"ჯიგრულ პონტში" ქველმოქმედება კარგია, ანუ სომხეთზე მიხმარება, მაგრამ ჯერ შენი დააფასე, მერე ვისაც გინდა, იმას უშველე
"ჯიგრულ პონტში" ქველმოქმედება კარგია, ანუ სომხეთზე მიხმარება, მაგრამ ჯერ შენი დააფასე, მერე ვისაც გინდა, იმას უშველე
არც კი მახსოვს, რამდენჯერ ვაქე და ვადიდე გახარია, რომელიც დღეს მთავარი ლოკომოტივია სახელმწიფოსთვის (უმთავრესი, უჩემოდაც იცით, ბიძინა რომ გახლავთ) და მასზე ორკესტრირებულად შეტევას ხან ვინ ცდილობს და ხან ვინ ოცნებობს, ოღონდ, ჩანს, რომ ამ ორკესტრს არც ინსტრუმენტალისტები უვარგა, დირიჟორი კიდევ ილონ მასკის "ტარელკებზე" მეტადაა სადღაც გადაფრენილი.

აი, 20 ივნისი მოდისო და "ინსტრუმენტალისტებმა" დაიწყეს უნიჭოდ "მელოდიის შესრულება" - გახარიას მალე გადააყენებს ბიძინაო. ანტიგახარიული მელოდიის ნაცვლად კი მიიღეს "თავო ჩემო, ბედი არ
გიწერია". ისე, ბედნიერად ცხოვრებულ "ნაციონალებს" გეკითხებით, რო გამოუშვეს გიგი და ოქროირაკლა, მოიკითხეთ, რას ჭამენ, რას სვამენ? განა ჩიტები არიან ან მინდვრის ყვავილები, რომ იკვებონ და შეიმოსონ ბუნებით? თქვენ ხომ გული არ გაქვთ... გასაგებია, რომ ბიძინა შეაშინეთ, შეაშინეთ წულუკიანი, გახარიაც, აღაშფოთეთ კინზინგერი და სრულიად დასავლეთი, მაგრამ
მხოლოდ "სვაბოდა" კმარა ამ ბრილიანტი ბიჭებისთვის, მით უფრო, როცა კალაძე რაღაც ხულიგნობაში შეამჩნიეს ამ ბოლოს, ვიღაც "ნაცაქტივისტს" მაისური შემოახიაო თუ აჩუქაო (ვერც ერთ ქმედებაში დავინახე ლოგიკა, ვერც მეორეში!). მშვენივრად კი დგამენ სპექტაკლს სპექტაკლზე, ხან ტანსაცმელი იყოს ორიენტირი, ხანაც იმაზე წერეთ და იკითხეთ, ვის უფრო მეტი ქონება აქვს მოგროვებული! ჩემო მკითხველო, არ გეგონოთ, რომ ან ერთ მხარეს (პოზიციას), ან მეორეს (ოპოზიციას) არ ჰქონდეს ერთმანეთისკენ თითის გაშვერის საფუძველი... უბედურება ისაა, რომ არჩევნების გზით ვერც ვერავინ მოვიყვანეთ ისეთი, ამ სამ მილიონიან ქვეყანას რომ ამოასუნთქოს! უმადური არ ვარ, რაღაც ყველა ხელისუფლებამ გააკეთა, მაგრამ ეგენი საქმის საკეთებლად ავირჩიეთ ხოლმე და არა ოპოზიციის საკრიტიკოდ!

ეშმაკსაც წაუღია პოზიცია და ოპოზიცია, უფრო ხალხის მიდგომები მაშინებს. აგე, "ფეისბუკი" ააფეთქეს მოთხოვნებით, მოძმე სომხეთს უნდა დავეხმაროთო! ვინმემ დაგიშალათ, ბიძიკო, ვინმეს მიხმარება? ბიუჯეტში იყო სადმე გათვალისწინებული, რომ გაჭირვებულ ქვეყნებს გავუწიოთ დახმარებაო? ეგებ ის გენახათ, მედპერსონალს რაოდენ დაბალი ხელფასები აქვთ და მერე გაგეშალათ ხელები საქველმოქმედოდ! არსებობს ტერმინი "სამედიცინო ტურიზმი". გადმოიყვანეთ სომხები და სხვებიც, ფული გაკეთდება! 300 ლარი რომ აქვს ექთანს ხელფასი, აუყვანეთ ამით სამი ათასზე! არაფერია დასაძრახისი ბიზნესსა და ფულის კეთებაში. გადაარჩინე, გადაახდევინე! იქით ჯანმრთელობა, აქეთ ფული. ასტვაც, ინჩუ ჰამარ! ამაზე რას მეტყვით, ასე არ ქნან? არაერთი ხო დაწყდა დარდით, ექთანმა სამი ათასი ლარი რომ აიღოს ხელფასი! აბა, ის არ ადარდებს არავის, ამდენ ინფიცირებულს რომ ემსახურებიან მედიკოსები სიცოცხლის რისკის ფასად! აბა, მითხარით, ვინ რა გავაკეთეთ კოვიდდამმარცხებლებისთვის? უი, ხო, ტაში დავუკარით! კიდევ კარგი, ეგ უფასოა, თორემ კაპიკიც რომ ღირებულიყო, რამდენი წამოიძახებდა, ხელფასი და ვალდებულება აქვთ, დადგნენ და იშრომონ უპრეტენზიოდო. "ჯიგრულ პონტში" ქველმოქმედება კარგია, ანუ სომხეთზე მიხმარება, მაგრამ ჯერ შენი დააფასე, მიხედე და მერე ვისაც გინდა, იმას უშველე, ამაში რა არის დასაძრახისი? ჰო, იმასაც არავინ ამბობს, სახელმწიფომ მეტი თანხა გამოყოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებისთვისო. ტრაქტორი და ყანა რად გვინდა? აგერ გვაქვს "ფეისბუკი", დავმოძღვროთ ერთმანეთი, ვიძახოთ "ყველაფერი გაძვირდა" და ეკონომიკის განვითარებისთვის არ ვიზრუნოთ! ის აგრობარათებიც არსად დაეკარგოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამ თვეში რომ აპირებენ დარიგებას! 2500 კვადრატული მეტრი მიწა რომ აქვს გლეხს, რა ბარათი უნდა მაგას?! ბარათი კი არა, თოხი და ბარი უნდა მაგ ხელისგულისოდენა მიწებს, მაგრამ ჩემი ან ჩემზე ჭკვიანის ვის ესმის?

პ.ს. 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი იწყებს ქმედებებსო, ოღონდაც "შახმატურად" უნდა დავსხდეთ - სხვანაირად არ შეიძლება თურმე! აი, ეს ვერ გავიგე, ერთ ტრანსპორტში თუ ვზივართ მე და "კოვიდირებული", პარალელურად ვრცელდება ვირუსი და დიაგონალურად არა?! ტურიზმს მოვითმენთ როგორღაც, მაგრამ ამ "ჭადრაკულობის" გამო ბათუმიდან "მარშრუტკების" მძღოლები 80 ლარს ითხოვენ, ხობიდან - 40-ს და მესტიიდან ალბათ, 150-ს მიუახლოვდება. თქვენ, ბატონებო, მგზავრების რევოლუცია გინდათ?
!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
...
19 ივნისი 2020 09:26
რავიცი სომხებმა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ჯობიაო
მარი
15 ივნისი 2020 09:32
მართლი ბრძანდებით. ძალიან ზუსტად აღწერთ ჩვენ რეალობას. დიდი მადლობა ასეთი კარგი სტატიისთვის
ჯაბა
13 ივნისი 2020 10:55
თუ სომხები მეზობლები არიან, უნდა დავეხმაროთ. ოღონდ მანამდე სასაზღვრო საკითხი მოვაწესრიგოთ. აბა, ძნელი გასარჩევია მეზობელი ოკუპანტისგან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები