გოცირიძემ დაგვიბარა, მოვიდა კორონავირუსი და მღვდლებმა "ადნაროზვკებით" აზიარეთ ხალხიო - კვირის პალიტრა

გოცირიძემ დაგვიბარა, მოვიდა კორონავირუსი და მღვდლებმა "ადნაროზვკებით" აზიარეთ ხალხიო

ღმერთმა დალოცოს დიდებული წარსულისა და მომავლის ჩინეთი არა იმის გამო, რომ ფაიფური, ქაღალდი, კომპასი და ათასი რამ მოიგონეს, არამედ - კორონავირუსიც მაგათგან დაიძრა! წარმოიდგინეთ, სამყარო რომ შექმნა ღმერთმა, ყველაფერი დანარჩენი - ჩინელებმა, ეს კორონავირუსიც რომ არ ყოფილიყო "მეიდ ინ ჩაინ", რა პროზაული იქნებოდა ჩვენი ბოლო კვირების ცხოვრება! ხაბეიშვილის ცემა არაა იმდენად რეზონანსული, რომ დიდხანს გვესაუბრა მასზე, არც საპროტესტო ტალღების ნიშნები ჩანს სადმე და აბა, გოცირიძის ნათქვამი, "ადნაროზვკებით" აზიარონ მღვდლებმა მორწმუნენიო, რამდენ ხანს გვეყოფა უსაქმური ფიქრების გასართველად? ამიტომაც ვლოცავ ჩინეთს!

ჯერ იყო და აგრესიული სათაურებით დაზაფვრა დავიწყეთ სოციალურ მედიაში: "გარდაიცვალა პირველი კორონავირუსიანი", "კიდევ იხოცება ხალხი გრიპით", "დასავლეთ ევროპას უტევს კორონა", "რუსეთმა არ მისცა კორონავირუსით დაავადებულ მგზავრებიან თვითმფრინავს აეროპორტში დაჯდომის ნება" და ათასი ამგვარი, რომელსაც დაემატა ჩვენს საავადმყოფოებსა და კლინიკებში მიმართვიანობის გაზრდა, რაც კიდევ ერთხელ თავში ხელის შემოლაწუნების საფუძველი გავიხადეთ! რომელიღაც რეგიონში ერთ კლინიკას მეტი პაციენტის დატევის საშუალება არ ჰქონია და შემდგომი მიმმართველისთვის უარი რომ უთქვამს, ამაზე დაყრდნობით ვიღაც მოცლილი "ფეისბუკზე" გაჰკიოდა, იმ კლინიკაში კორონავირუსიანები არიან და კარანტინიც გამოაცხადესო! ოდესმე ჭკუა არ უნდა ვისწავლოთ? ვითომ რატომ გვიყვარს ეს დრამატიზება და ტრაგიზმით გაჯერება ამ მოკლე ცხოვრების? მიშას დროს რომ უზარმაზარი საავადმყოფოები დახურეს, მის ნაცვლად "სპიჩკის კოლოფები" ჩადგეს, მაშინ არ აკივლებულხართ და ახლა არაკორონირებულ ხალხს დაგვაცადეთ მშვიდად რომელიღაც სხვა ტიპის ვირუსების დამარცხება! თანაც, თქვენ გავიწყდებათ, რა დრო გვაქვს გამოვლილი? კუბაღლინჯოიანი პური გვიჭამია, წყალი ათასი ფლორა-ფაუნით შეგვისვამს და ეს ვირუსი რას დაგვაკლებს, თუნდაც მოაღწიოს აქამდე! გახსოვთ, ქათმის თუ ღორის გრიპით რომ გვიწინასწარმეტყველა მიშას ჯანდაცვის მინისტრმა, მსოფლიო ამოწყდებაო? ამოვწყდით? არა! ამიტომაც, ჯობს, გავჩერდეთ და მშვიდად დაველოდოთ "იმენნა" ჩინელების გადაწყვეტილებებს! თანაც, 48 საათში ეგენი 10 ათას კაცზე აშენებენ საავადმყოფოს, პლუს, სულ ფეხებზე ჰკიდიათ, რას დავწერთ მაგათზე, რადგან ქართველი "ფეისბუკზე" პოსტავს, იანძი და ხუანხე კი თავის გზაზე მიდის! ბარემ თემატურად მივაყოლებ აქვე, მიშა უკრაინელმა რომ დახურა საავადმყოფოები, ეგებ "ქოცებმა" გახსნა-შენება დაიწყოთ! ერი კიდევ უფრო მეტად გადაგვიბერდა და გადაბერებულ ერს მეტი საავადმყოფო რომ ესაჭიროება, მე უნდა გითხრათ მაინცდამაინც?!

77 ათასი ბავშვი რომ შიმშილობს ამ ქვეყანაში (არასრულფასოვან კვებას ვამბობთ, თორემ საქართველოში თითქმის ყველა ღარიბი რომ მსუქანია, ეს ცალკე თემაა!), ამასაც მიხედვა უნდა, ბატონო მთავრობავ! არ მიხედავ და აგერ გამოსულა ჩვენი აღნაგი და თვალწარმტაცი ახალი პოლიტიკოსი, მისი ბრწყინვალე ფინანსური უწარსულესობა მამუკა ხაზარაძე! გრიგოლ გეგელიას პირით განუცხადებია მამუკა ბატონს, ბავშვთა შიმშილობა არის პრობლემა, რომელიც მმართველმა პარტიამ ვერ მოაგვარა. მოვალთ ჩვენ ხელისუფლებაში და სიმაძღრე-ნაყროვანებით გავაბრწყინებთ საქართველოს, რადგან ლელოს დავდებთ მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის მხარდაჭერითო! კარგი, რა, ბატონო მამუკა! ეგრე გვპირდებოდა ყველა და მერე, სკამებზე რომ წამოსკუპდნენ, არც ჩვენი ფინანსური სიდუხჭირე ახსოვდა ვინმეს და არც სხვა გასაჭირი! მითხარი, ახლა შენ რატომ უნდა გენდოთ?..

ახლა კი ვეტყვი მათ, ვისაც ეხება: შეეჯიბრეთ ერთმანეთს მდიდრები და ბოლოს ეს ქვეყანა მხოლოდ ერთ მუჭა ხალხს დაგრჩებათ, და რაც ამ ქვეყანაში იქნება შეუხვრელ-შეუსმელი, ეგ ოხრად მოგხმარდებათ, დამიჯერეთ, ყოფილ პოლიტიკოსებსაც, ახლანდელებსაც და მომავლებსაც, რომლებიც საკუთარი ჯიბისთვის იბრძვიან და არა ქვეყნისთვის!

პ.ს. "ნაციონალური მოძრაობა" 4 თებერვლიდან აქტიურ საპროტესტო აქციებს რომ აანონსებდა, ვფიქრობ, არ გამოუვათ, რადგან: 1. ხალხის უმნიშვნელო ნაწილსაც აღარ სჯერა მიშასგან მიტოვებულობის; 2. მოსალოდნელია არახელსაყრელი ამინდი აქციებზე სასიარულოდ; 3. ფულს აღარავინ იმეტებს "პროტესტანტების" შესაკრებად; 4. ხალხს "ფეისბუკზე" ურჩევნია პროტესტი, რადგან რუსთაველზე ვინ დაგითმობს ეგრე იოლად მიკროფონს? შენს "ფეისბუკზე" კი წერე რამდენიც გინდა... 5. ჰო, მეხუთე პუნქტი თავად დაამატეთ, "ნაციონალურ"-საკრალურ რაოდენობამდე რომ ავიდეთ!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს