მიშას პოლიტიკური ხარაკირი, გახარია და ისევ გუბაზი... - კვირის პალიტრა

მიშას პოლიტიკური ხარაკირი, გახარია და ისევ გუბაზი...

თურმე როგორ ვცდებოდი, როცა ვიძახდი, მიშა და "ნაციონალური მოძრაობა" წარსულია, მომავალს მივხედოთ-მეთქი! მიშა თავისი მავნებლური აზრებითა და იდეოლოგიით ისევ ფორმაში ყოფილა, მისთვის სულერთია, სად იქნება: საქართველოში, უკრაინასა თუ დასავლეთ ევროპაში, ყველა მხრიდან მტრობს სამშობლოს. ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ, ზოგიერთი ადამიანი იმედგაცრუებას იმდენად ვერ ეგუება, რომ მთელი ცხოვრება შურისძიებაზეა გადასულიო და ეგებ ესაა, ბატონო მიხეილ, თქვენი მავნებლობის მიზეზი? ეგებ არც გინდათ, მაგრამ სხვაგვარად არ ძალგიძთ?

აი, "მიშმოძრაობას" სათანადოდ რომ არ მოეთხოვა პასუხი, ამიტომაა გულმაგრად შაშკინი სააკაშვილის ბიბლიოთეკიდან, მერაბიშვილი ციხიდან გამოსვლისას და უგულავა "სანატორიუმში" შესვლისას. რა გახდა ერთი წესიერი პროკურატურა, წესიერი სასამართლო და წესიერი პოლიტიკის კურსი ყველა იმ სფეროში, რომელიც გასაცოდავებულ ქვეყანას მალამოდ დაედებოდა ამდენ ნატანჯ სულზე? გახარიას, აქამდე თვალთხარიას რომ ეძახდნენ, გარდა პოლიტიკური ჯიბრით დაბრმავებული ადამიანებისა, ყველა აქებს. თუ არ აქებს, სწორად აფასებს მაინც. ვინ იფიქრებდა, თუ ეს პრემიერი ასეთი მაგარი იქნებოდა? გაიხსენეთ მისი წინამორბედები, რომელი შეედრება სიტყვით, საქმით ან თუნდაც საქციელით? ვერც ვერავინ. ეგ კი არა, ტარიელ ხარხელაურმაც კი ისე მიმართა, როგორც შვილს და მოუწოდა, ასე გააგრძელეო... მერე გახარიას ვერაფერი დააკლეს "ნაციონალებმა", ხარხელაურს სიტყვის მადლი დაუწუნეს, აქაოდა, რად შეასხა ხოტბაო. ვიღაც პოეტად წოდებულს კი ისეთი პოსტი გამოუცხვია "ფეისბუკზე", მის ნაცვლად ძალიან შემრცხვა, თუმცა ამიხსნეს, ეგ მიშმადიდებელია და არ გიღირს ნერვიულობადო. აღაც ვნერვიულობ და აღარც არაფერი, უბრალოდ, ზუგდიდის ინციდენტს უნდა შევეხო რამდენიმე სიტყვით. "ნაცმოძის" შვილობილ ენჯეოს პირბადეები და რაღაც ხსნარები ჩაუტანია სამეგრელოს მთავარ ქალაქში და დღისით, მზისით, არიგებდნენ დადიანების სასახლის წინ (ნაკლები გვარის და ნაკლები შენობის წინ რომ დაერიგებინათ, ძარღვებში წერეთლებისა და ბაგრატიონების სისხლი გაუჩერდებოდათ ვითომ?), ვიდრე ეს არ შეამჩნია ერთმა კარგმა და განათლებულმა ზუგდიდელმა, სოციალურ სივრცეში არ დადო ფოტოები, მანამდე არავინ აღმოჩნდა განგაშის ზარების დამრისხებელი! ბოლოს, მოგეხსენებათ, ეს ენჯეო დააჯარიმეს კიდეც, მაგრამ ახლა უნდა უყურო შიშით, ვინმე ზუგდიდელს 10-ოდე დღეში კორონა არ აღმოაჩნდეს და ახალი კლასტერი არ გაგვიხდეს თავში სახლელი! თანაც, თუ მიაქციეთ ყურადღება, აბჟღვიალებულ პერანგში გამოწყობილმა ნაპრეზიდენტალმა სააკაშვილმა გამოაცხადა, იქაურმა პოლიციამ ვერ დაიცვა წესრიგი, თორემ ოდეს ყოფილა "ნაციონალებს" და მის მხარდამჭერებს ქვეყნისთვის ცუდი სურდათო! პირადად მე, ერთი კითხვა მინდა დავსვა: ბიბლიოთეკა სააფთიაქო ბაზაა? ან საიდან გქონდათ ეს პირბადეები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რომ აპირებდით დარიგებას? ეჭვი გამიჩნდა, სააფთიაქო ქსელებიდან დიდი პარტიებით გაზიდეთ და ახლა პოლიტიკური ქულების ჩაწერას გეგმავთ! რაც "ქართულმა ოცნებამ" დაგაკლოთ, ის თქვენსავე თავს თავად გამოუწერეთ - პოლიტიკური ხარაკირი. თანაც, ხომ ხედავთ, აგერ ეს "უნიათოები" როგორ უმკლავდებიან კორონას, რომელმაც უზარმაზარი სახელმწიფოები დააჩოქა! ღმერთმა გაახაროს იმნაძე, ეზუგბაიაც, ცერცვაძეც, კულუმბეგოვიც და ნებისმიერი, ვინც ახლა ჩვენს სახელმწიფოს პულსს 24-საათიან რეჟიმში უსინჯავს და არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს არ ანებებს ამ ვერაგ დაავადებას! ეგებ ისიც დავინახოთ, როგორ უჭერს სახელმწიფო მხარს ემიგრანტებს. თავად ემიგრანტებიც როგორ ყოჩაღობენ და ერთმანეთს აშველებენ ხელს!

P.S. გუბაზ სანიკიძეზე მინდოდა რაღაც დამეწერა, მაგრამ რაღა უნდა დაწერო მაგაზე, აპოკალიფსს რომ ხატავს რომელიღაც დაბალრეიტინგიანი ტელევიზიის ეთერიდან და თავად ღაღადებს თავის თავზე ისეთი სახით, თითქოს არსებობასაც გვამადლიდეს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს