაო, რომ გაიძახიან ეგ ხალხის მტრები, თავად არ იყვნენ, 2008 წელს საკუთარ ჯიპებს რომ გადაასწრეს წითელ ხიდსა და სარფში? ტყუილი ისეთი უნდა თქვა, ვერ მიგიხვდნენ, თორემ პასპორტი რომ არ აჩვენე ვიღაც დაინტერესებულ პირს, ე, მანდ გასკდა შენი მიმოფრენის ამბავი... და რატომ მაინცდამაინც იტალიაში, რომელი კახი კალაძე შენ მყავხარ, კაცო?!

კალაძის ხსენებაზე მომაგონდა. ვიღაც "ნაციონალთაგანი" პრუტუნებდა ამას წინათ, ბერა ვერ იტანს კალაძესო. ეგაა ერთადერთი "41", რომელსაც მზარდი თუ არა, მყარი რეპუტაცია რომ აქვს "ქოცთა" შორის და მაგასაც თუ ვერ იტანს ბიძინას ოჯახი, დაგვქცევია თავზე "ქართული ოცნება"! აბა, ხუნდაძის იმედად უნდა იყოს ამოდენა პარტია? ან კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა უშველის დაქცეულ ქვეყანას? რაღაც სალომემაც უკლო საუბარს, გახარიაც აღარ აპაჭუნებს თვალს... დაქცევა, ჯოჯოხეთი და პუტინობა სხვა კი არაფერია!

პ.ს. გურულებს ეკითხებიან, წილოსანი რატომ აირჩიეთ, ის მომღერალი რომ გყავდათ თავიდან შემოთავაზებული, ჭკუასელი, ნეტავ რას უწუნებდითო? - უი, ეგ მომღერალი იყო? სულ თეთრებით დადიოდა და ანგელოზი უფრო გვეგონა, ვიდრე მომღერალიო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს