ბიძინას ჯამიდან გადაცვივნულები და "ევრონაცების" რუსული პროლეტარული დაპირებები, ანუ ქალბატონო ეკა, ახლა აღარ მოგწონს ივანიშვილი?! - კვირის პალიტრა

ბიძინას ჯამიდან გადაცვივნულები და "ევრონაცების" რუსული პროლეტარული დაპირებები, ანუ ქალბატონო ეკა, ახლა აღარ მოგწონს ივანიშვილი?!

ახლახან "პუწინის მონა" მერკელის გამოსვლის ჩანაწერს მოვუსმინე, სადაც ახსენა სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომლის გადაჭრის წინაშეც დგას ევროპის ძრავად აღიარებული გერმანია. ეს არც ახალი წიაღისეულების დამუშავებაა, არც ნანოტექნოლოგიები, არც გერმანიის ტერიტორიული საზღვრები, არც ნატო, არც ევროკაშირელი მეზობლები! ბევრად რთული საკითხები დაასახელა. აი, ესენი: 1. ყველა ბავშვის ხარისხიანი და კარგი განათლებით უზრუნველყოფა. 2. ბიზნესის მხარდაჭერა, როგორც ფუნდამეტი მთელი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. 3. ხელოვანთა მხარდაჭერა, როგორც საზოგადოების სულიერი განვითარების ფუნდამენტი.

და ჩვენ არჩევნების წინ ბევრ ბუტაფორიულ დაპირებას ვისმენთ, გასტროლიორი ნაპრეზიდენტალის და ვაიპოლიტიკოსების დაბრუნება ანონსდება... და ნაცვლად იმისა, რომ ფუნდამენტურ ღირებულებებზე ვაკეთებდეთ აქცენტებს და შემდეგ - არჩევანს, ვისმენთ "ევრონაცების" (ანუ ბუბ-ელების, იგივე ბოკერია-უგულავა-ბაქრაძის) პროლეტარულ დაპირებებს, ისაო, ესაო, მოვალთ ჩვენ და მიწებს გლეხებს მივცემთო, სოფლების გარშემო - ტყეებსაცო! ნეტავ რომელ მიწებს გვირიგებენ, უკვე კარგა ხანია, პატრონები რომ ჰყავთ?! ანუ მათ წაართმევენ და ჩვენ მოგვცემენ?! ან კიდევ, გაჩანაგებული ტყეები გინდათ და მოგვცენ, გინდათ და არ მოგვცენ, ნეტავ ვის რად უნდა?! ესენი მე "ევროპელები" მეგონა და წმინდა რუსული პროლეტარიატის რიტორიკა არ მოგვცეს წინასაარჩევნოდ? მაგას ისევ ის დროშა გვერჩივნა, მიშა რომ გვაძლევდა წინასაარჩევნოდ.

რუსეთზე გამახსენდა: ელენე ხოშტარია იხევს ტანზე პოლიტიკურ მანტიას ხატმტვირთველ "პატრიოტთა ალიანსზე", - დე ფაქტო, პუწინის აგენტები არიანო და რიხით აცხადებს, 25 აგვისტოს ანტიპუტინური არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, სადაც სარწმუნო ინფორმაციაა მოცემული "პატრიოტთა ალიანსის" პირდაპირ კავშირზე კრემლთან, განცხადებით მივმართე პროკურატურას, რადგან ეს ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულს და ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი; პროკურატურიდან მივიღე ფორმალური და უპასუხისმგებლო პასუხი ჩემს განცხადებაზე. პროკურატურის პასუხში ნათქვამია, რომ თურმე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობსო! აბა, ნეტავ რას ელოდებოდა ქალბატონი ხოშტარია, პროკურატურა ფეხის წვერებზე დადგებოდა და გაარკვევდა რამეს?! ეგენი რომ რამის გამკეთებლები იყვნენ, იმ ცხრა წლის ამბებზეც დასდებდნენ ბრალს ბევრს და კიდევ მის შემდგომ 8 წელზეც არანაკლებს იპოვიდნენ ხელჩასაჭიდს. ეს თავსატეხი "პროვოკაციით" ვერ გადაწყდება, ვერც იმის გადაწყვეტას გპირდებით, რომ თავად ხოშტარიას გავაჩუმებ, რომელსაც რუსული განათლება აქვს მიღებული და თან - საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის სასწავლებელში (დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი საერთაშორისო უსაფრთხოების განხრით) და საქართველოში რუსული ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" რომ აკისრებს, სრულად ვეთანხმები! გამოფინონ ნუსხა, ვინ ვის ემსახურებოდა წლების განმავლობაში! უბრალოდ, ამ ქვეყანაში ყვავმა ყვავს არ უნდა დასცინოს შავ ბუმბულზე...

ეს შავი ბუმბული განა მარტო "ნაციონალურ მოძრაობას" და მასთან გათანაბრებულ-ასოცირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს კი არ ასხიათ, ბიძინას ჯამიდან გადაცვივნულებსაც თურმე!

აი, ქალბატონი ბესელია აცხადებს, რომ საარჩევნო გარემო და პირობები არათანაბარია, "კოვიდს" ამოფარებული სოციალური პროექტები სხვა არაფერია, თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვა და პირდაპირ #41-ის შემოხაზვისკენ მარშით სვლაო! ქალბატონო ეკა, ახლა აღარ მოგწონს ბიძინა?! მაშინ როგორი იყო, ფოთში რომ გაგამაჟორიტარა, მის მერეც დაგსვა პარლამენტში და ბოლოს ფეხი დაუკარით ამ ამაგს ისე, ვითარცა გუბაზმა და მისებრ განაწყენებულებმა?

ისე, რომ ამბობენ, უფრო ადრე უნდა გაცემულიყო დახმარებებიო, ამაზე პირადად მე მახსენდება ექიმის მწუხარე რეპლიკა ხიდან ჩამოვარდნილი ერთი გურულის გარდაცვალების გამო, - მოყვანა დააგვიანეთო, - და ჭირისუფლის შეძახილი, - როის მოგვეყვანა, ბატონო, ვიდრე ხიდან ჩამოვარდებოდაო?!.

P.S. ხაზარაძის ბილბორდი მომხვდა რამდენჯერმე თვალში და კითხვა გამიჩნდა: მამუკა, პიარკამპანიას ვინ გიგეგმავს, რას უხდი ასე ცოტას, რომ ხან რას გაკრეფინებენ მინდორ-მინდორ, ხან კიდევ, უცნაური პროფესიის ადამიანად წარმოგვიდგინეს შენი თავი? კი ვიცი, ძალიან ბევრია, ვისაც შენი სჯერა... აი, არჩევნები დაგარწმუნებს მაგაში!

დაბოლოს, ერთი ჭეშმარიტება: წიწილებს, ხმებს და საბანკო მოგებებს ითვლიან წლის ბოლოს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს