"პუწინის" დამმარცხებელი თაკო და ულვაშდამშვენებული რომანი, ანუ ვინ აპირებს ბიძინას დამარცხებას - კვირის პალიტრა

"პუწინის" დამმარცხებელი თაკო და ულვაშდამშვენებული რომანი, ანუ ვინ აპირებს ბიძინას დამარცხებას

საერთოდ, ციხეგამოვლილი ხალხი ჩემი ბავშვობისას შიშს იწვევდა საზოგადოებაში. გაიარა ოცდაათიოდე წელმა და რადიკალურად სხვა სურათი გვაქვს. ციხეში შესვლამდე იყვნენ შიშის მომგვრელები: მერაბიშვილი ივანე, ოქრუაშვილი ირაკლი და თუნდაც - გიგი უგულავა. მოიხადეს სასჯელი (ვფიქრობ, ვადაზე ადრე გამოაბრძანეს "სანატორიუმებიდან" ეს "ვაჟბატონები" და უცებ გამოჩნდა, რა "დუხის" პატრონები იყვნენ ეს მიშას ხელის ბიჭები!) ზოგჯერ კი უნდათ ხოლმე, გუბაზისა არ იყოს, მეტი სოციალური წონა გამოაჩინონ, მაგრამ ნათქვამია, რაც არ დაწვა, რა ადგაო? ასეა ვითომ პოლიტიკოსების საქმე. ვერ უნდა მიხვდნენ, რომ ეს "ნაციონალები" ან "ნაციონალების ასკოლკები" ვერაფერს წარმოადგენენ მიშას გარეშე? აი, ეგ თუ ჩამოვიდა და ამათ დაუდგა სათავეში, მაშინ კი იქნებიან... მაგრამ არ ჩამოდის ის კაცი ცოცხალი თავით საქართველოში და რა ქნან "ნაცებმა" ან "ნაცების" ტოლფასმა პოლიტიკოსებმა, თუ არ იტრაბახეს?

აგე, გიგი უგულავა ხმამაღლა აცხადებს: "ჩემი კონკურენტი არ იქნება არც ის ბედკრული ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც თვითონაც არ იცის, რომელ პარტიას როდის წარმოადგენდა, მათ შორის, ზუგდიდში, ჩვენი კონკურენტი იქნება ივანიშვილი, მხოლოდ ივანიშვილი და მარტო ივანიშვილი, რადგან ზუგდიდში გაიმართება მთავარი ბრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ყველა სიბინძურეზე წამსვლელია, რასაც ჩვენ ამ რვა წლის განმავლობაში ვუყურებთ, მე მზად ვარ, მივიღო ეს გამოწვევა, გავუძლო ამას და მზად ვარ იმისთვის, რომ თქვენთან ერთად ვიბრძოლო ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის, ჩვენი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. დავირაზმოთ ერთად და ზუგდიდში ვაჩვენოთ წარმატება!" ამოდენა ყურადღება ერთხელ უნდა დავუთმო ამ წელს გიგის, კარგა ხანია, მაგაზე არაფერი დამიწერია და არ ეკუთვნის ერთი პროვოკაცია? ეკუთვნის! თუნდაც იმიტომ ეკუთვნის, რომ ამოდენა ბიუჯეტის შეჭმისთვის ასე ცოტა სასჯელი არავის მოუხდია! თანაც, ჩიქოვანს რომ ებაქიბუქება, დაავიწყდა მაგას, ხონისა და ვანის მაჟორიტარობას რომ აპირებდა და მომღერალმა ჭიჭინაძემ პოლიტიკური სარმა გამოსდო? აქვე იმასაც ვიკითხავ, ვანი-ხონის ხმების მოთვლის მერე თუ დაითვალა ის მოსავალი გიგი ბატონმა, სადღაც მოტობლოკით რომ დათესა კარტოფილი? მოიხედე, გიგი, ჩემო კარგო, შენ ზუგდიდში არჩევნების მოგება კარტოფილის "სამარიაჟოდ" თესვა ხომ არ გგონია?!

ისე, საერთოდ, ყველამ საკუთარ პოლიტიკურ წარსულს უნდა გადახედოთ, დროა. აგერ, გიგი "ნაცი" იყო, ხანაც "ევრონაცი" თუ "ევროქოცი"! გიგი, "ნაცობას" იმიტომ გაძახებენ, რომ მიშას ბუდიდან ხარ აფრენილი და "ქოცობას" კიდევ იმის გამო, რომ ამ ხელისუფლებასთანაც გაქვს რაღაცები კარგად დალაგებული - წინააღმდეგ შემთხვევაში, "სვაბოდაზე" სხვანაირად ვერ მოხვდებოდი ასე სწრაფად!

მის აღმატებულება ვაშაძე ჯუნიორსაც მინდა მივმართო: რაღაც პოპულისტური სახელით გინდა, ბიძიკო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდე? ვის სჯერა ახლა ან ის, რომ შენ პრემიერი გახდები, ან კიდევ ზეოცნებებს შეგვისრულებ 300 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა ტექნოპარკებით, IT-ქალაქებით, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებით, სესხებზე პროცენტის განახევრებით, პენსიონერებისთვის პროცენტის ჩამოწერით, ბიზნესისთვის ხელშეწყობით, წამლების 30%-იანი გაიაფებით? არ იყავი ხელისუფლებაში, ადამიანო, გიგისი არ იყო? ვინ გიშლიდათ ქვეყნის აყვავებასა და დამშვენებას? როგორც თქვენ ააყვავებთ ქვეყანას, ისე დაგიმშვენდათ ცხვირი და წვერ-ულვაში! თუ მართლა ააშენებთ რამეს, კი იქნებით დალოცვილები - ასე გამოდის...

ისე, ულვაშის დამშვენებაც არ გვშველის, თორემ რომან გოცირიძე, რაც თავი მახსოვს, ედუარდ შევარდნაძის დროიდან დღემდე, ულვაშდამშვენებული არ გვესაუბრება ტელეეკრანებიდან? ან ირმა ნადირაშვილი რის იმედად გაყვირის, რომ ბიძინას დასცემს გულაღმა რუსთავში? ბარემ, "არაქოცმა" მაჟორიტარმა კანდიდატებმა დაიწყეთ კამპანია "გაგვიყალბეს არჩევნები"!..

P.S. ყველა ოპოზიციონერი გაყვირის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინას დაამარცხებს, მხოლოდ თაკო ჩარკვიანია გამონაკლისი - თაკო პუწინს ამარცხებს საბურთალოზე... ღმერთმა ხელი მოუმართოს, ამითაც როგორ განსხვავდება დანარჩენებისგან!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს