"განუმეორებელი მიშა", კორონა და ლენინი - კვირის პალიტრა

"განუმეორებელი მიშა", კორონა და ლენინი

რა სარგებლობა მოაქვს კორონას? ჩემი აზრით, ათანაბრებს: ამერიკელს და ირანელს, იტალიელს და ქართველს, არაქრისტიანს და ქრისტიანს, მილიონერს და ღარიბს, განათლებულს და უვიცს, ათეისტს და ფანატიკოსს. კორონა ათანაბრებს. ასეთი რამე კორონას და ჩვენს მიშას შეუძლია მხოლოდ! უბრალოდ, არდასაყენებელმა ბიძინამ არ დააყენა საქართველოში, თორემ ვიქნებოდით ახლა ზესახელმწიფო! ჩინელებზე მეტი დემოგრაფიულად, ეკონომიკურად - აშშ და სოციალურად - ლუქსემბურგი... მაგრამ ვინ დააცადა ჩემს განუმეორებელს?! ახლა, როცა სამყარო კორონას საშიშროების გამო აზრზე მოვიდა, ისევ მიშასეულ გამოცდილებაში ჰპოვა გამოსავალი! აი, სკოლებში სწავლა რომ შეწყდა, დისტანციური სწავლების დირექტივა მიიღეს სკოლებმა, ესეც ხომ მიშასეულია?! მიშა გვასწავლიდა და გვმოძღვრავდა უკრაინიდან დისტანციურად, ახლა მასწავლებლები გახდებიან პატარა "მიშები" და დამოძღვრავენ ბავშვებს!

თავის დროზე ჩვენ ავაშენეთ 140-ზე მეტი კლინიკა, საქართველოში არის 2000 ხელოვნური სუნთქვის და ფილტვების ვენტილაციის აპარატი, ეს არის რამდენჯერმე მეტი ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე, მაგალითად, უკრაინაში, შედარებისთვისო, ბრძანა მიშამ და დაამატა, - ჩემს ბიბლიოთეკაში მიდით და წაიღეთ, რაღაცები გვაქვს შეგროვებულიო! ჰო, ისიც თქვა, ლუგარი ჩემი მეგობარია და მისი სახელობის ლაბორატორიის აშენება-დამშვენებაც ალბათ არაერთმა მიითვისაო! ეს არაფერი, მე კი ვიცი, როდის და როგორ აშენდა ეს ლაბორატორია, მაგრამ ის მაინტერესებს, თავად მიშას თუ სჯერა თავისი ნალაპარაკევის?

მიშა წარსულია, რომელიც ხშირად გვახსენებს თავს, მაგრამ შეძლებისდაგვარად, მიშა გახდა ნიკა გილაურიც. მართლა უცნაურია ეს სამყარო! ხელისუფლებას სთავაზობს ანტიკრიზისულ ფორმულას, უსირცხვილოდ! ეგ კაცი არ იყო ჩვენს მთავრობაში?.. დამდგარიყო და გამოვეყვანეთ კრიზისიდან, მარტო თავად რომ გამოძვრა გასაჭირიდან და ერთ-ერთ ბანკს ჩაებღაუჭა ირიბად თუ პირდაპირ! ეს ის ბანკია, არარსებული და ხელმოუკიდებელი ფული რომ მიაპროცენტა "სამი თვის გადავადების" სახელწოდებით, ამ გასაჭირის დროს მოსახლეობას კიდევ ერთი-ორი სხვა ბანკის მსგავსად. ეგებ მე მეშლება და ზეცა მაბრმავებს კრიალა? მაშინ, თქვენ თვითონ აღდექით, ბატონებო, ბანკებისა თუ საფინანსო უწყებათა მესვეურებო, და მარქვით ომახიანად, რომ ვტყუი! იცოდეთ თქვენ, გაუმაძღარნო ფულითა, საქართველო ამ გასაჭირსაც გადაიტანს და თქვენ, ვერცხლისმოყვარე ფარისევლებო, ვითომც ხალხზე ზრუნვით მილიონებს რომ იგროვებთ, ისე ვერ შეხვალთ სასუფეველში, როგორც ნემსის ყუნწში ვერ გაეტევა აქლემი! თუ ეს იგავური ნათქვამი ვერ გაიგეთ, მაშინ დაუბრუნდით "პროვოკაციის" პირველ აბზაცს და ეგებ მიხვდეთ: არც აქამდე წაუღიათ ამ ქვეყნიდან რამე, ვერც თქვენ წაიღებთ!

პოლიტიკოსები წყალს წაუღია, საგანგებო მდგომარეობით დაზაფრულ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი მედიკოსები, რომლებისთვისაც ჯერ მხოლოდ ტაში გავიმეტეთ, მაგრამ ეს ტაში ჯობს იმ "ჭუჭყიანი ხურდების" მოგროვებას, მთელი ცხოვრება რომ ემსახურებიან პოლიტიკოსები და "ფინანსური მამები"! ახლა იმ ნარატივს არ შემოგთავაზებთ, ამ კორონამ უფრო ადამიანურები გაგვხადაო! ვინც ადამიანი იყო, ადამიანად დარჩა, ვისაც ჩარჩული ტვინი ჰქონდა, ახლა მოდიფიცირებულად გვატენის თავის "ქველმოქმედებას", ვიყიდოთ ტელევიზორი, ბრინჯი ან სულაც ავტომობილი სახლიდან გაუსვლელად! აი, განსაკუთრებით, სუპერმარკეტების ერთი ქსელის თავკაცი რომაა, მაგისმა ვიდეომიმართვამ დამცა და აღარ ამაყენა: თქვე უმადურებო, მე ხალხი მყავს დასაქმებული, ვასმევ, ვაჭმევ და იაფად გატანთ პროდუქტებს, მაგრამ უმადურებო, ვერ ხედავთ, როგორ ვიღვწი თქვენთვისო! აი, ნოსტრადამუსს რომ აქვს ნათქვამი, 21-ე საუკუნეში ორი ქველმოქმედი გადაარჩენს სამყაროსო, ალბათ ერთი იმ ორიდან ეგ კაცი იქნება, აბა, მე რა ქველმოქმედი ვარ? კვირაში ერთხელ დავწერ "პროვოკაციას", ხან პოლიტიკოსებს ვუშლი ნერვებს, ხანაც - ბიზნესმენებს...

P.S. არსებობს მოარული თქმა, როგორ მოახდინა რევოლუცია ლენინმა... პროლეტარიატს მიმართა ბელადმა: გინდათ არაყი, ლუდი და ღვინო? პასუხი იყო დადებითი. ლენინმა დასჭექა, - ეგ ყველაფერი ზამთრის სასახლეშიაო! - და გაისმა "ურა!", აიღეს მთავრობის სასახლე... ჰოდა, ფული რომ შემოაკლდება ხალხს, მერე აღარავის გაუკვირდეს, მშივრები ბანკებს თუ მიადგნენ!..

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს