მიშას ლოდინი საქართველოში იგივეა, რაც წყლის ნაყვა, ანუ ბანაკი გუბაზთან ერთად - კვირის პალიტრა

მიშას ლოდინი საქართველოში იგივეა, რაც წყლის ნაყვა, ანუ ბანაკი გუბაზთან ერთად

დაზუსტებით ვერ გეტყვით, ლაგოდეხის მერმა ფართომასშტაბიანი პიარტექნოლოგია კარგად იცის თუ ცუდად, მაგრამ დაღლილი გუთნისდედის მიერ ბუჩქებში გადაგდებული უღლით კურდღლის მოკვლისა არ იყოს, მთელი საქართველო კი აგვალაპარაკა! მშვენიერი კაცი ყოფილა ლაგოდეხის მერი, ბევრსაც უყვარს თურმე, არც ფულების მოღუნვითაა დაკავებული და უბრალო ადამიანების გვერდითაც ხშირად დაინახავთო - ეს მისასალმებელია, მაგრამ ვიდრე მისი ფოტოშოპირებული ფოტო არ დაიდო "ფეისბუკზე", მის შესახებ არც ავი ვოცოდით, არც კარგი! ახლა ისიც ვიცით, რომ ლაგოდეხს კარგი მერი ჰყავს და ისიც, რომ ნიჭიერი ფოტომეიკერები ისეთივე დეფიციტშია, როგორშიც კარგი მასწავლებლები, ექიმები და პოლიციელები!

ლაგოდეხის მერმა დაგვავიწყა 4 თებერვალს დაანონსებული უზარმაზარი საპროტესტო ტალღაც, რომლის განხორციელებას აპირებდა "ნაციონალური მოძრაობა". ათასჯერ მითქვამს, ათასმეერთესაც არ დაგზარდებით და განვაცხადებ:

1. "ოცნება" მანამდე არ გამოიღვიძებს, ვიდრე მისი არსებობის მთავარი გარანტი "ნაცმოძი" არსებობს;

2. ვიდრე "ნაცმოძი" თვითლიკვიდირდება, მანამდე "ოცნება" სტაბილურად იარსებებს, თუნდაც შელახული რეპუტაციით;

3. არსებული ოპოზიციის სპექტრი სრულად უშლის ხელს ახალი, ჯანსაღი ოპონენტის გაჩენას, რომელიც ან ტონუსში მოიყვანს "ოცნებას", ან გაუშვებს წარსულში.

4. "ნაცმოძი" ვერასდროს დაბრუნდება, რადგან ხალხის უმეტესობას არ უყვარს! 5. "ოცნება" წელსაც უმრავლესობით შევა პარლამენტში, მხოლოდ იმის გამო, რომ არ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი ოპოზიციას!

ამის წაკითხვის მერე, დარწმუნებული ვარ, არაერთი მიშას მომლოდინე დამიძახებს "მენტალურ ქოცს", მაგრამ მიშას ლოდინი საქართველოში იგივეა, რაც წყლის ნაყვა! მითქვამს მე თქვენთვის, დაბალი რგოლის "მიშისტებო", დროზე დაანებეთ მაგ მაღალი კაცის ჩამობრძანებაზე ოცნებას თავი, თორემ ერთი ეგ ჩამოვა აქ, მეორე მე გავხსნი კოოპერატივს მარსზე! მერე რა, რომ გპირდებათ, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შტაბს ვხსნიო?! ამბობს: მაოხრებელი ივანიშვილი, ბრიყვი თალაკვაძე, ბოროტი წულუკიანი, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი, გათავხედებული მექრთამე კალაძე და უამრავი სხვა კიდევ არარაობა ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და ჩამოვალ, რათა მოუსავლეთის გზას გავუყენო ეგენიო, მაგრამ თავად ჩამოუსვლელ-მოუსვლელი, ნეტავ რაზე დაყრდნობით ბაქიბუქობს ჩვენი დროის მიუნჰაუზენი? ეგებ და ის გაიმედებთ, ნიკავიზიის ხელიდან თუ ეთერიდან მიკროფონგავარდნილი ზალიკო უდუმაშვილმა რომ ბრძანა, საპროტესტო ტალღა, რომელიც იქნება ქვეყნის შიგნით, დარწმუნებული ვარ, გაძლიერდება გაზაფხულზეო. ეგრე, ჩემო ზალიკო, თქვენ არ გამოგელიათ გაზაფხული და შემოდგომა, ზამთარი და ზაფხული ბოლო 8 წელია! ბიძინას ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟისთვის, ეგებ და დავით ბაქრაძის იგავმიუწვდომელი რეიტინგიც გამოიყენოთ, რეიტინგი თუ არა, ჩანგალი მაინც!

და მაინც, გვერდი ვერ ავუარე ჟრიამულა სააკაშვილის პათოსურ განცხადებას,ემს რესურსს, ყველა ჩემს კონტაქტს, ადამიანურს, პოლიტიკურს, ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ ეს უბედურება სწრაფად გადაილახოსო. ჩაგეკითხები, ბატონო მიხეილ, მაგას რით აპირებ? შენი საბიბლიოთეკო შტაბიდან, გუბაზის შემწეობით? აი, ჯერ ხომ ძალიან ცუდი რეიტინგი გაქვს, ჩემო უკრაინაში გადახვეწილო და ახლა გუბაზმა სულ მოგიღო ბოლო! უნდა გაკეთდეს დიდი ზეპარტიული მოძრაობა - პოლიტიკური ბანაკიო, განაცხადა სანიკიძემ და მაგას ცალკე დავუსვამ კითხვას, ზეპარტიული ბანაკის შექმნა შენ პარლამენტში ძილი და გემრიელი ჭამა გგონია? შენ რა ალიანსი უნდა შექმნა მიშასთან, ადამიანო, როცა კალანდაძე, ჩიორა და სხვა "პალეონაცები" მიშას პოლიტიკური ასპარეზიდან მიდიან, რამეთუ იდეალებს და ღირებულებებს ღალატობს პარტიის ლიდერიო! ასეთ აზრზე მყოფ "ნანაცარებს" ვეტყვი, რომ არც ადრე აკლდა ქსენოფობია და ღირებულებათა ღალატი თქვენს ლიდერს, მაგრამ მაშინ სახელმწიფო თქვენთვის "იწველიდა" და რა, გიჟები იქნებოდით, რძე წყალზე გადაგეცვალათ?!

პ.ს. წარმოვიდგინე, რომ მიადგეს გრიგოლ ვაშაძე ბიბლიოთეკაში მიშას და უთხრას: შოლოხოვის "წყნარი დონი" ან ოსტროვსკის "კაკ ზაკალიალას სტალ" მომაწოდეო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს