მუხლმოჩიჩქნილი მიშა, მარადბრწყინვალე ბოკერია და ექსტრადირებული ჭაკუა, ანუ ვინ არის ქართული პოლიტიკის "ჩინური" ჟირინოვსკი - კვირის პალიტრა

მუხლმოჩიჩქნილი მიშა, მარადბრწყინვალე ბოკერია და ექსტრადირებული ჭაკუა, ანუ ვინ არის ქართული პოლიტიკის "ჩინური" ჟირინოვსკი

მართალია, საერთაშორისო ტურიზმს გამოვეთიშეთ, მაგრამ შიდა ტურიზმზე გადავერთეთ. აგე, საქართველოს პრეზიდენტმა მთავარი პიარ-მენეჯერის მანტია მოისხა და ლეჩხუმიც უნახავს. ფაქტია, საქართველოს ყველა რეგიონსა და მხარეში ბევრი არაჩვეულებრივი ადგილია აღმოსაჩენი. მინდა, ყველას მოვუწოდო, გამოიყენონ ეს ზაფხული. როცა ბევრს სხვაგან წასვლა არ შეუძლია, საქართველოში მოგზაურობაა შესაძლებელია, ამით ვისარგებლოთ და აღმოვაჩინოთ ეს ფანტასტიკური ადგილებიო, - უბრძანებია სალომეს და ალბათ კორონას დასრულებამდე მოინახულებს მათხოჯს, ბანოჯასა და დღნორისას. მე შენ გეტყვი და ახლა მაგასაც იმდენი საქმე არ ჰქონდეს, თავს ვერ სწევდეს ზემოთ...

არა, მართლა ჭკვიანია ის ხალხი, ვინც პოლიტიკაში "იღვწის"! სოფლის მეურნეობას საშველი ვერ დავაყენეთ და ან სეტყვა გვამხობს თავზე ყველაფერს, ან გვალვა გადაწვავს ნათესებს, მრეწველობა გამოუცოცხლებელი ავადმყოფია და მომსახურების სფეროში რა სიმპტომებიც არის, მაგის გახსენებაც კი მზარავს! წახვალ პოლიტიკაში, იუზრდელებ, ილაყბებ, ვიღაცას გალანძღავ, ვიღაცას მოეფერები და თუ პარლამენტში ვერ მოხვდები, 500-ლარიან სამსახურს მაინც გამოჰკრავ ხელს, რომელიც უშრომლად მოგიტანს თვიდან თვემდე თავის სარჩენად სამყოფ ფულს! თან, სად ის, ადმინისტრაციული შენობიდან რომ გამოხვალ ბრძენი სახით და სად ის, როცა ყანიდან გადმოხვალ თოხნით წელში მოდრეკილი?! თან, ამ თოხნას ან მოჰყვება მოსავალი, ან არა! არა, ჩარჩა ჩვენი სოფლის მეურნეობა მე-17 საუკუნეში და არც არავინ აპირებს მის მოდერნიზაციას. აგრობარათების დარიგებას ისეთი ბიუროკრატიული ბარიერები აქვს, ბევრმა თქვა, აღარც ბარათი მინდა, არც გვარჯილაო. სამაგიეროდ, ძვირად ღირებულ ტექნიკაზე გამოცხადებული 50%-იანი შეღავათით ყიდვა ყველას მოუნდა, მაგრამ მნდომელი ბევრი აღმოჩნდა, სვებედნიერი - ცოტა და ავი ენები ამბობენ, რომ მაგას მარტო ბედი არ ჰყოფნის, "ზემოთ" კაცი ესაჭიროებაო. აბა, როგორ იქნება ეს მართალი, არამც და არამც! საქართველოში პროტექციონიზმი და ნეპოტიზმი გაგონილა?! რა ცილისმწამებლობაა, ღმერთო ჩვენო!

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ მიშა სამშობლოდან განდევნილმა წამოაყრანტალა, პუტინმა ცალკე გამიყვანა, გაავებულმა ფრჩხილი ჩამასო მუხლში და ომით დამემუქრაო. მერე დაუმატებია, არ მჯეროდა, მაგრამ აგვისტომ დამაჯერაო. ეს კაცი იყო ჩვენი პრეზიდენტი? მუხლმოჩიჩქნილს ნეტავ როგორ აქვს მყესები? მყესისა ვიკითხო, თორემ გონებაში მთლად დალაგებულად რომ არა აქვს "სქემები", დანანებით მიწევს ამის თქმა. ახლა კი ბოკერიაზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა - გერმანიიდან ექსტრადირებით გადმოუციათ ჩვენი მხარისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, დავით ჭაკუა. გახსოვთ, გიგა ბატონს რა თანამდებობა ეჭირა "ნაციონალური" მმართველობის დროს?! ჰოდა, ქართული პოლიტიკის მარადბრწყინვალე ვარსკვლავს განუცხადებია, არ ვიცი, ვინაა ეგ ჭაკუაო! ნეტამც და რა გონების დაბინდვა გეტაკა, გიგა?! ნუ გვატყუებ, კაცო! რაც სოზარ სუბარს სახალხო დამცველობის ჟამს ციხეებში არაადამიანური მოპყრობის შესახებ ანგარიშები აქვს წარმოდგენილი, ეგ როგორ დაგავიწყდებოდა?! და თუ მართლა ასეთი "მახსოვრობის" კაცი ხარ, კიდევ რა პოლიტიკური პერსპექტივა გაქვს?! შენ "ივიწყებ" წარსულს შენივე მომავლისთვის? სამაგიეროდ, ჩვენ არ ვივიწყებთ და "ქართულმა ოცნებამ" რაც უნდა სასათბურე-კოჰაბიტაციური პირობები შეგიქმნას, მაინც ისე გექნება შენი "ნაციონალური" წარსული ყელზე ჩამოკიდებული, როგორც "ჯაყოს ხიზნების" ხევისთავს კატის ლეში!

პ.ს. ქუთაისის ბაღის კიდეზე დაახარისხეს ქართველი პოლიტიკოსები: შალვა ნათელაშვილი ქართული პოლიტიკის "ჩინური" ჟირინოვსკია დუშეთიდან, ბოკერია - "გებელსი" თბილისიდან, ბურჯანაძე - "ტეტჩერი" თერჯოლიდან, თაკო ჩარკვიანი "ჟანა დ,არკი" მესტიიდან და სალომე ზურაბიშვილი სალომეა მაინც პარიზიდან...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს