კაცი ლეგენდა, რუსთა და ვირუსთა დამთრგუნველი, სააკაძის ტოლფასი ოდესის ექსგუბერნატორი და... სუხიშვილები? - კვირის პალიტრა

კაცი ლეგენდა, რუსთა და ვირუსთა დამთრგუნველი, სააკაძის ტოლფასი ოდესის ექსგუბერნატორი და... სუხიშვილები?

კორონავირუსის გამო მეგონა, მეტ აღშფოთება-შეშფოთებას გამოვხატავდით, მაგრამ ოდეს ყოფილა აქამომდე, ქართველს რეალური საფრთხე აშინებდეს? დავდივართ საზღვარგარეთ, ვაცემინებთ და "ფეისბუკით" ვგზავნით სხვადასხვა ტიპის განმაკურნებელ შელოცვებსა და რეკომენდაციებს. მაგალითად, ზოგი გვეუბნება მდუღარე წყალი ყლაპეთ ყოველ 15 წუთშიო, ზოგმა "ჩესნოკი" არ გამოილიოთ მანქანაში, საკვებსა და სასმელშიო, ვიღაც გამოთაყვანებული უარესად გამოთაყვანებული რუსი ბებოების ჯგუფურ ვიდეოსწავლებას ამრავლებს ინტერნეტით, დაკუჭული ქაღალდი ჯერ სამჯერ აღმოსავლეთით დაატრიალეთ, მერე დასავლეთით და ბოლოს თავზე შემოიტარეთო! მაგათზე გამახსენდა ერთი ჩინური ანდაზა, თხას წინიდან ერიდე, ვირს უკნიდან და რეგვენს ყველა მხრიდანო! თხა და ვირი არ მაშინებს, ეს სირეგვნეა დაუმარცხებელი და რა გზას დავადგე, მაგას ვეძებ ახლა გამწარებით!

ვიდრე ჩვენ კორონას გამო ვღლიცინებთ, ამასობაში ამირან გამყრელიძის შვილსაც შეხვდა ეგ ვირუსი და თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი მიშმოძრაობა "აღშფრთოვანებული" (ესაა ახალი სიტყვა, რომელიც აღშფოთებას გამოხატავს გარეგნულად, შინაარსობრივად - გაბოროტებულ გახარებას!) შეხვდა ამ ფაქტს. ეგ კი არა, ვიღაც წითელპომადიანი ემიგრანტი ქალი წყევლიდა "ოცნებას", ეგებ პირწმინდად გაგწყვიტოთ ვირუსმა, რომ მერე მაინც მიხვდეთ, ვინ მოიძულეთ, კაცი ლეგენდა, რუსთა და ვირუსთა დამთრგუნველი, სააკაძის ტოლფასი ოდესის ექსგუბერნატორიო!

ამასობაში ამ ჩვენ (ვი)რუსთმმუსვრელს სუხიშვილები აკითხავენ და გაურკვეველი სკულპტურის წინ იღებენ ფოტოებს. აი, ეგაა ერის ჭირი რომ ჭირად მიგაჩნიათ, მოცეკვავესაც, პოლიტიკოსსაც და გიჟ-ჭკვიანსაც! რა სკულპტურის გარშემო ხორხოცი აგიტყდა, მიშა ბატონო! შენი მეხოტბენი ვენებს იხსნიან შენზე ნატვრაში, შენ კიდევ ხელოვნების ნიმუშებს იგროვებ უკრაინაში, ეს სიდაური წესია?! უთხარი ამ შენს ფანებს, რომ აღარ გელოდონ, თორემ ათენ-აღამებენ შენს ამაო ლოდინში, თან ეს გვარამიაც რომ აგიჟებს ისედაც ჭკუიდან შეშლილებს, არ გეცოდებიან? მანდედან დამოძღვრასაც დაანებე თავი, ადამიანო. აქეთ "ქოცებს" ვეტყვი, რომ შენს ცხრას და ამათ რვას, მოვა დრო და სხვა ვინმე მოგკითხავთ, თან - მკაცრად! გგონიათ, თქვენი ერთმანეთზე "გრეხების" წამოძახება ეყოფა ამ გაღატაკებულ ქვეყანას? არამც და არამც!

მკითხველო, თუ უსმენთ ამ უმსგავსო ხალხის დაყენებული სახით დამოძღვრებს, პროპორციული თუ მაჟორიტარულიო, ვითომც მაგით გვქონდეს გადარჩენის ბოლო შანსი! ყველა მათგანი იყო ხელისუფლებაში, მაგრამ რა აკეთეს? ახლა მხოლოდ იმაზე არიან გაფაციცებულნი, რაც შეიძლება მეტი მანდატი დაითრიონ საპარლამენტოდ, რომ მერე კიდევ რამდენიმე წელი გვარიგონ ჭკუა! აი, დედის ვალს გადაიხდით, საქართველოს და ბანკებისასაც, მიკროსაფინანსოებისაც, ამ პოლიტიკოსებისას კი ვერა და ვერა! თან, რაღაც ისეთი ტენდენცია შეინიშნება, რომ საპენსიოდ გამზადებული პოლიტიკოსები შვილებს გვიტოვებენ მემკვიდრეებად, აბა, სხვას ვის აქვს ქვეყნის მართვის გენეტიკური უნარები, თუ არა ამჟამად "თავგადაკლული" პოლიტიკოსების შვილებს?! არ დაგიმალავთ და ადამიანები მაგ "მომავალ" პოლიტიკოსებს დედებს აგინებენ და თუ გიღირთ, ბატონებო, ჩემი რა მიდის?! მე ვითომც დამავიწყდა ის მოარული და ფრთიანიო ფრაზა, უსინდისოს რომ აფურთხებდნენ სახეში და ის კიდევ გაიძახდა, რა თბილი წვიმა მოდისო...

მთავარია, ახლა ეს კორონა დავამარცხოთ და მერე ოპოზიცია-პოზიციაც დამარცხდება და ხალხი გაიმარჯვებს, მე ასეთი გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ.

ისე, მეც რა სახარების კითხვის სურვილი მომეძალა ამ მგლების თავზე, მგონი მორალისტი უფრო გავხდი ამ ბოლო დროს, ვიდრე პროვოკატორი!

პ.ს. პოლიტიკოსს ეკითხება ერთი ამომრჩეველი, შენ რომ აგირჩევთ, რას მოგვცემ სანუგეშოსო? არა მარტო სანუგეშოს, არამედ პერსპექტივასაც გაგიჩენთ ახლავე, აიღე ეს საზამთრო, გული შენ ჭამე, ქერქი ვირს აჭამე და მარცვლებია თუ კურკები, საგაზაფხულოდ შეინახეთ, გაზაფხულზე დათესავ და იმდენ მოსავალს მიიღებ, 12 ქორწილს რომ გადაიხდიო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს