გვემული ხაბეიშვილი და ნეტავ ისევ დაბრუნდებოდნენ მიშა, სოსელო და შევარდნაძე! - კვირის პალიტრა

გვემული ხაბეიშვილი და ნეტავ ისევ დაბრუნდებოდნენ მიშა, სოსელო და შევარდნაძე!

გასულ კვირაში თბილისის საკრებულოში იყო ტყეპაი საკვირველი. ნაცმოძელმა ხაბეიშვილმა ილაპარაკა, ილაპარაკა, ილაპარაკა და ქოცებმა თავში წაუთაქეს. იმდენი ასი ლარი ჩემს საბანკო ანგარიშებს, რამდენ ადამიანსაც ხაბეიშვილის გვემა გაუხარდა, მაგრამ ეს საკრებულო ცემა-ტყეპის არენაა? ისევ ტატამია, კაცო, ეს ქვეყანა?!

ოპოზიციის იარაღი ლაპარაკია. ხაბეიშვილს რა დანიშნულება აქვს, თუ არ იკამათა და არ გამოიწვია ხელისუფლება? ვიღაც წერდა, მაგან ის პრემიად აღებული კოლოსალური თანხა დააბრუნოს და მერე იტლიკინოს კალაძესა და ბიძინაზეო... კიდევ გამაოცებენ არაერთხელ მე ეს ორნაწილად დაყოფილი ქართველნი. გასაგებია, "ნაციონალურ მოძრაობას" უთვალავი სიცუდე აქვს ნაკეთები, მაგრამ პასუხისმგებლობის ორიოდე ადამიანზე შეხოცვა კმარა? ათასჯერ მითქვამს, ქართულ პოლიტიკურ პლაცდარმზე "ნაცქოცობის" გარდა არავის აქვს ლიდერი პოზიციები და ვიდრე ერთი იარსებებს, მეორის არსებობაც გარანტირებულია-მეთქი. წარმოიდგინეთ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ გამოაცხადოს თვითლიკვიდაცია, რა ელოდება "ქართულ ოცნებას"? ან რომელიღაც ოპოზიციური ძალა უნდა გაძლიერდეს, ოპონირების რეჟიმისთვის იმდენად, რამდენადაც ახლა "ნაცმოძი" ან მისი ხურდა გამონაყოფებია, ან თავად "ოცნებაში" უნდა "გამოიჩეკოს" ახალი ოპოზიცია. ახალი ოპოზიციის ჩეკვის პროცესი, დიდი ხანია, დაიწყო, ხან ბესელია გავიდა "პოზიციიდან", ხან ჭიჭინაძე, მგონი ჟორჟოლიანიც, ძიძიგურიც და ჩუგოშვილიც, მაგრამ მაგათ არავითარი პერსპექტივა არ აქვთ. ვფიქრობ, ერთადერთი, ვისაც ახლა თუნდაც თემატური ოპოზიციონერობის დიდი პოტენციალი აქვს, არის კალაძე რამდენიმე ფაქტორის გამო - ახალგაზრდაა, ევროპულ სპორტულ (და ალბათ არა მარტო სპორტულში!) წრეებში იცნობენ, აქვს ფინანსურად მყარი მდგომარეობა, თანაც იდეოლოგიურადაც გაზრდილია და იმასაც ამბობენ, თბილისში კაპიტალურად რაც კეთდება, ყველაფერს აკონტროლებს ხარისხის თვალსაზრისითო. თუ თბილისში კარგად კეთდება რაღაცები, ამას დაუმატეთ ელექტორატულად გუბერნიებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი მშობლიური იმერეთი, ეს უკვე ცოტა არაა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ვნახოთ, როდის ან თუ საერთოდ ააფრიალებს პოლიტიკური ამბიციების ეტრატს დიდი ქალაქის ახალგაზრდა მერი!

ხაბეიშვილის ცემა-ტყეპას უნდა დავუბრუნდე ისევ. აგრესია, რომელიც ოპოზიციის მისამართით გამოიხატება, დაგმო ვოლსკიმაც კი.

ხელმარჯვე "საკრებულოელი ქოცები" ალბათ დაიტუქსებიან, რად არ თოკავთ მოჭარბებულ ემოციებსა და ფიზიკურ ძალებსო, მაგრამ ეგ მტყეპავნი რომ არსებობენ, მხოლოდ ხაბეიშვილზე ძალადობით გავიგეთ! კიდევ, ვიღაც საკრებულოს წევრის შესახებაც სკანდალის საშუალებით გავიგეთ... მოკლედ, "ქოცებს" საკადრო პოლიტიკაში ძალიან უჭირთ და დიდი გადარჩევებიც დაიწყება პარტიის შიგნით! იმედია, ახლა მაინც აირიდებენ აგრესიულ და გაუწონასწორებელ ტიპებს სახელისუფლებო შტოებში, თორემ გაგევსო, ბატონო ბიძინა, პარტია ურეიტინგო ხალხით, ისევე, როგორც ჭიჭიკიას ნაზიკიას გაევსო ერთ დროს საწოლი ფეხებით! ცივი გონებით თუ განვსჯით ხაბეიშვილის ტყეპას, მოგებული ისევ "ნაცმოძელი" ჩაგრული დარჩა - წამოაგო პროვოკაციაზე რამდენიმე "ქოცი", თვალნი იგი დაიბუშა და დემონსტრაციულად აჩვენა ქვეყანას, რამდენად არასტაბილური ხალხი ჰყავს თბილისის საკრებულოში "ქოცებს"! ბატონმა ლევანმა ეს ფაქტი ისე კარგად ასწია დუღილის მაქსიმალურ დონემდე, რომ კორონავირუსიც დაგვავიწყა და პროკურატურის საკითხებიც, თუმცა, გონიერ ხალხს ვირუსისა და მთავარი პროკურორის გამო უფრო უნდა ედარდებოდეს, ვიდრე საკრებულოს უმარილო "რაზბორკები" და "ხელი გაწი, ბიჭო"! "ნაციონალებზე" კიდევ მაქვს ერთი სათქმელი. ხუთნომრელები გაჰყვირიან, ამერიკა წერილს წერილზე გვიგზავნის, ვინ არიან ეს "ქოცები", რას ძალადობენო. მე მაგ წერილებისა უკვე აღარ მჯერა ერთი მიზეზის გამო! თუ განწყობა აქვთ ნეგატიური, 7 მილიონი რად მოგვცეს დამატებით ახლა, განათლების დაწყებით საფეხურს მიხედეთ, თქვე საწყლებოო?!

პ.ს.სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთი ლექსი, რომლის გაცნობა მინდა თქვენთვის. "რადგან ბიძინა ასე ნავარდობს, აშშ-ს კარი კარგად ჩარაზეთ, კონგრესმენებს კი მინდა რომ ვუთხრა, ბიძინა არის ჩვენი მამამზე! საქართველოში იბადებოდნენ და მერე მუდამ სწუხდნენ ამაზე, ეჰ, ნეტავ ისევ დაბრუნდებოდნენ მიშა, სოსელო და შევარდნაძე!" ფეისბუკპოეზიის შედევრს კი გაეცანით, ანალიზი კი თქვენთის მომინდვია, მკითხველო!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს