"ჭორვილური ავტორიტარიზმი" და არდასავიწყებელი მერაბიშვილი, ანუ (გ)იგი წავა და სხვა მოვა - კვირის პალიტრა

"ჭორვილური ავტორიტარიზმი" და არდასავიწყებელი მერაბიშვილი, ანუ (გ)იგი წავა და სხვა მოვა

ადრე ვწერდი, გამოვა მერაბიშვილი ციხიდან, მაგრამ ორიოდე დღეში არავის ემახსოვრება მისი არც შესვლა, არც გამოსვლა-მეთქი. ასეც მოხდა. ვიდრე ციხეში იყო, მთელი "ნაციონალური მოძრაობა", თავისი "ასკოლკებით", ერთ ხმაში გაჰყვიროდა, ამოდენა პოლიტიკური მოღვაწე, ჩვენი პარტიის თავი და ბოლო, სახელმწიფოს ხერხემალი ვანო პოლიტპატიმარიაო! ბუნებრივია, "მიშისტებს" ეს მოთქმა სჭირდებოდათ იმისთვის, რომ დემოკრატიული დასავლეთისთვის დაეხატათ "ჭორვილური ავტორიტარიზმი", რასაც მშვენივრად ახერხებდნენ კიდეც, მაგრამ თავისუფალი ვანო უკვე თავად გახდა "ნაცმოძის" დამოკლეს მახვილი. აქაოდა, ერთ წელში დავამხობთ "ოცნების" მთავრობასო და ამას ზედ დაერთო კვესიტაძის წამოცდენა - ვიმახსოვრებთ, ვინც ჩვენი მოწინააღმდეგეა და რუხ მასაში შეთქვეფას ვერ მოასწრებენ, ისე გავთქვეფთ ძვალსა და რბილშიო! ციტირებას არ ვახდენ, ბუნებრივია, მაგრამ მელიებს რაც ესიზმრებათ, ის აგონდებათო, გაგიგონიათ ალბათ ეს ანდაზა! ჰო, ბატონო და ქალბატონო "ნაცებო", მთავრობის დამხობაც გინდათ, თქვენი მოწინააღმდეგე ხალხის ამოხოცვაც, მაგრამ მიშასეული ფრთიანი სიტყვა მახსენდება, - ვერ მოგართვეს! თუ ვანოსა და კვესიტაძის ნათქვამების ასეთი ახსნა არ მოგეწონებათ ვინმეს, მე ნუ შემომედავებით, ედავეთ ზიგმუნდ ბიძიას, ფროიდს, რომელმაც ბრძანა, წამოცდენა ყველაზე დიდი სიმართლეაო. მე კიდევ, წამოცდენის გარეშე მოგახსენებთ, რომ ვანოსგან ეროვნულ და წამებულ სახეს ვერ შექმნით, ვერც მწამებელს, რადგან ის დიადი მიშას რთულ მექანიზმში მხოლოდ შემსრულებელი მექანიკური ნაწილის სტატუსით არსებობდა და ახლა ნურც "ქოცები" დაიწყებთ მის კვალდაკვალ დროშების ფრიალს. გასაგებია, ძალიან ცოტა ხანს იჯდა "სანატორიუმში" (გინახავთ, ვინმე ასე გამშვენებული გამოსულიყოს ციხიდან, როგორც ვანო გამობრძანდა?!), მაგრამ ესეც მოჰკითხეთ მსხვერპლად აღიარებულ ახალი დროის სასამართლოსა და პროკურატურას! მართალია, მოსალოდნელია, ვანო ისევ შეაბრუნონ ციხეში გიგისებრ, მაგრამ ეს რას ცვლის?! (გ)იგი წავა და სხვა მოვა, ადგილსა სამთავრობოსა და ისევ შეიჭმება ხალხის ფული, რომლის ხალხისთვის დაბრუნებაზეც არავინ იფიქრებს... მერე დასავლეთიდან ან სენატორი მოგვწერს უსტარს, ან - კონგრესმენი: თქვენაო, პოლიტიკურ დევნაში ამყოფებთ პოლიტიკოსებსო!.. აი, ჩემი ნება იყოს, კი ვატარებდი მოუსავლეთის გზებზე მაგ ყალთაბანდებს, მაგრამ ვის ხელთაა ეს ნება?! მე ვიცი, შენც იცი, მკითხველო, მაგრამ ვინაა მიმხედავი?!.

P.S. ანეკდოტს თუ ვინმე ელოდებით "პროვოკაციის" ბოლოში, იმედი უნდა გაგიცრუოთ... უბრალოდ, წარმოვიდგინე, ამ წლის შემოდგომაზე ვანო მერაბიშვილმა ახალციხიდან "კამაზით" კარტოფილი რომ ჩამოიტანოს გასაყიდად, მერე კი ფული "ნაციონალურ მოძრაობას" წააშველოს საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს