"გაღლეტილი" ვანო, "პოსეიდონ" ცერცვაძე და... რატომ მგონია გვარამია ბიძინას ხელის ბიჭი? - კვირის პალიტრა

"გაღლეტილი" ვანო, "პოსეიდონ" ცერცვაძე და... რატომ მგონია გვარამია ბიძინას ხელის ბიჭი?

პროვოკატორის ბლოგი

ვანოს პოლიტიკური პერსპექტივის დასამარება, ეჭვი გვარამიაზე და ლუგარის ლაბორატორიის პასუხი

საკვირველია გზანი უფლისანი და "ნაციონალებისანი". აი, ვანო მერაბიშვილის საკვირველი გზის შესახებ მინდა ვისაუბრო დღეს. ადრე მიშამ თქვა, როგორი გაღლეტილიც ჩამოვიდა მესხეთიდან და ისეთივე გაღლეტილია; მამამისის "კამაზი" რომ არა და ჟენია მერაბიშვილის პედაგოგიური ხელფასი, შიმშილით სული გასძვრებოდაო. რა ფულს "აკეთებდა" ეს "კამაზი" ასეთს, ეს გამაგებინეთ, რა კომერციულ ტვირთებს ეზიდებოდა, რომ ასე კარგად აცხოვრებდა ვანოს?! ან ის მაინც გვითხრას "ხერხემალმა", დედამისს რა პენსია აქვს ასეთი? რა სიმბოლურია ეს პენსიის საკითხიც "ნაციონალური მოძრაობისთვის", მიშას ოღონდ ბებიის პენსია შეეწეოდა, ვანოს კი - დედამისისა...

გვარამიაზე დიდი ხანია, არაფერი დამიწერია ერთი მარტივი მიზეზის გამო. მძიმე მდგომარეობაშია მისი ფსიქიკა, ტვ "ნადეჟდაც" ეყოფა პოლემიკისათვის-მეთქი და კვირაცხოვლობისას ისეთი ამბები დაატრიალა ნიკამ "მთავარში", ვერ ვითმენ და პირდაპირ ვადანაშაულებ ბიძინას ხელის ბიჭობაში! გვარამია მერაბიშვილს ეკითხება დაახლოებით ასეთ რამეს, - შენ როგორც "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების პასუხისმგებელმა პირმა, რა გააკეთე იმისთვის, რომ ბიძინა არ მოსულიყო ხელისუფლებაში, რატომ დაუშვი პირველი ოქტომბერიო? ვფიქრობ, ვანოს პასუხის კონტექსტი ასეთი იყო: პატარკაციშვილივით მოგვეკლაო?! გვარამიამ "ჩაუსწორა", ბადრისავით არ უნდა მოგეკლა, მაგრამ რამე ხომ უნდა გექნაო... ეგებ ეს მოსაზრება ჩემი ინტერპრეტაციაა, მაგრამ ჯიუტად მჯერა, ბევრჯერ ინანეს "ნაციონალებმა", ერთი ტყვია რომ არ დაახალეს ჭორვილელ მილიარდერს და არ შეინარჩუნეს ძალაუფლება უკუნითი უკუნისამდე!

ახლა კი ისევ იმაზე გეტყვით, რატომ მგონია გვარამია ბიძინას ხელის ბიჭი! ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუთი ერთი ხელის (უფრო ენის) მოსმით საბოლოოდ მოსპო "ხერხემლის" პოლიტიკური იმიჯი და პერსპექტივა! რად უნდა ბიძინას ნაცვლიშვილის პათეტიკური, არაფრის მაქნისი პიარი და ან კიდევ "ნეოქოცთა" მაამებლური ბაასი? წელიწადში ერთხელ ვანოს გამოსვლა და, "ქოცთა" ხელისუფლებაში ყოფნა გარანტირებულია!

თუ ვინმე გამოხვალთ და მეტყვით, 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს რომ გავუშვით მოუსავლეთში "ნაციონალური მოძრაობა", რაღად ვიხსენებთ ასე ხშირადო? - პასუხიც მარტივია: 1. "ქართულ ოცნებას" ჰაერივით სჭირდება დისკრედიტირებული ოპოზიცია იმისთვის, რომ დიდხანს იყოს ხელისუფლებაში, და 2. "ნაციონალურ მოძრაობას", თავისი განშტოებებით, პრეტენზია აქვს პოლიტიკაში მობრუნების. ახლა მკითხველმა მითხრას, თუ რამეს არასწორად ვამბობ. ერთი ფაქტია, რომ არაჩვეულებრივად აძლებინებენ "ნაცები" "ქოცებს" და - პირიქით... ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მოგეხსენებათ (არც პირდაპირი, არც ირიბი მნიშვნელობით) და, ჩვენც ვოცნებობთ იმაზე, რომ ერთ დღეს გამოვიღვიძებთ და ნორვეგიაზე უკეთეს სახელმწიფოს დაგვახვედრებს ივანიშვილი; "ნაციონალურ მოძრაობასაც" აქვს თავისი ოცნება - ოცნება, ოდესმე "ჰამოვიდეს მიჰა", მაგრამ ნაპრეზიდენტალ სააკაშვილს ახლა უკრაინაში უნდა თავისი კარიერის მოწყობა, ამისთვის არც პოპულიზმს ერიდება, არც "რუსეთთან ურთიერთობების დამლაგებლობას"; დემოკრატიულ დასავლეთთან კიდევ ნაცნობობას ისე გვაყვედრის, თითქოს მისი შექმნილი იყოს მთელი სამყარო!

არ შემიძლია, გვერდი ავუარო ჩვენი ექიმების სიყოჩაღეს. მთელი სამყარო აქებს და ადიდებს ჩვენს ინფექციონისტებს, მაგრამ ვინმე გურული ოკეანის გადაღმიდან ჭკუას გვასწავლის, არ დაუჯეროთ "ბებერ პოსეიდონ" ცერცვაძეს, არც რატიანს და ეზუგბაიას, ეგენი არასწორად მკურნალობენო... იყოს არასწორი მეთოდი, შედეგი იყოს კარგი, მთავარი ესაა! ვიცი, ვიღაც მეტყვის, არასწორი მეთოდით კარგ შედეგს როგორ მივიღებთო, და მეც ვიტყვი, - სწორი მეთოდი რომ არის, იმიტომაცაა კარგი შედეგი, სხვას არც რას ვგულისხმობდი! სოციალური პოლიტიკის შესახებ შემდეგ "პროვოკაციაში" მოგახსენებთ, ახლა ვერ ვიტყვი ყველაფერს. გვერდს ვერ ავუვლიდი ვანოს კვირაცხოვლობის დროინდელ ინტერვიუს, ვერც ჩვენი ექიმების ღვაწლს დავჩრდილავდი!

P.S. ლუგარის ლაბორატორიაში რიგითი "ნაციონალი" გზავნის შარდს ანალიზზე. რას მიხვდებიან ეგენი მაინცო, და ურევს ერთმანეთში საკუთარს, ცოლის, ქალ-ვაჟის შარდს და ბენზინს. ერთ კვირაში მიიღო დასკვნა: თქვენ შაქარი გაქვთ მაღალი, თქვენს ცოლს - ცილები აქვს მომატებული, თქვენი ქალიშვილი სრულიად ჯანმრთელია, ვაჟს გადატანილი აქვს ვენერიული დაავადება და ბენზინი, რომელიც შარდში შეურიეთ, გაიაფებამდე გაქვთ ნაყიდი...

იხილეთ ასევე: ნიკა მელია: "მერაბიშვილმა მძიმე შეცდომები დაუშვა, არ ვიცი, გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ რა ძალამ გააჩერა კაბინეტში"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს