ოქრუაშვილმა, - მდინარაძე ცოტა ხნით დავიჭირე, ღარიბაშვილი კიდევ ოპერმუშაკადაც არ დავნიშნეო... - კვირის პალიტრა

ოქრუაშვილმა, - მდინარაძე ცოტა ხნით დავიჭირე, ღარიბაშვილი კიდევ ოპერმუშაკადაც არ დავნიშნეო...

კოვიდდაფეთება, მეროჭიკე მაჟორიტარები და კვიციანი დააბრუნეთ!

ეს კოვიდდაფეთება (და არა აფეთქება) და პარტიებიც არ გვეშვება. პარტიის სახელს რა მნიშვნელობა აქვს, მათგან ზოგი ბიძინას ორბიტაზე ბრუნავს (საკუთრივ "ოცნება ზოგი", "მრეწველები" და ა.შ.), ზოგი ასცდა საერთოდ მეორე, მნიშვნელოვან ორბიტას და მიშას წარმოდგენით, გზას ჩაენაცვლა შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური წირი, სადაც კაშკაშებენ ოპოზიციური ვარსკვლავ-ტალეირანები. აი, სხვა თუ არაფერი, ყურადღების მიღმა როგორ უნდა დარჩეს ის ფაქტი, რომ მაჭუტაძის პარტიაში შესულა ნატო დეიდა (გვარი დამავიწყდა, მგონი, პარლამენტში "პატრიოტული" სიით თუ სულისკვეთებით რომ შევიდა), არც ისაა ნაკლებად საყურადღებო, ოქრუაშვილი რომ ამბობს, გუბაზ-ბიჭი კაი ხანია ჩვენსა არაა და აბა, სადაა?! აქუსთან? აქუსთან ვალერი გელბახიანიცაა, ისე, არ დაგვავიწყდეს!

ზემოთ ვთქვი, რა მნიშვნელობა აქვს პარტიის სახელებს-მეთქი. რამდენი "ნაცი" "გაქოცდა", რამდენი "ქოცი" "განაცდა" და ასე შემდეგ! მაგათ თვლას მირჩევნია, საღამოს ვარსკვლავები ვთვალო ცაზე ან სულაც, ქვიშა - ურეკის პლაჟზე. გამოვიდეს ახლა ბატონი მდინარაძე და ბატონი ღარიბაშვილი, უპასუხოს ოქროირაკლას, რომელმაც ბრძანა, ერთი ცოტა ხნით დავიჭირე, მეორე კიდევ ოპერმუშაკადაც არ დავნიშნეო. სულ ამ დაჭერა-არდანიშვნის გამო ყოფილან ეს ყმაწვილები სოლოლაკის კარზე აღზევებულნი. ჩემო კარგო, როცა შენი მატარებელი ჩავლილია, არ გინდა, იყო მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად? დაჯე, კაცო, კაი სვი და კაი ჭამე, თორემ ისევ გაგახსენებთ ბორდელების აწიოკებას და ვინძლო, ეს ჩვენი პროკურატურა კიდევ არ მოფხიზლდეს შენი წარსულის ქექვაზე, კიდევ არ გიკრან თავი ციხეში, თორემ მერე უნდა დაიწყოს მიმკვდარმა პარტიებმა წიოკი, - არიქა, პოლიტპატიმრებით გაავსო ხიხომ ციხეებიო! წიოკსაც გააჩნია, თუ დაიკივლა ერთმა ასულმა, გაგვეყინა სისხლი ძარღვებში ჩვენ, საცოდავად მიკუჭულ ხალხს და ოკეანის გადაღმა ან კინზინგერი შემოიხევს დემოკრატიულ მანტიას, ან სულაც, ის 13 ამერიკელი "მამა", რომლებიც ჭკუას გვასწავლიან! ჯერ ბატონო სემი ბიძიებო, თქვენს იმპერიალისტურ მადას და რასიზმს მოუარეთ მანდ, ჩრდილოეთითაც მიხედონ თავის საქმეს რუსებმა, თორემ იცოდნენ, ტრამპ-ბუშები, პუტინ-მედვედევები მიდიან და მოდიან, საქართველო კი რჩება!

ოქტომბრის ბოლოს "კოვიდის" გამო, შესაძლოა, არჩევნები არ ჩატარდესო. უჰ, ეს რა გავიგე! ჯერ ერთი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩაიჯიბავს ხელფასებს პულტზე თითის დაჭერის გამო, მეორეც - ნეტავ ეს არჩევნები თავის მაჟორიტარული როჭიკობებით არ დამანახვა თვალით! როგორ მებრალება ეს ხალხი, დადიან სოფელ-სოფელ, უბან-უბან, ხმას ითხოვენ და ვისაც ფორტუნა (ამ შემთხვევაში, ბიძინა) გაუღიმებს, მწიფე ლეღვივით დაეთხლიშება საპარლამენტო სკამზე! მერე კი მრავლისმეტყველი, ბრძნული მზერით დაგვამადლის თავის არსებობას! ისე, ღირებულა, მე თუ მკითხავთ, პარლამენტარობა. ცალ-ცალი კალოშის მეპატრონეები უცებ ამოისუნთქავენ, ჩაიცვამენ კარგს, დაიხურავენ კიდევ უფრო უკეთესს, სადღაც "ქოხს" აიშენებენ, სამიდღემჩიო პენსიას დაინიშნავენ და მერე, ოდესმე, შვილიშვილებს მოუყვებიან, როგორ აგებდნენ, აშენებდნენ და აყვავებდნენ სახელმწიფოს "კოვიდ 19"-ის მძვინვარების ჟამს!

"კორონას" გამოც უნდა ვთქვა ცოტა. მოგეხსენებათ, დისტანცირებას გვირჩევენ. აი, ათ კაცზე მეტი თუ შეიყრებით სმა-ჭამად, მიგაჯ-მოგაჯარიმებთო... იურიდიულ პირებზეა დიდი სახდელები, ფიზიკურზე შედარებით ცოტა! აბა, როგორია, როცა შპს დაქორწინდება კოოპერატივზე, მიიწვევს ინდმეწარმეებს და აიკრიფება ჯარიმები! ან კიდევ, ქელეხია გაკოტრებული კონსორციუმის, მიდიან დამწუხრებული სააქციო საზოგადოებები, ფიზიკური და მცირე მეწარმეები, ბოლო მწარე ცრემლი რომ ჩააყოლონ სამარეში და თურმე ბოლო მწარე ცრემლი კი არა, ეგაა ღვარღვარის დასაწყისი! აბა, მთავრობა ბატონო, მომახსენეთ, "მზიური" რომ გახსენით, დისტანცირებულები იყავით? მეტროსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში კიდევ ზედახორა რომაა, ეგაა დისტანცირება?! ისე, აქვე გეტყვით და არ გეწყინოთ, ჭამა-სმით კი არ გადადის კორონავირუსი, არამედ დისტანციის დაუცველობით! მოკლედ, რამე სხვაობაა, "კოვიდს" სად ავიკიდებთ, მეტროს ვაგონში, ქელეხის სუფრაზე, თუ პატარძლის ხელისმომკიდესთან ვალსის პირველი ტურის ცეკვის დროს?! ისედაც ნერვები გვაქვს დაწვრილებული და ან ყველასთვის იყოს ეს დისტანცირება, ან კიდევ მეზობელი სომხეთივით ავიშვათ, რათა ბოქსირებული პალატებიდან დავიწყოთ შეგონებათა წერა "ფეისბუკზე" ამერიკისა და რუსეთის, "ნაცობისა" და ქოცობის შესახებ...

პ.ს. კვიციანს "პატრიოტთა ალიანსი" დაუტოვებია. აი, ადა მარშანიამაც თუ მიჰბაძა მაგას, მაშინ ნახეთ... კვიციანი დააბრუნეთ, ფარჩაკებო, თორემ დავაჭერთ იმისთანას, ჯერ რომ არ დაგვიჭერია...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს