არჩილის ოდა ბიძინასადმი, ცხოვრება აწყობილი გახარია და "ნაცქოცობის" ფართიფურთი წინასაარჩევნოდ - კვირის პალიტრა

არჩილის ოდა ბიძინასადმი, ცხოვრება აწყობილი გახარია და "ნაცქოცობის" ფართიფურთი წინასაარჩევნოდ

ნაახალწლევს ყველაზე კარგად ადრე მინერალური წყლები გვაფხიზლებდა. 2020-ისთვის მინერალურ წყალს ბევრად აჯობა ირან-ამერიკის დაპირისპირებამ - უცებ ჩაგვაყენა ჩვეულ ფორმაში და გავხდით ახლო აღმოსავლეთოლოგები, ც ჰეპატიტოლოგები, ანაკლიის პორტოლოგები, პიროტექნოლოგები, დიეტოლოგები და ლიტერატურათმცოდნეებიც!

ახლო აღმოსავლეთის საშიშროების მასშტაბურობაზე ერთხმად ვიქოთქოთეთ, აქაო და ირანი ვერ მისწვდება ამერიკას, სამაგიეროდ, ჩვენ წაგვაყრის ბომბებსო. ვიღაცამ დაგვამშვიდა, აშენდა მისი ოჯახი, ირანი ამერიკის გულის ჯავრს ერაყის დაბომბვით ამოიყრის, ასევე ამერიკაც, ირანზე გაბრაზებული, სეტყვასავით ერაყს წააყრის, თუ სიტუაცია გამწვავდებაო! ეს ერაყი იმ ქათამივით გამოვიდა, რომ ჩიოდა, ხარი დაკლეს, მე წამაკლეს, ცხვარი დაკლეს, მაინც მე წამაკლესო! ცხვარი და ხარი იქით იყოს და თურმე ერაყში 10 ათასი ქართველი ყოფილა გადახიზნული. ნეტავ რატომ? რა არის ერაყში ისეთი, რამაც აიძულა ქართველი გადახვეწილიყო? სტაბილურობის თვალსაზრისით ვერ გვჯობია, წყლის რესურსებითა და ბუნებით... პასუხი მინდა და ვერ ვპოულობ! ტრამპი ამაზე არ მეტყვის არაფერს, სამაგიეროდ, მის პირდაპირ ჩართვაზე კრეატიულობით გამორჩეულ კომენტარებს დავწერთ: "არა ომს, გაუმარჯოს ღომს!" "ბარემ ბევრი ხართ აქა და ვაქირავებ ოროთახიან იზოლირებულ ბინას მეტროსთან ახლოს, ფასი შეთანხმებით!" - აი, ეს ჩვენი გამოხდომები ტრამპს ისე არ აღელვებს, როგორც მე "ნაცქოცობის" ფართიფურთი წინასაარჩევნოდ, მაგრამ აუდიტის დასკვნა, რომ ც ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს ვადა გაუვიდა და უნდა გადავყაროთო, ამან ფრიად ამაღელვა! მაგის ვადის გასვლას ბევრი ჩინოვნიკის "გაღმა" გასვლა მერჩივნა, მაგრამ ჩემს რჩევაზე სადაა! "გაღმა" თუ არა, ვირის აბანოში კი უნდა იყოს ბევრი ახლა ბაკურიანისა და გუდაურის წყალმომარაგების უვარგისობის გამო, მაგრამ არაა ჩემს ნებაზე, არც თქვენს ნებაზეა, მკითხველო!

ვინ უნდა ავირჩიოთ, ამ წელს რომ იქნება არჩევნები? აგერ, მამუკა ხაზარაძე ტელეეთერიდან გვამუნათებდა, მე ამოდენა მონსტრს, "ქართულ ოცნებას" შევეჭიდე, ძალიან ცოტა მიდგას გვერდით, არა და 45 ათასი კაცი მარტო საბანკო სისტემაში მუშაობს მარტოო! ამდენ ხალხს "ფეისბუკტროლებმა" და ბოტებმა როგორ უნდა აჯობონ, მით უფრო, მე ანაკლიის პორტის აშენება-დამშვენება მინდოდა, რომელსაც ახლა ხელიდან მაცლიან, რადგან რუსეთს და მის კაცს, ბიძინას არ აწყობს ესო! ვიღაცამ კი მიაძახა, "ბორჯომი" ვის მიჰყიდე, ბიჯო, არ დაგავიწყდესო, მაგრამ ტელევიზიის სტუდიაში ხაზარაძეს ეგ არ გაუგონია და რომც გაეგონა, არა მგონია, პასუხი მიეცა! ხაზარაძის საპირისპირო უთქვამს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, არანაირი რუსეთის კაცი არაა ბიძინა, ყველა ფულის კაცია, ვინც პოლიტიკაში არის ან მოსვლას გეგმავსო! ეს თუ ასე თქვა, მე ვეთანხმები ბატონ გირჩს და თქვენი არ ვიცი! ჰო, კიდევ, მამუკა იმასაც დარდობდა, კიბერშემოტევა რომ იყო ჩვენზე, საგამოძიებო ორგანოებს მივაწოდეთ ყველანაირი ინფორმაცია, მაგრამ სახელმწიფოს ფეხებზე ჰკიდია თავისი მოქალაქეების ბედი, სხვა თუ არაფერი, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანის პირადი მონაცემებია ჰაკერების ხელშიო! ანუ, ბატონო ხაზარაძე, თქვენც გაქვთ 2 მილიონი ადამიანის ყველა მონაცემი? ნეტავ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ისარგებლებს ამ ხალხით, ის ციფრული მეკობრეები თუ სხვა ვინმე? ბედნიერი ადამიანი მე არ მინახავს, რომელსაც საბანკო სექტორთან აქვს კავშირი, მიუხედავად იმისა, ფული იქით მოგაბარათ თუ აქეთ მოაბარეთ! მოკლედ, თემის გაშლა მეტად აღარ მინდა, თავადაც კარგად იცით ყველაფერი...

დიეტაზე აღარ მინდა ლაპარაკი, "პროვოკაციის" დასაწყისში რომ ვახსენე, აღარც პიროტექნიკაზე, აი, ლიტერატურათმცოდნეობაზე მაინც ვიტყვი ორიოდე სიტყვას. "ფეისბუკზე" არჩილ თალაკვაძეს მიაწერეს რაღაც ლექსი, ოდა ბიძინასადმი, რომელიც ელვის სისწრაფით აიტაცეს უსაქმურებმა და "საქმიანმა" ოპოზიციამ, შეხედეთ, რით ერთობა პარლამენტის თავმჯდომარეო! თანაც დაამატეს, გახარიას მოხსნის ახლა ბიძინა და პოეტ-პარლამენტარს დაგვასვამს თავზეო! გახარიასთვის ნაკლები ტრაგედია იქნება, თუ პრემიერობიდან წავა, მაგას პოლიტიკაში მოსვლამდეც აწყობილი ჰქონდა ცხოვრება; თალაკვაძესაც არ აქვს სადარდებლად საქმე, სხვა თუ არაფერი, თავს ლექსების წერით მაინც შეიქცევს, მაგრამ მაჭუტაძესა და დავითაიას რა უშველით?!

პ.ს. 2020-ის არჩევნებისთვის თუ განვიხილავთ სიტუაციას, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო 100%-იანი მხარდაჭერა, რას გამოიწვევს ეს ყველაფერი? "ქოცები" სიამაყით დაწყდებიან, "ნაცები" - დარდით და მთელი ხელისუფლება "პატრიოტებსა" და "ლელოელებს" დარჩებათ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს