როცა სულ ამაოა რომან გოცირიძის "კოვზები", გუბაზის მილიონებზე ოცნება, ნათელაშვილის "ჟირინოვსკობანი" და ა.შ. - კვირის პალიტრა

როცა სულ ამაოა რომან გოცირიძის "კოვზები", გუბაზის მილიონებზე ოცნება, ნათელაშვილის "ჟირინოვსკობანი" და ა.შ.

მინდოდა მეკითხა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა რომ შეიწყალეს, შეწყალებულებმა რა ქნეს? დალეწეს ბჭენი ჯოჯოხეთისანი კი არა, სოლოლაკის სასახლისანი? ვიცოდი, გავიდოდა ერთი კვირა და მაგათი გამოშვება შარშანდელი თოვლივით დაავიწყდებოდა ხალხს! მთავარი ისაა, რომ მათ არავინ შეიწყალებდა თხოვნა-აჯების გარეშე და ეს უკვე მათი მხრიდან შეცოდებათა აღიარებას ნიშნავს! ისე, ჩემთვის ეს შეწყალების აქტი, სალომეს რომ შეაწმინდა "ქოცობამ" ხელი, ერთობ მახსენებს იმ შეწყალების აქტს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ერთ საახალწლო რიტუალს რომ წარმოადგენს! ახლა სიძულვილის ენიანობას ნუ დამწამებთ, ჩემთვის ინდაური არაფრითაა ნაკლები ბევრ ცუდ პოლიტიკოსზე და რა ვქნა, რა მოვახერხო?

მოდის შემოდგომა და კუჭის წვა დაეწყოთ პარტიებს. ყველა ცდილობს პოპულიზმით მოგვხიბლოს და ერთი ხმაც რომ მოიპოვოს სატელევიზიო ეთერით ან "ფეისბუკით", წარმატება ჰგონიათ უკვე. კორონაზე კომენტირებით ვერც ვერაფერი მოიგეს, მე თუ მკითხავთ. არადა, როგორი მღვრიე იყო ამ დროს წყალი! მღვრიე წყალში კიდევ, თევზი ადვილი დასაჭერია, თუ მებადურად ვარგიხარ. ერთმა იმდენი იძახა სწრაფი ტესტებიო, რომ უკვე ჩემთვის სიტყვა "ტესტი" ვაშაძეს უთანაბრდება და სიცილი ამივარდება ხოლმე. განა მარტო სამედიცინო ტესტზე, უკვე სასწავლო ტესტებზეც "სტრატეგია აღმაშენებლის" პოპულისტი ავტორი მახსენდება! ცალკე "გასპაჟა ბურჯანაძემ" მოიჭრა თავი იმის განცხადებით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს პოლიტპატიმრები არ გვყავდაო! კი, ქალბატონო ნინო, თქვენი მმართველობის დროს სად იყო უსამართლობა, თქვენ მიშასთან ერთად დემოკრატიის შუქურა სახელმწიფო აგვიშენეთ და არ გიმადლით! კარგი რა, კარგი რა!

და თუ გგონია, ასსიტყვიანი ლექსიკური მარაგი თქვენ გარდა არავის აქვს, ძალიან ცდებით! ამ ნაუბარს ისევ მერაბიშვილისეული მჭევრმეტყველება მირჩევნია, სხვა თუ არაფერი, ფროიდიზმს ერთი რამით გავამართლებთ: წამოცდენა ყველაზე დიდი სიმართლეა!

თავი დავანებოთ ახლა დისკრიმინირებულ პარტიებს. მაგათი წარსული (მურმან დუმბაძის "გამხმარი მარჯვენა", ბესელიას ჯანყი პარლამენტში, რესპებისა და ნარესპალების დემაგოგია, ჭიაბერაშვილის ნამთვრალევზე ნაუბარი, რომან გოცირიძის "კოვზები", გუბაზის მილიონებზე ოცნება, ნათელაშვილის "ჟირინოვსკობანი" და კიდევ ათასობით!) გარანტიაა, რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობით შებრძანდება პარლამენტში, თანმხლები უმცირესობით, რომელიც წარმოდგენილი იქნება "მიშისტებითა" და "ინაშვილ-მოურავიანობით" და ვიკითხავ, რას აკეთებთ, ბატონებო, იმისთვის, რომ ამომრჩეველი ხალისით მივიდეს საარჩევნო ურნასთან? ჯერ კი ვიცი, რომ გზა-ბილიკებს სოლოლაკისკენ ბევრი ეძებთ, რათა ან მაჟორიტარებად წარუდგეთ გამსხვილებულ საარჩევნო რეგიონებს ან ყველაზე უკეთეს ვარიანტში - სიაში ჩასკუპდეთ. წარმომიდგენია, რამდენ თანაპარტიელსა და ეგებ გუშინწინ სუფრაზე ძმობას ვისაც ეფიცებოდით, თავზე დააბიჯებთ ფეხს და გადაევლებით ივანიშვილის ეზოს გალავანს წელში მოდრეკითა და მავედრებელი თვალებით, რამეთუ მიიღოთ ხალათი საპარლამენტო იგი! არ ვიცი, ვის გიღირთ ეს პარლამენტარობა, მაგრამ ბევრი რომ იქნებით, მჯერა და პლაცდარმს ნელ-ნელა "ოცნება" იმზადებს საარჩევნოდ! ტყე ეკლესიას, შეღავათები ბანკში, აგროდახმარებები და ბოლოს ალბათ კიდევ გექნებათ რამდენიმე კოზირი, თუმცა, ერთს მაინც ვიტყვი: საქართველოს 20% რომ დავკარგეთ, მაშინ არ უყვირია პუბლიკას იმდენი, რამდენსაც ახლა იმაზე ყვირიან, ვაითუ, ეკლესიამ თავის გარშემო ტყე იყიდოსო. ბუნებრივია, მმართველი ძალის ეს რევერანსი წინასაარჩევნოა, ალბათ ასეთივე იქნება 30-ათასიანი გრანტები და ა.შ...

პ.ს. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ ერთი "წვერიანი" ანეკდოტი გამახსენა და ეგებ ვინმესთვის ახალი იყოს. სომხები აცხადებენ, რომ არ შეიძლება ქართველი გაფრინდეს კოსმოსში, რადგან ქართველები სიამაყით დაიხოცებიან, სომხები შურით და მთელი სამხრეთი კავკასია აზერბაიჯანელებს დარჩებათ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს