შენ მოგეცა, ბიძინა, მიშმადიდებელთა ცოდვა! - კვირის პალიტრა

შენ მოგეცა, ბიძინა, მიშმადიდებელთა ცოდვა!

კაცის კაცი ისევ კაცის კაცის ადგილზე, ანუ ტელევიზორმაყურებელთა ორი ჯგუფი

შენ მოგეცა, ბიძინა, მიშმადიდებელთა ცოდვა! მაგ ასი მილიონის გარეშეც გადავიტანდით როგორმე გაჭირვებას! ხედავ, რომ სულ შემოიხიეს ტანზე სამოსი "ნაციონალებმა"? შენი ერთი კარგი ქმედებაც კი შურითა და მწუხარებით ავსებს ამ საცოდავთა კლასტერს და გვაწიწკნიან მოთმინების უკანასკნელ რესურსს!

საკადრო პოლიტიკა, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს, საკრიტიკოა და არც ხელს დავაკლებ ხოლმე მაგას, მაგრამ როცა ხელისუფლების შეცდომებს უყურებენ "გაერთიანებული" ოპოზიცია, ნეტარებით კრუტუნებენ კამერების წინ, კარგი თუ რამე გამოუვიდათ "ქოცებს", ეგრევე ზიზღით ევსებათ გული, სული, გონება და მეტყველება, მერე მაგათ გაბოროტებულ საქციელს ჩვენ უნდა ვუყუროთ და მრავალ ხმაში უნდა მოვიხსენიოთ პოლიტიკოსები თავიანთი ოჯახებით, სხვა რა ძალა გვაქვს?! არ მითხრათ ახლა, არჩევნები და მისი ჯანიო! ჯერ ასარჩევიც ბევრი არავინ გვყავს და მერე, რომც ვირჩევთ, არავინ იცის, როდის ვის რა "ეტკინება", ან "სასწავლებელში" წავა, ან სულაც "ვირის აბანოში" და, არჩევნებიდან არჩევნებამდე ვუყურებთ საცოდაობას, როგორ ცვლის კაცის კაცი რომელიღაც თანამდებობაზე ისევ კაცის კაცს! მაგალითები უხვად გვაქვს ახლო წარსულში: ონის, თერჯოლისა და ქუთაისის მერები წავიდნენ. ონსა და თერჯოლას თავი დავანებოთ რამდენიმე წუთით, ქუთაისს, ამოდენა ქალაქს რომ აარჩევინეს ჭიღვარია, "ქართულმა ოცნებამ" არ იცოდა, ვინ წარუდგინეს ასარჩევად ხალხს? ამოდენა რესურსი დაგიხარჯავთ (ფინანსური და ადამიანური ძალისხმევა) და მხოლოდ იმისთვის, რომ ერთ დღეს "აკადემიურ საქმიანობას გავაგრძელებ" მოსასმენად? სხვისი არ ვიცი, მე ჭიღვარია მხოლოდ იმით მახსენდება, პორტრეტი რომ დაახატვინა ვიღაცას და სასაცილოდ აიგდო თავი. აჰ, არ გინდათ ახლა იმის მტკიცება, წილები არ ჰქონია წინამორბედებივით, ქალაქში რაღაცები კეთდებოდაო... კორუმპირებულებს თუ აჯობა, საქმე თუ გაკეთდა ხალხის ფულით და ამის ცქერასა და მენეჯმენტში ხელფასიც აიღო, მადლობელი უნდა დავრჩეთ? უბრალოდ, საჭიროა მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როცა მოდიხარ თანამდებობაზე და მერე მიდიხარ! პასუხი უნდა ალბათ ქუთაისელ ამომრჩეველს, - ჩემი ნდობის მანდატი რომ მოგეცი, ბატონო ჭიღვარია, ის მანდატი სად წაიღეო?! - მაგრამ ახლა დუმილს ოქროს ფასი აქვს ნამერალის მხრიდან! აი, ეგ რომ გამოვიდეს და საჯაროდ თქვას წასვლის ნამდვილი მიზეზი, სავარაუდოდ, მერე ის "აკადემიური საქმიანობაც" ცარიელი ტაქსივით ჩაუვლის გვერდით და ვფიქრობ, ის პორტრეტიც ოხრად დარჩება...

თუ მართალი ხარ, ხარ ძლიერიც, თუ რამე დააშავე, მოგეხსენებათ, შიში დამნაშავის ფსიქოლოგიაა და ჯერ არაფერი გაუკეთებია დაშინებულებს ამქვეყნად ღირებული! კიდევ ერთიც მინდა ვთქვა - კომუნისტების დროიდან მოყოლებული, სულ თავს გვამადლიან პოლიტიკოსები, მასწავლებლები, აგრონომები და, ასე განსაჯეთ, სრულიად უსაქმურნიც კი! მოკლედ, ნურავინ დაამადლის თავს ქვეყანას, ნებისმიერი ჩვენგანის გარეშეც მომართავენ სახელმწიფოს, ქალაქებს, სოფლებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს შემდეგაც დაწერს ვიღაც "პროვოკაციებს"!

ზემოთ, პროფესიათა ჩამონათვალში შეგნებულად არ დავასახელე ექიმები. მოკლედ, დღეს რომ ჩვენი ეპიდემიოლოგები არა, ბევრი მედიკოსი მოჰყვებოდა კრიტიკის ქარცეცხლში. და არ გეგონოთ, არგუმენტის გარეშე დავწერდი რამეს. რახან თეთრხალათიანებს დღეს გამყრელიძე-ცერცვაძის "კლასტერმა" ნდობის მანდატი გაუძლიერა, ისევ ხელოვან ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ეგენიც ისეთივე დამნაშავენი არიან ქვეყნის დაქცევაში, როგორც მე და თქვენ! ქვეყნის დაქცევაა, აბა, რა ჯანდაბაა, რაღაც მდარე კლიპს რომ გამოფენთ და მერე შოუს დაწუნებას ბულინგად რომ ასაღებთ? ორიოდე "ქოცგამპრავებელმა", რომლებიც არაფრით განირჩევიან "მიშა მაგარიას" და "ორი ბილეთი სოხუმამდე" "გამპრავებლებისგან", მანამდე აქეს და ადიდეს ეს ვოკალურ-ინსტრუმენტული ფინაჩობა, ვიდრე "ზემოდან" არ თქვეს, ჩვენ არანაირ კავშირში (არც თავში!) ვართ ამ კლიპთანო!

P.S. საქართველოს მოქალაქეები ყოველ დილა-საღამოს ტელეეკრანებთან ორ ჯგუფად ვიყოფით. ერთ დიდ ჯგუფს გვიხარია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის მატება, მეორე ჯგუფს ენა აქვს ჩავარდნილი და იმედგაცრუებას ხან ეკლესიის კრიტიკით გამოხატავს, ან სულაც პირბადეების ხარისხზე მსჯელობით... იმედგაცრუებულებს თანაგიგრძნობთ. თანაგიგრძნობთ მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის წარმატება თქვენს უბედურებად მიგაჩნიათ!

P.S.S. #დარჩისახლში

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს