"ქართული ოცნების" სლოგანი: "დავიჭიროთ და გამოვუშვათ "ნაცები" - მაშ, რას ერჩით სალომეს? - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" სლოგანი: "დავიჭიროთ და გამოვუშვათ "ნაცები" - მაშ, რას ერჩით სალომეს?

მოგეხსენებათ, "ქართული ოცნება" როცა მოვიდა ხელისუფლებაში, არაერთი დემორალიზებული და დაბალრეიტინგიანი პარტია გამოაცოცხლა პარლამენტში "მიწვევით". გაგახსენებთ მხოლოდ ორ პოლიტიკურ გაერთიანებას - "ინდუსტრიალ" და ულტრალიბერალური იმიჯის მქონეთ (დანარჩენებზე სხვა დროს ვისაუბროთ, რა გვეჩქარება)! მართალია, "მრეწველები" არასდროს ყოფილან დიდად გამორჩეული სუფთა პოლიტიკური წარსულით (ლიდერებს ვამბობ, თორემ სოფლის ან რაიონის დონეზე კი ეყოლებოდათ ვინმე "სუფთა"), მაგრამ მაინც "რესპუბლიკელებზე" ტყდებოდა ჯოხი. გასაოცარია, რატომ გვყავდნენ ძმები ბერძენიშვილები მაინცდამაინც ამოჩემებული ფეხქვეშ გასაგებად, რომლებსაც არც ინტელექტი აკლდათ, არც კორუმპირებულები იყვნენ და მაინც "მრეწველთა" ლიდერშიპი უფრო ნაკლებ დარტყმებს იღებდნენ, ვიდრე სადღაც საკრებულოში უპრეტენზიოდ შეყუჟული რიგითი "რესპები". არადა, გოგი თოფაძის პარტია არაერთხელ იყო შემჩნეული არადემოკრატიულ, პრორუსულ ორიენტაციაში...

რას დავეძებ "რესპებსა" და ბიზნესით სახელგანთქმულ "მრეწველებს", უბრალოდ, იმას ვამბობ, "ქოცთა" ყველა წარუმატებელ ნაბიჯს უსუფაშვილ-ხიდაშელ-ბერძენიშვილებს მიაწერდნენ ხოლმე და როცა მოიკვეთეს "ოცნებიდან" მუდმივ ოპოზიციად ცნობილი "რესპუბლიკელები", ვფიქრობდი, ნეტავ ვინ ეყოლებათ ახლა განტევების ვაცად-მეთქი და ჯერ "პლასტელინის" გიორგის აკისრეს ეს ფრიად დიდი ფუნქცია, ახლა - სალომე ზურაბიშვილს. მთელი "საქოცეთი" ერთპიროვნულად, სალომეს აყვედრის კარტოფილითესია გიგისა და ოქროირაკლის შეწყალებას, ვითომც და არ იცოდნენ, სალომეს "შემწყნარებლობაზე" არ იყო დამოკიდებული ბორდელთდამწიოკებელი ტყვიაველი ბიჭისა და დედაქალაქის ბიუჯეტის მხვრელი ნამერალი გიგის ციხიდან გამოშვება! ვიღაც წერდა, კარგი ქნა სალომემ, რომ შეიწყალა ესენი, ამით აჩვენა, შეწყალება როგორ ითხოვეს: თუ დამნაშავენი არ იყვნენ, რად ითხოვენ შეწყალებასო?!. ამის გარდა, ვგონებ, 500 მილიონსაც გამოვკრავთ ხელსო! მართლაც, ფულს სუნი არ ასდის! ჩემი მხრიდან დავამატებ: ეს შეწყნარებულ-შეწყალებულნი ციხეში რომ ყოფილიყვნენ, რა სარგებელი იყო? ჯერ ყურებს გამოჭედავდნენ "ნაციონალები" და "ნაცხურდა" პარტიები, აავსო ჭორვილელმა პოლიტპატიმრებით ციხეებიო, მეორეც - იმ "ბალანდის" ბიუჯეტიც უნდა ეჭამათ ჩვენს ხარჯზე და ამის გარდა, როგორ დაგვაკლდებოდა ტელეეთერიდან გიგის მრავალაზროვანი ბაასი და ოქრუაშვილის მდარე, მაგრამ მაინც გასართველი აზრები!

წესით, ამდენი რამის მნახველ-გამგონეს აღარაფერი უნდა მიკვირდეს, მაგრამ გიორგი თარგამაძე, ყოფილი "იმედელი", ახლა "ფორმულელი" გამხდარა და ისეთი რიხით აცხადებდა, დემოკრატიულმა ევროპამ წნეხით გააშვებინა საქართველოს მთავრობას პოლიტპატიმრებიო, რომ!.. სხვა თუ არაფერი, მაგ თარგამაძეს დაავიწყდა, როგორ შეუცვივდა ეთერში და გადაალეწა თავზე "სპეცნაზმა" საეთერო ბადე? კარგი, ეგ დაავიწყდა, მაგრამ ის მაინც უნდა ახსოვდეს, ოქრუაშვილი და უგულავა რამოდენა ფიგურები იყვნენ იმ პერიოდში, "ქოცობა" სისხლიან ცხრაწლედად რომ გვახსენებს მუდამ. ამ ბატონებისთვის არაა უცხო ციხეში შესვლა-გამოსვლა, დამერწმუნეთ, ღირსეული პროკურატურა კიდევ ბევრ დანაშაულს გამოუძებნის მაგათ და ისევ შეაბრუნებს, სადაც ეკუთვნით ყოფნა, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას არაფერი ეჩქარება. სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებზე ასეთი სლოგანი ექნებათ: "დავიჭიროთ და გამოვუშვათ "ნაცები" და შევიქცევთ თავს, სანახაობა არ გამოგვილიოთ და პური არაფერია! პურის ნაცვლად ერთმანეთს დავჭამთ და გვექნება გაძლებასა და არგაძლებას შორის ყოფნა...

წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გადაწყვეტით გეუბნებით, ბევრ მწვანე ღილაკზე დამჭერს მივიღებთ, ნაკლებს - წითელზე, მაგრამ იმ "მწვანისტებს" შორის ვინ იქნებიან ნეტავ? "პალეოქოცებიდან" რამდენიმეს მაინც შეინარჩუნებენ, "ნეოქოცებიდან" კი დარწმუნებული ვარ, ისეთებს მოძებნიან, რომლებიც გინდა მაჟორიტარებად შეუყვანიათ პარლამენტში, გინდაც პროპორციულებად, მაინც ვერაფერს შეცვლიან, რადგან ჯერ არ ახსოვს ისტორიას, ვერტიკალით მართულებს რაიმე ღირებული შეექმნათ!

P.S. ინტერნეტში გაჩნდა უკრაინული ელექტრონული მედიის ინფორმაცია, სააკაშვილს "კოვიდ-19" შეხვდაო. ამ ინფორმაციის სისწორეზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ "ნაცები" არ ამტკიცებენ, კარგადააო, და ეს მიძლიერებს ეჭვს... არადა, გვინდა ახლა ჩვენ მეგობარი უკრაინის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ რგოლში მყოფის ავად ყოფნა? არამც და არამც!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს