ნაპრეზიდენტალი მარგველაშვილი ბიძინას ბექგრაუნდით, ანუ ბატონო "ქოცებო", თქვენ ხომ არ გიჟუილებთ?! - კვირის პალიტრა

ნაპრეზიდენტალი მარგველაშვილი ბიძინას ბექგრაუნდით, ანუ ბატონო "ქოცებო", თქვენ ხომ არ გიჟუილებთ?!

ავშენდით და ეს თქვენ არ იცით, რადგან არ უყურებთ "იმედს". ასევე, დაქცეულიც ვართ და ესეც არ იცით, რადგან თქვენ არ უყურებთ "მთავარ არხს"! მინდა, მოგახსენოთ ჩვენი "აშენება-დაქცევების" ამბავი! ევროპაში რაღაც რეზოლუცია ჩაგვივარდა თურმე, ეს ერთი დაქცევის აგური.

მოგეხსენებათ, ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ლოდი, რომელიც მშენებლებმა კედლისთვის დაიწუნეს, საძირკველში ჩააგდეს. ვეცადე და "გავაპრავე" ის რეზოლუციის ჩავარდნა. მეორე აგური, ოღონდ არ ვიცი, დაქცევისა თუ შენებისა, კალაძემ სტყორცნა სამადაშვილს თუ რომელიღაც "ნაციონალ" ქალბატონს, ვიდრე შენი სახელი არ ვახსენეთ, მანამდე არ შეგვიშვეს ევროპაშიო. მესამე დიდი აგური გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტის მხარდაჭერა აღმოჩნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს სოლიდარობაო! ეს ის გერმანია არაა, ვისი თაოსნობითაც ნატოს ღია კარი მოგვიხურეს ცხვირწინ არცთუ ისე დიდი ხნის წინ? ჰო, ბარემ იმასაც მივაყოლებ, რომ პირველი მარტიდან გერმანიის შრომითი ვიზები გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც ისეთი კომპეტენციები აღმოაჩნდებათ, რომლებიც გვჭირდება და ორწლიანი პროფესიული განათლება მაინც ექნებათო! საქართველოში კიდევ მოკლევადიანი პროფესიული კურსები აქვთ გავლილი ადამიანებს და ასე რომ, მაინცდამაინც ბევრს ნუ ვიფიქრებთ ბუნდესტაგური წარმომავლობის ევროების მოგროვებაზე!

და მაინც, მე სხვა აგურზე უნდა ვილაპარაკო ახლა. ორთოდოქსმა "ქოცებმა" განაცხადეს, ნაპრეზიდენტალი მარგველაშვილი რომ ბობოქრობს, მაგას დაავიწყდა, არავინ იყო და ბიძინას ბექგრაუნდით გახდა პრეზიდენტიო?! სხვისი არ ვიცი და მე ეს ფაქტი ძალიან კარგად მახსოვს; ისიც მახსოვს, პრეზიდენტობისას როგორ გალამაზდა დუშელი გიორგი - წვერი გაიპარსა და ელეგანტურადაც ჩაიცვა, მერე იყო პატიმრობიდან ვიღაცების საეჭვო შეწყალებანი და რა მოვახერხოთ, რა ვქნათ, თუ პრეზიდენტმა თავისი შესაძლებლობა გამოიყენა სანათესავოსთვის?! რას ამბობთ, სხვა დანარჩენი "ქოცები" არ გამოიყენებდნენ თავიანთ მანდატს?!

პოლიტიკოსები კი არა, საჯარო სკოლის დირექტორებიც რომ აცხადებენ ვაკანსიებს თუნდაც საქმისმწარმოებლის პოზიციაზე, იქაც თვალნათლივია ინტერესების გამოკვეთა! რას ვერჩი ამ დირექტორებსაც, ისეთი დაბალი ხელფასები აქვთ, რომ არა სკამისმოყვარეობა, მანდ უმეტესიც არ გაჩერდებოდა და ახლა ის მაინც ვაპატიოთ - ხელქვეითებს თუ მაინც დანიშნავენ! დირექტორებს ახლა თავიანთი თავი გასჭირვებიათ, სასერტიფიკაციო გამოცდები აქვთ წინ, მაგრამ "ქოცებს" რა ეჩქარებათ არაპოპულარული განცხადებების კეთება? ერთს დაუწერია, გიორგი მარგველაშვილი იმ ვირს ჰგავს, ქრისტე დიდებით რომ შეაბრძანა იერუსალიმად და გზაზე დაყრილი პალმისა და ბაიების რტოები თავის სადიდებლად ჩათვალაო. ახლა მომისმინეთ, ბატონო "ქოცებო" - თქვენ წულაიას ტერმინოლოგიით გეტყვით, გიჟუილებთ თუ რას წერთ და ლაპარაკობთ? ქვეცნობიერში ქრისტეს ადარებთ ბიძინას? არა მგონია, ბიძინას ახლა ისე უჭირდეს, ვერ მიხვდეს თქვენს მკრეხელობასა და მაამებლობის სიმდაბლეს! ვფიქრობ, ამ სიძულვილის ენით "ფეისბუკ"-პოსტვის გამო, მინიმუმ მაძღარ საყვედურს მიიღებთ და ეს ჩემი ბრალი არ იქნება, იქნება თქვენი რადიკალური ქლესაობის ბრალი! სახელმწიფოდ შედგომა თქვენ გინდათ იმით, რომ მუდმივად ილანძღოს "ნაციონალები" და მორჩა?! არაა ეგ ჩვენი ცხოვრებისთვის მთავარი. არც გიგის რე-პატიმრობაა ჩვენი მოთხოვნა! ის მილიონები, რომელიც ხალხს ეკუთვნოდა და შეიკვრიხა, მისი დაბრუნებაა ხალხისთვის მთავარი. და არა მარტო გიგისეული მადაა, განსჯაა ახლა მთავარი, ეგებ "ქოცებისა" და "ნაქოცრების" ნაჭამ-ნასვამიც დროზე ამოქექოთ... ისე, მილიონობით თანხა რომ "გადაიღუნება" და შერჩება ხალხს, მაგის გამო "სანატორიუმში" რამდენიმე წელი ჯდომა კი ღირს!

ძალიან სასაცილოები კი ხართ! თქვენივე პარტიის წევრებს და რჩეულებს, ზუგდიდის მერი იქნება თუ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე, ბევრად მეტს უსჯით მცირედისთვის, ვიდრე პოლიტიკას ამოფარებულ "ნაციონალებს"! ნეტავ რატომ? ალბათ გინდათ, რომ ევროპასა და ამერიკაში ვიღაცებს აამოთ!

"ნაციონალებს" იქ ჰყავთ მხარდამჭერი რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებიც მაინც იმას ამბობენ, რითაც უნიათოები ჩანხართ და ბარემ, დასასჯელები დასაჯეთ! ეს თქვენი ამომრჩევლის მოთხოვნაა და არა "ნაცმოძთან" ჩახუტებული ათიოდე დასავლელი პერსონის! "ფეისბუკზე" რომ გაჰყვირით, აქაოდა, ირმა ნადირაშვილი თუ რომელიღაც მაღალი რანგის "მიშისტი" წართმეულ მიწა-წყალს ფლობს და ასევე, სხვის სახლში ცხოვრობსო, ვერ თარგმნით ორიოდე ევროპულ ენაზე და ვერ ააფრიალებთ ევროპა-ამერიკაში, როგორ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ამორალური პოლიტგაერთიანების დედები და მამები? თუ ფაქტები არ გეყოფათ მაგათ "გასაშავებლად", მე მოგაწვდით, რამდენსაც ინებებთ, ოღონდაც, თარგმნას ნუ მომთხოვთ - განსაკუთრებულად ჩემი ფრანგული ისეთივე მდარე იქნება, როგორიც სალომეს ქართული! აღარ გვინდა ახლა ლინგვისტური თავის მოჭრანი, გვყოფნის დემოკრატიული გაწითლებაც მზის დასალიერის მხარეში!

პ.ს. აგურებზე ვსაუბრობდი "პროვოკაციის" დასაწყისში და ახლა ოდნავ შევცვლი სამშენებლო მასალის თემას და მოწოდებას დავწერ: პოლიტიკოსებო, წელს არჩევნებია და ორი ქვა ხელთ უნდა გეჭიროთ და მესამეს თვალით ეძებდეთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს