მარშანიას კომპლიმენტები სამადაშვილს და გახარიას მორიგი სანახაობა, ანუ ვინ სტრესავს ხალხს - კვირის პალიტრა

მარშანიას კომპლიმენტები სამადაშვილს და გახარიას მორიგი სანახაობა, ანუ ვინ სტრესავს ხალხს

მორიგი სანახაობა მოუწყო ხალხს გახარიამ. წინასწარ იცოდა ყველამ, რომ ეს შეხვედრა ისევ გაიწი-გამოიწიე ფორმატის იქნებოდა. "ნაცები" "ქოცებს" წააყრიდნენ უსამართლობის, სიღატაკის, პროტექციონიზმის, ნეპოტიზმის, "ატკატების" და მსგავსი საკითხებით და გახარიაც ჟესტური და ვერბალური ენით მიჩოხავდა "იმ ცხრაწლიანებს". ასეთი პროგნოზი ვიცოდით, მაგრამ ელენე ხოშტარიამ მაინც დაახალა რაღაც განსაკუთრებულად პრემიერს: კომიკურია თუ სატირალი, არ ვიცი, მაგრამ დღეს ვუყურებთ, სუს-ი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს. ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ბიძინას, რომ ფეხებზე გვკიდიაო! აი, ელენიკო, გენაცვალე ფეხებზემკიდიაობაში, შენ გვყავხარ კაცურ-ჯიგრული გაგების და ვამაყობთ შენით ყველა ნაბიჯზე, განა მარტო შენი ლექსიკით, არამედ განათლების მიღების ადგილითა და ხარისხით!

ელენე, ძვირფასო, სუს-ში დაბარება, როგორც საშიშროება, ისე წარმოგიდგენია? მომისმინეთ, გეთაყვა. თუ 20 წელზე მეტისაა ადამიანი, ემახსოვრება, რას ნიშნავდა უშიშროებაში დაბარებანი. "ფეისბუკზე" კი ვერ დაწერდით, სუს-ში დაგვპატიჟესო! "გაიტრუპებოდით", გაგინულდებოდათ ანგარიშები, ქონება, გონება და სხვა მსგავსნი...

მოკლედ, ადრინდელი სუს-ის დროს გასუსულები ახლა რომ ჯიგრობთ, ეგ უკვე ნიშნავს სუს-ის საფუძვლიან შინაარსობრივ ცვლილებას. ისე, ის დედაკაცები როგორ არიან, კორონადიაგნოზის გამო ფულის აღებას რომ ატირაჟირებდნენ ბაზრებში თუ სადღაც? სუს-ში დაკითხვისას ლომზე გადაკიდეს? დაჰკითხეს, თქვეს, რომ სხვის ნაბჟუტურევს თავად ბჟუტურებდნენ, და გახარებული გაუშვეს შინ? ისე, ძალიან იოლია წერა-კითხვის უცოდინარი ხალხისგან სენსაციური ინფორმაციების "ამოკერვა" და მერე უფრო ბნელი ხალხისთვის სიმართლედ შესაღება.

ჰაბიტუსი, პირველივე ნათქვამი წინადადება მეტყველებს რესპონდენტზე და თუ არ მომეწონა, არც ვუსმენ. თქვენ კიდევ, ვისაც გინდათ, დაიჯეროთ, რომ საქართველოში მკვდრებით ფული კეთდება, ეგ არა კორონადაავადებულებებით, არამედ პოლიტიკურ პარტიებზე ხდება. ორასზე მეტი პარტია გვაქვს, მაგრამ რად გინდა, მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ისე არიან ეს საბრალოები.

ქვეყანაში ნეგატივების ფრიალი, თან ტყუილი ნეგატივების ფრიალი, გგონიათ, არ უწყობს ხელს ჩვენს დასტრესვას? აი, ყველაზე მოსატკუცი ხალხი ისინი არიან, რომ ჰგონიათ, "ფეიკების" ტირაჟირებით მიჰას ჩამოიყვანენ. მიჰას სულ ჰკიდია თავისი (ბრ)მრევლი და ვერ გავაგებინე ამ "რა დროშა მოგვცა მიშამა" ხალხს: პოლიტიკოსები ყოველ ნაბიჯზე გვიყენებენ. ოღონდაც სკამზე წამოსკუპდნენ, სულ არ დარდობენ ამ ერთ მუჭა ქვეყანას. გამართავენ უფასო ცირკს პარლამენტში, პოლიტიკურ ტოქშოუებში და ისეთი სახეები აქვთ, თითქოს სამყარო გადაარჩინეს! აგერ, ადა მარშანია სამადაშვილისადმი გამოსულა მკვახედ! ჩემთვის ეს ცირკია უფასოდ, მეტი არაფერი და ვისაც ადა მარშანია გგონიათ ქვეყნის გადამრჩენი, ამ შემოდგომას მხარი დაუჭირეთ მის პარტიას, ოღონდ თაკო ჩარკვიანს არსად გადაეყაროთ, რადგან ეგ არ გაპატიებთ ხმის მიცემას პუტინისადმი! ისე, რა ქმნა ადამიამ პარლამენტში? უი, ჰო, ამას წინათ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს პოლიტიკური ხარაკირისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მისი მოსაზრებით, ყველა მათგანი არა პარლამენტში, არამედ ციხეში უნდა იჯდეს. სამადაშვილს კი მიახალა: "პოლიტიკური ხარაკირი უნდა გაიკეთოთ თქვენ დიდი ხანია და აქ მოდიხართ და კიდევ ენას ატლიკინებთ, ქალბატონო, ვითომ და ვაი და ვუი დეპუტატო საქართველოს პარლამენტისა... ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გაქვს დღეს დაყენებული, ეტყობა ემზადებოდით გამოსასვლელად, ამ მგზნებარე სიტყვის სათქმელად და ტელევიზიები დაგესეოდნენ და იმიტომ განსაკუთრებულად მოემზადეთ. კომპლიმენტს გეუბნებით, მაღალი სტანდარტის ვარცხნილობა გაქვთ, მაგრამ მორალური და ზნეობრივი არავითარი უფლება თქვენ არა გაქვთ, ადამიანის უფლებებზე აქ ისაუბროთ და პოლიტპატიმრებზე!" აი, ამის სათქმელად გვყავს ჩვენ პარლამენტში ხალხი, აბა, კანონის აღსრულებასა და შექმნაზე დიდად რომ არ იწუხებენ თავს, უჩემოდაც მოგეხსენებათ!

P.S. მინდოდა, მაჟორიტარული ოლქების გამსხვილებაზე დამეწერა რამე, მაგრამ ხარაგაულის კეთილმოწყობის ყოფილი შეფი უფროა გასული კვირის თემა, თანამშრომლებს რომ ათოხნინებდა თავის ყანებს! თუმცა, ეს პატარა ფეოდალი რა მოსატანია ახლა, თანაც გათავისუფლებულია უკვე! აი, ეს ხარაგაულელი "ნეოქოცები" რომ "პალეონაცები" არიან, ეგ კია საკვირველება! ჰალილუია! ჰო, კიდევ, ისიც საკვირველებაა, ხარაგაულის მერს პირველი მოადგილეც არ ჰყოლია და არიქა, დროზე დაანიშვნინეთ, აკლია ბიუროკრატიული რესურსები საქართველოს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს