არც მიშასი ვართ და არც ბიძინასიო, ანუ ვინ არიან "ბუბ"-ელები - კვირის პალიტრა

არც მიშასი ვართ და არც ბიძინასიო, ანუ ვინ არიან "ბუბ"-ელები

ოღონდაც გამაგებინა, "ევროპული საქართველო" სინამდვილეში "ევრონაცებია" თუ "ევროქოცები"!.. "ნამდვილი ნაციონალები" ამბობენ, ბიძინამ იყიდაო, "მწარე ქოცები" კიდევ ამბობენ, რომ ფასადურია მაგათი სახელი და დამოკიდებულებები, "ნაცი" ისევ "ნაცად" რჩებაო, ამ დროს კი ბოკერია-უგულავა-ბაქრაძე ყველგან ხმამაღლა აცხადებენ, რომ ივანიშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას უნდა ვუთხრათ ყველამ არა, ასევე არა - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას, და ამ ორივეს ევროპული კოალიცია ჩაანაცვლებსო...

ვაჰმე, ეს რა გველები გაგიზრდია უბეში, ბიჭო, მიშა! ან ეს რა ხალხი შეგიშვია, ბიძინა, პარლამენტში? არც მიშასი ვართ და არც ბიძინასიო, ეს უკვე რაღაც დამოუკიდებლობის ასპარეზზე გასვლასა და ბაირაღების აფრიალებას მაგონებს და დავიჯერო, რომ ამ "ბუბ"-ს (ბოკერია-უგულავა-ბაქრაძეს) დაუჭერელი დათვის გატყავების ილუზია აქვს? მაჟორიტარებადაც რომ უნდათ "გაჩითვა" ტიპებს, ეს ცალკე კომედიის ჟანრია! ვერ ხედავთ, ბიძიებო, რა ტალიკ-ტალიკი ბიჭები (მგონი, სარუსთავოდაა ერთი ქალი) შეარჩია "ოცნებამ"? მაგათ, ასე თუ ისე, ფულიც აქვთ და გავლენაც, თუმცა - ყველაზე მეტი კაპიტალი მაინც ისაა, რომ ამ ახალი ნაკადის "ქოცობას" ბიძინას მხარდაჭერა აქვს და მოგახსენებთ მწარე რეალობას, ეს არც ისე ცოტაა. და სიმართლე ისაა, თუ ბიძინა გიჭერს მხარს, მაჟორიტარად დენდროპარკის ნებისმიერ ბინადარს აქვს 99,9%-იანი შანსი! არ გჯერათ? გადახედეთ, რას წერს ბიძინაზე თვით დიდი ხათუნა ხოფერია! თუ არ იცით, გეტყვით, წერს დითირამბს ბიძინაზე და მეტს არაფერს...

მოდი, პოლიტიკა ცოტა ხანს გვერდზე გადავწიოთ და მივხედოთ პანდემიას, სანამ თავად მოგვხედავს მკაცრად და მრისხანედ. მესტიის ჩაკეტვა როგორ შეიძლებოდაო? - გაჰყვირიან. აბა, რა, რატომ უნდა გამკაცრებულიყო პირობები, სხვა თუ არაფერი, მესტიიდან მივიღებდით საქართველოს ყველა კუთხეში "ტრანსპორტირებულ" კორონას და მერე "პლასტინკას" გადააბრუნებდნენ! თურმე, როგორ შეიძლება ადამიანის გადაადგილების უფლების შეზღუდვა! ამის გარდა, თურმე ორი სატკივარი აქვთ მოსარჩენი "გულაჩუყებულებს": პირველი ის, რომ ბიძინასთან დაახლოებულ სასტუმროთა მეპატრონეებს აქვთ "მწვანე ანთებული" და იქ მიედინება კარანტინისთვის გამოყოფილი ფული (ზოგმა, 600 დოლარი კაცის თავზეო, ზოგმაც - 4 ათასი ლარიო) და მეორე ის ადარდებთ, რომ ზოგ სასტუმროში თურმე კვება არ ვარგა ან სანიტარიული პირობები... აჰ, შაშვის მკერდის ანათალა არაა კვებაში ან ხოხბის ფრთა? "პეროები" დაგცვივდეთ, ვინც ამაზე მოთქვამთ! დავიჯერო, ლუკულუსის სადილ-ვახშამი გქონდათ მუდამდღე კარანტინში მოხვედრამდე?! თან, ის ხალხი მაინც ნუ მოთქვამს, გახვრეტილი გროში რომ არ შეუტანია ბიუჯეტში! ჩვენ ის ვიდარდოთ, რატომ გადმოხტა ის ახალგაზრდა ბათუმის საკარანტინო სივრცის მეოთხე სართულიდან და პატარ-პატარა კერები აჭარიდან და მცხეთა-მთიანეთიდან არ გვექცეს მეორე ტალღად! მერე ვიმსჯელოთ იმაზე, უშველის თუ არა სკოლებში ორცვლიანი სწავლება და კიკინის მოჭერა ვირუსის პრევენციას. ან კიდევ, ვიშაყიროთ ასე: "ჩადი სვანეთში ერთი დღით და დაისვენე საქართველოს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ორი კვირა" - და აეწყობა ქვეყნის ეკონომიკა...

ისე, ეს ეკონომიკაც კაი გვარიანი გვქონია, თორემ ჯერ ამდენი მუქთახორა როგორი შესანახავია ან კიდევ, საკარანტინო სივრცეები?! ვითომ ატმის რეკორდული გაყიდვა გვიშველის? თან, მახსოვს, ადრე ერთი დიდი "ნაცეკონომისტი" ამბობდა, რად გვინდა ეროვნული აგროსფერო, რა ატამი, რი ატამი, არგენტინიდან შემოტანა უფრო იაფი გვიჯდებაო... ჰო, შემოტანილი ჯობს ყველაფერს, აბა, ჩვენს აზნაურულ ფსიქიკას როგორ ეკადრება მიწასთან ჭიდილი, ძროხის მოვლა და ფუნაში თუნდაც შემთხვევით ფეხის ჩადგმა. ვიმუშაოთ პარტიულ კოორდინატორებად და აქტივებად, მოგვცემენ არჩევნებამდე პაპიროზის და ყავის ფულს და ვიქნებით ბედნიერები უკუნითი უკუნისამდე! თუ არა, კილოგრამობით მარიხუანა და კოკაინი მოგვცენ და ისეთ ასტრალებსა და ოცნებებში გავიჭრებით, ვერც ერთი პოლიტიკოსი რომ ვერ დაგვპირდება მსგავსს...

P.S. მთავრობის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც საკარანტინო პერიოდი 14-დან 12 დღემდე დაიყვანეს, სვანეთიდან ჩამოყვანილი ვიზიტორი აპროტესტებდა რეპლიკით: "ორი დღე დაგვაკლენ, შობერძაღლებმა..."

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს