რა გგონიათ, ნანუკა ვაზს აგიკრავთ ხარდანზე, ჭიჭინაძე სიმღერ-სიმღერით დახნავს და დათესავს თუ..., ანუ აღტყინებული განცდები საარჩევნოდ - კვირის პალიტრა

რა გგონიათ, ნანუკა ვაზს აგიკრავთ ხარდანზე, ჭიჭინაძე სიმღერ-სიმღერით დახნავს და დათესავს თუ..., ანუ აღტყინებული განცდები საარჩევნოდ

სირცხვილის კასკადი გრძელდება, თან - ძალიან სირცხვილის. ქოცაქტივისტები გაძუყნეს ნაცაქტივისტებმა ბოლნისშიო. ზოგმა კიდევ პირიქით თქვა: ქოცებმა სცემეს ნაცებსო. ვინ ვის სცემს და ვისთვის? ხალხო, აგე, ბევრი პოლიტიკოსი ხან ქოცია, ხან ნაცია და მაგათნაირების გამო უბაყუნებთ ერთმანეთს? ჭკუა ვერ უნდა ისწავლოთ? კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ მაგალითისთვის, ეგებ მერე მაინც მოუკლოთ აგრესიას. მიშასეული ლიდერები მიშას განუდგნენ და თქვენ რამ დაგაფანატათ ასე?! ნუთუ ამ ერთი ბეწო ქვეყანაში ერთად არ უნდა იცხოვროთ? ამავეს ვეტყვი პატარა ქოცებს, აგე, რამდენი განქოცდა და გაგუუბაზდა?!

ყველას გეკითხებით, ქოცებს რომ ძალიან უნდოდეთ, ნაცების განეიტრალებას რა უნდა?! მე თქვენ გეტყვით, მონდომების შემთხვევაში ვერ მოუძებნიან ცოდვებს თუ ისეთ სახეზე ასაფარებელ ფაქტს ვერ უპოვი, რომ გააშავო? ახლა კი ისე ლაპარაკობენ, თითქოს სიწმინდით უფრო აღმატებულნი არიან ფრესკაზე გამოსახულ ანგელოზებზე. ხალხო, ნუთუ მეტი არაფერი საქმე არ გვაქვს, ერთმანეთთან ჩხუბისა და დაპირისპირების გარდა? საშინელი სტატისტიკაა, მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსითო და მსოფლიო კრიზისშია, თან ჩვენთან "კორონირებულთა" რიცხვმა ყოველდღიურად სამასს მიუკაკუნა და რომელი ნომერი უნდა შემოვხაზოთ, ამაზე გვაქვს აღტყინებული განცდები! რა გგონიათ, ვანსა და ხონში ნანუკა ვაზს აგიკრავთ ხარდანზე ან კიდევ, ჭიჭინაძე ხონსა და სამტრედიაში სიმღერ-სიმღერით დახნავს და დათესავს?! აქვე, გვერდით, ორი სახელმწიფო ეომება ერთმანეთს და ტრამპს უთქვამს, დავაკვირდებით, მოხერხდება თუ არა სომხეთ-აზერბაიჯანის საომარი მოქმედების შესაჩერებლად ჩვენი ძალისხმევის გამოყენებაო, და ამ დროს დევი ჭანკოტაძის ნანუკა ჟორჟოლიანის ჩანაცვლებით ვიქცევთ თავს! ან კიდევ თავს ვიქცევთ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, საარჩევნო შეხვედრაზე ქვები დამიშინესო. "ანზორიჩი" აღნიშნულს "ქართულ ოცნებას" უკავშირებს და უკრაინაში გარდახვეწილი ნაპრეზიდენტალიც დიდი რიხით აცხადებს, - აგე, ესეც თქვენი "ოცნება", განწირულია და ძალადობს ჩემს ერთგულ ჯარისკაცებზეო! რომელიღაც მედიასააგენტომ ქოცეულის საპირწონე ნაცოცეულის თუ ნაცოცდახუთეულის სია გამოაქვეყნა და ყბა მომექცა გვერდზე. აი, ქოცეულის შემადგენლობა ქრისტეს დატირების ტოლფასია, მაგრამ ეს რაღაც უფრო მეტია. ასე თუ გაგრძელდა, დაკარგავს ნაცმოძი მთავარი ოპოზიციის სტატუსს და წაიღებს ინაშვილი-თარხან-მოურავის პარტია, რომელიც ისეთ წინასაარჩევნო კამპანიას მართავს რეგიონებში, "ლელოს" რომ არ მოელანდება, არც ევრონაცებს, თუნდაც ჩერგოლეიშვილი სკამზე შეხტეს!

ისე, რატომ დაიწყო გახარიამ "საჩხერიზაციაზე" ლაპარაკი, თუ იცით? სალაპარაკო თემა რომ ჰქონოდა ოპოზიციას, თორემ სხვა არც არაფერი. გგონიათ, რომ პრემიერობიდან გაშვების შიში ალაპარაკებს? არამც და არამც. არც კალაძეს აქვს ბიძინას შიში. კი უკითხავთ, ბიძინამ რომ გითხრას, წახვალ თანამდებობიდანო? - და, - არაო, არ წავალო! ან რატომ უნდა უთხრას ბიძინამ კალაძეს რამე?! ვთქვათ და, წავიდნენ ერთიც და მეორეც, რა უხარია ოპოზიციას, ეს გამაგებინეთ. განა ამათი გაშვებით ვაშაძე მოვა პრემიერად ან კიდევ - მიჰა ჰამოვა? დროულად მიხედოს ამ მთავრობამ ლარის კურსს, თორემ ჩამოგვეფხავება თავზე საქართველო და აღარ გვიშველის მერე თითზე კბენა. გასაგებია, წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში კურსი ეცემა მარტივი მიზეზის გამო - ფულიანი პარტიები "ჩრდილოვან ფინანსებს" უშვებენ ბრუნვაში და ახალ წლამდე არ გვქონდეს იმედი, რომ დოლარი გაიაფდება. საახალწლოდაც მხოლოდ იმის გამო ჩამოვარდება უცხოური ვალუტის კურსი, რომ საზღვარგარეთიდან გადმოირიცხება ფული ახლობლებთან და აქედანაც უნდა იხეირონ უხეიროებმა!

P.S. პოსტსკრიპტუმში პატარა მიმართვა უნდა დავწერო, ანეკდოტის იმედი ნუ გექნებათ: ხალხო, სამსახურები რომ არ გაქვთ, ვიცი. ეს მთავრობა რომ არ გიყვართ, გავიგე (ან რა საყვარელი ესაა!). ამის წინ რომ მთავრობა იყო, ისიც რომ არ გეპიტნავებოდათ, ეგეც გასაგებია. არც წინას წინა და იმის წინა იყო ხალხზე თავგადაკლული. ყველა მახსოვს და ყველა ვიცი. არჩევნები რომ იწყება და სალანძღავი ჯერ კიდევ ბევრია, ეგეც მესმის, მაგრამ, აი, ძილს რას ერჩით, რა დაგიშავათ, იქნება რამე კარგი სიზმარი დაგესიზმროთ, წაძინება გეცადათ მაინც! გამოძინება ჯობს ტყუილუბრალო ალიაქოთს ერთი უბრალო მიზეზის გამო - პოლიტიკოსები არაფერს იკლებენ და თქვენ რაზეც მიგიწვდებათ ხელი, უარს იმ სიკეთეზე ნუ იტყვით!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს