მიშასეულთა ბაქიბუქი და ქართველი ჟანა დარკი - ნეტავ ბიძინამ ვახშმის ჭამა მოასწრო, ეს რომ გაიგო? - კვირის პალიტრა

მიშასეულთა ბაქიბუქი და ქართველი ჟანა დარკი - ნეტავ ბიძინამ ვახშმის ჭამა მოასწრო, ეს რომ გაიგო?

მსოფლიო ჭკუიდან შეიშალა, ბატონებო! ევრონაცები თუ რომელიღაც მიშასეული პოლიტნამსხვრევები აცხადებენ თურმე, "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა თუ პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, მე თქვენ, "ქოცებო", გაჩვენებთ სეირსო. მგონი, რაღაც კანონპროექტის განხილვაში არ მიიღებენ მონაწილეობას და ესაა ყველაზე დიდი მუქარა, რაც ახლა ხელისუფლებას გაუგზავნეს. აუჰ, ნეტავ ბიძინამ ვახშმის ჭამა მოასწრო, ეს რომ გაიგო? კაცს მადა არ დაეკარგოს ამათი ბაქიბუქით!

მიშასეულნი ისე დაცულად გრძნობენ თავს საქართველოში, პირდაპირ სუპერსახელმწიფოში მგონია თავი. ძალიანაც კარგი, მოქალაქის სიცოცხლე რომ იქნა დაცული, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გამიმყარდა პატივისცემის გრძნობა სახელმწიფო სტრუქტურებისადმი. ჟურნალისტმა გაბუნიამ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ პროკურატურის შეთავაზება მიიღო და თანახმაა, პირად მცველებთან ერთად, მის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლებმაც იზრუნონ. ეს ძალიან მეამა, ახლა დანარჩენებსაც სასათბურე პირობები მოუმზადეთ და ბარემ წარვდგებით დემოკრატიული დასავლეთის წინაშე ხელთანთებული დემოკრატიის შუქურით! უბრალოდ, ვაშაძე ჯუნიორის წკიპურტის მეშინია, რომლითაც ფარდა ეხდება ფსევდოდემოკრატიულობას საქართველოში! ასე განუცხადებია გიორგის: "მათ (ხელისუფლების წარმომადგენლებმა) უნდა იცოდნენ, რომ არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები დამნაშავეებად, კრიმინალებად გამოაცხადონ, ხოლო გავრილოვისა და კადიროვის მსგავსი საქართველოს მტრები მშვიდობისმყოფელ მეგობრებად წარმოადგინონ. სწორედ ოკუპანტ სახელმწიფოსთან კაპიტულანტურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია 20 ივნისს ჩვენი მოქალაქეების აღშფოთება და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ეს დღემდე გრძელდება. ეს უნდა დავასრულოთ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ამის საუკეთესო საშუალებაა. ძალა ერთობაშია! საქართველო გაიმარჯვებს!" ახლა კი მივმართავ ჩემს თვალებბრიალა გიორგის, ნუთუ დაგავიწყდა, ვინ "მოარიგა" შევარდნაძე და რევოლუციური "ტროიკა" - სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძე? ეგებ ის სისხლიან-მკვდრიანი დარბევები გავიოხსენოთ, ასე რომ "გააპრავა" ლედი სანდრამ - სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრებოდაო?! ბატონო ვაშაძე, საკუთარი გუნდის წარსული რომ არ გახსოვთ, ამიტომ გამოგიგზავნეს უხვად მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლებსაც თურმე ფრიად დამცინავი აპლომბი ჰქონია! და რას ელოდებოდი, ძვირფასო, რაც თავად სმს-ები გაქვს ხალხზე დაგზავნილი, შეიწევდნენ შენს ვალს?!.

ისე, ეს "ნაციონალები", "ფარული ნაციონალები" და მიშასეულნი როგორ ჰგავხართ პირწმინდად ერთმანეთს იმაში, რომ თითქოს თქვენი მმართველობის დროს ეკონომიკა ყვაოდა, დემოკრატია აშუქებდა ყველა კუნჭულში, ადამიანთა უფლებები იყო უზენაესი და ერთხელაც არ იტყვით იმას, რომ რამე შეგეშალათ! კი არ შეგეშალათ, დააშავეთ, მაგრამ პასუხის მომთხოვნი არავინაა და ამიტომ ისევ არჩევნებს დაელოდეთ, ნელ-ნელა მიილევა თქვენი ამომრჩეველიც და თქვენც გაქრებით პოლიტიკური სარბიელიდან, მერე ეგებ ახალი ძალაც გამოჩნდეს, რომელიც "ოცნებას" კარგად შეანჯღრევს და შესაძლოა, სულაც თქვენ მოგაყოლოთ უკან! ეს ძალა, შესაძლოა, სულაც ის ქალბატონი იყოს, ცოტა ხნის წინ რომ გვაშინებდა, არ გამაბრაზოთ, თორემ უმრავლესობით მოვალო! აუ, რამდენი ვართო და ასე შემდეგ! მიხვდით ალბათ, ვისზეც გეუბნებით... ჩვენი ჟანა დარკი, ჩვენი თარკო ჩარკვიანია ახლა ხელისუფლების პოტენციური ალტერნატივა! პარტიის "კანონი და სამართალი" დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს იყრის. გიხაროდეს, საბურთალო! მას უკვე "ფეისბუკზე" დაუწერია, საარჩევნო დევიზად მაქვს ლოზუნგი "არც ერთი ხმა პუტინს". ახლა ამასაც თუ გადაეკიდა პუტინი და კადიროვი, ჩათვალეთ, რომ მთელმა საქართველომ 24-საათიანი რეჟიმით უნდა ვუყარაულოთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, აბა, საქართველოს ვინ მისცა შვილი დასაკარგავი?!.

ეჰ, ნეტავ გულთმისანი ვიყო და წინასწარ შემეძლოს არჩევნების შედეგების გამოცნობა...

პ.ს. რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის გასაპროტესტებლად გამოსულმა აქტივისტებმა სოციალური დისტანცირების ნიშნულებზე პუტინი გამოსახესო. ასემც გიქნიათ, გავრილოვისა და პუტინისთვის ზედ სახეზე დაგებიჯებინოთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს