გახარიას თვალის ჩაკვრის ხელოვნება და ბოკუჩავას ოინები, ანუ ქართული პოლიტიკის გასაჭირი
გახარიას თვალის ჩაკვრის ხელოვნება და ბოკუჩავას ოინები, ანუ ქართული პოლიტიკის გასაჭირი
დემორალიზებულ ოპოზიციაზე და "ქოცებზე" მიწევს ისევ წერა. აბა, სხვა რა გაგახსენდება ამ ძნელბედობის ჟამს. უმძიმესი საყურებელია, კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიციაო, - თქვა გახარიამ პარლამენტში და სრულად ვეთანხმები ერთი შესწორებით - არანაკლებ მძიმე საყურებელია "გაქოცებული" "ნაცებით" სავსე სახელისუფლებო შტოები, რომელთა ეფექტიანობაც არ შეეფერება ჩვენ მიერ გადახდილ ქირას, რომელსაც ხელფასებისა და მივლინებების სახით იღებენ, ზოგჯერ პრემიები თუ დანამატები რომ ჰქვია!
რა მძიმე სანახავი იყო ზოგიერთების გამოხდომები, თითქოს ხალხზე
გულის ტკივილი რომ ალაპარაკებდათ.
პოლიტიკური განცხადებების კეთების დროა ახლა, როცა ეკონომიკის ისედაც დაბზარული ნაწილები გვეფშვნება თავზე? ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრადო, - უბრძანებია ბოკუჩავას (ან რომელიღაც მიშისტ ქალბატონს, ვერ ვარჩევ მაგათ ერთმანეთისგან, მართალი რომ გითხრათ) და აქვე შევუბრუნებ კითხვას, საქართველო იმსახურებს იმას, რომ თქვენ ოპოზიცია
გქვიათ? ვიღაცები რომ მოთქვამთ, საპენსიო ფონდი გამოიტანეთ და დაურიგეთ ხალხსო, ვინ გეკითხებათ ჩემს შენატანს გამოვიტან თუ დავტოვებ იქ? დიახაც, სახელმწიფო ოდესმე შედგება და მე, როგორც გადასახადების გადამხდელმა, მეტი უნდა მივიღო პენსიაში გასვლის მერე, ვიდრე რიგითმა ჩრდილში წამოგორებულმა მუტრუკმა! ახლა ერთბაშად შევჭამოთ სახელმწიფო რესურსები და მერე დამშეული ბიუჯეტის შემყურეებმა ვარდები ავიღოთ ხელში, წინ წაგვიძღვეს ოპოზიცია, სოლოლაკის "კოლბიდან" ბიძინა რომ გავაძევოთ, გახარიას ექსორიაში ვაკვრევინოთ თავი ერთი ფარული მიზნისთვის: "ნაციონალური მოძრაობა" მობრუნდეს ხელისუფლებაში სამუდამოდ, თან ამომრჩევლებისადმი ტერორისტული დამოკიდებულების მიუხედავად, თავი აჩვენოს მსოფლიოს დემოკრატიის შუქურად?! რა ვიცი, მგონი ამას ხალხი არ დაუშვებს...

თქვენ იმ კატეგორიის ოპოზიცია ხართ, მხოლოდ თავისი ბედი რომ აწუხებს, თორემ ხალხზე რა შეწუხებულებიც იყავით, კი ეტყობა განვლილ პერიოდს, თბილისის ბიუჯეტის გამომხვრელებს მილიონები რომ ეწყოთ თურმე კაბინეტში "პატიოსნად მირთმეული". სხვა ბევრსაც გავიხსენებ, ატამს როგორ თლიდნენ ძალოვანები სუფრის დანებით (სინამდვილეში, რასაც თლიდნენ, ვიცით!) და როგორ მოგვიწოდებდა ქართული პოლიტიკის ტალეირანი რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლას დანა-ჩანგლით და სუფრის ტილოებით! მერე ისიც არ დავივიწყოთ, რუსთაველზე სააკაშვილმა როგორ აცუნდრუკა ხალხი, როცა აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ცხედრები გვესვენა... ამიტომაც, დაანებეთ თავი იმის ძახილს, რომ თქვენს დროს ბედნიერი იყო ხალხი. ბედნიერები კი, იყვნენ ადამიანები მართლა იმით, თუ ღამით ნიფხვის ამარა არ გამოყრიდნენ საძინებლიდან, სამსახურებში კამერების წინ ბორკილებს არ დაადებდნენ და პირობით მსჯავრს არ გამოუტანდა მოსამართლე ყანიდან ტაროს გამოტანის გამო!.. კარგით რა, ხომ ხედავთ, თქვენი საფიცარი მიშა არ თუ ვერ ჩამოდის სამშობლოში, თან გახარიაც კარგად ფლობს თვალის ჩაკვრის ხელოვნებასა და მიმიკების ეფექტურ მართვას!

პ.ს. 15 ივნისიდან შიდატურიზმი ნებადართულია, ივლისიდან - საერთაშორისოც. ერთი ენამწარე წერდა ასეთ რამეს: საქართველო ეპატიჟება მაზოხისტ ტურისტებს. გართობა არა, ტრანსპორტი არა, სამაგიეროდ, პირბადეები პაპანაქებაში და საათში ორჯერ სიცხის გაზომვა, დამატებით გუბაზას გაცნობა! ნათელაშვილის ლექციები ინგლისურად! ექსტრემალებს გოცირიძე, გოგორიშვილი და კილაძე სამაიას უცეკვებს! მოიწყვეთ დაუვიწყარი ტური!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
i.q.
18 ივნისი 2020 12:36
ძალიან მომეწონა ეგ სტატია....თუ რეალობას სწორად აფასებ, მაშინ ქოცი ხარ? ძალიან კარგი, თუ ასეა. გაუმარჯოს ბიძინას და ქართულ ოცნებას.
...
14 ივნისი 2020 14:26
თინა გყავდათ ასეთი მინისტრი ნაციონალებს როდესმე სირცხვილია თქვენი ამის ლანძღვა განსაკუთრებით თინასი
vaah
13 ივნისი 2020 15:51
ისე ხომ არაფერს აქრობტ რაც არ გაწყობტ

რუბრიკის სხვა სიახლეები