პასუხი მიშმადიდებლებს და მიჰას მეორედმოსვლის მომლოდინენი - კვირის პალიტრა

პასუხი მიშმადიდებლებს და მიჰას მეორედმოსვლის მომლოდინენი

წინა "პროვოკაციაში" დავწერე, ბიძინას ასმა მილიონმა მიშმადიდებლების ფრიადი გაღიზიანება გამოიწვია-მეთქი და გგონიათ, ვცდებოდი? სამი ძახილის ნიშნით (!!!) დარეგისტრირებულმა მკითხველმა დააკომენტარა: "ქოციანობის მერვე წელს ქოცებმა 8 წლის წინანდელი ხელისუფლების კრიტიკა კიდევ უფრო გააძლიერეს. მიშმადიდებელიო!!! რა სასაცილოდ ჟღერს ეს ტერმინი ქოცპროვოკატორის ბაგიდან თუ კალმიდან, მით უფრო, "ტვ ნადეჯდაზე" ლაშა ნაცვლიშვილის გამაოგნებელი ტირადის შემდეგ". და უარესიც დამიწერა ვიღაც ორთოდოქსმა ნაციონალმა: "ვითომ პროვოკატორო, სინამდვილეში ქოცმაქებარო!!!! ესე გეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა, ვერ ხედავდე, რამდენი რამ გაკეთდა 9 (სისხლიან) წელიწადში და რამდენით უკან წავედით თითქმის იგივე დროში, მხოლოდ იმიტომ რო ვერაფერს მიაღწიე და იმ "სისხლიან" წლებს აბრალებ შენს უნიჭობას".

ამ ბატონებს (ან ქალბატონებს) პასუხი უნდა გავცე. ვიცი, დიდი ამბით ელოდებიან და მოლოდინს ვერ გავუცრუებ, რამეთუ ამათთვის პასუხის გაცემა ყველა მიშმადიდებლისთვის პასუხის გაცემაა და თან, გაურკვევლობაში არ მინდა დარჩნენ! ას მილიონს თავი დაანებეთ, ამდენი კოჰაბიტირებული თანაპარტიელი რომ გაქოცდა, პურის ფული აქვთ და გაყუჩებული სხედან მიჰას მეორედმოსვლის მოლოდინით, ეს ცოტაა?! და კიდევ ერთს დავძენ, მოლეკულურ ფიზიკაში არსებობს ტერმინი "იდეალური აირი". ეს ისეთი შემთხვევაა, როცა აირში მოლეკულებს მოცულობა არ აქვს და მათი არსებობა მხოლოდ შეჯახებისას მჟღავნდება. ასე ხართ, თქვენც, ბატონო "ნაცებო", თუ ვინმემ თქვენი მავნებლური წარსული შეგახსენათ, მაშინვე იწყებთ დაჯახებას და გკლავთ დარდი, ეს "პროვოკატორი" პარლამენტართა სიაში არ ვიხილოთო! ვაი თქვენ, სკამზე მეოცნებე, პოლიტიკური პერსპექტივის უქონელებო! სულაც არ არის პარლამენტარობა ძნელი, რადგან მაქვს შესაბამისი უნარები - შესანიშნავი მადა მაქვს და არც ისე ცუდად მძინავს! მეტი რა ესაჭიროება პარლამენტარს?! მწვანე და წითელ ღილაკსაც შესანიშნავად ვარჩევ, მოვა პარტიული დირექტივა "ვოცაპზე" და იმის მიხედვით დავაწვები მეც ღილაკს! ჰო, ვერც იქ მოვიშლი თქვენს (და არა მარტო თქვენს!) კრიტიკას და ამიტომ ისევ აქედან მოგიშალოთ ჩონგურის სიმებივით აწყობილი ნერვები, გაერთიანებულ თუ დაშლილ პოზიცია-ოპოზიციას! მოკლედ, დაწყნარდით ახლა, პარლამენტარობის შანსი არანაირად არ მაქვს, არც მსურს და ისევ თქვენს ბელადს უნდა მივუბრუნდე. აი, ლურჯ მაისურში გამოშვანცკული რომ გვილოცავდა უკრაინიდან აღდგომას, თან პრეზიდენტის ბიბლიოთეკაზე მინიხანძარს არტემიდას ტაძრის დაწვის ტოლფას ფაქტად რომ გვასაღებდა. მართალია, ვერაფრით იჯერებს ხალხი, რომ ეგ ბიბლიოთეკაა, ზოგიერთებს მხოლოდ პირბადეებისა და სადეზინფენქციო საშუალებების საწყობი ჰგონიათ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, დაწვა ცუდი საქციელია და ამას გამართლება არ აქვს!..

ისე, ძალიან ბევრი დრო დავხარჯე ვიღაცების შეგონებებზე. ნათქვამია, კედელს ცერცვი არ უნდა შეაყაროო, მაგრამ გული არ მითმენს, ზოგიერთების მენტორულ ტონს არ ვუპასუხო! აი, მავანებს ახლა კიდევ ახალი სისულელე აქვთ ჩაფიქრებული: ექიმი რატიანი კარგიაო, აი, ცერცვაძე და იმნაძე არაო! ექიმების გუნდში გინდათ განხეთქილების შეტანა, თქვე ზომბებო? არ გამოგივათ, ახლა მაინც დამიჯერეთ!

პ.ს. ააშენა ღმერთმა ჩვენი ექიმების ოჯახები. ვფიქრობ, კარგად (ვერ) ვართ, რადგან აღდგომას ისევ იმაზე ვმსჯელობთ, აღდგაა სწორი თუ აღსდგა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს