"გასპაჟა" ნინო, ვაშაძეები და "ნაცების" ბუბა, ანუ ვის აგიჟებენ ბიძინა და კალაძე
"გასპაჟა" ნინო, ვაშაძეები და "ნაცების" ბუბა, ანუ ვის აგიჟებენ ბიძინა და კალაძე
აგე, ბიძინამ მორიგი საჩუქარი ჰქმნა - იპოდრომი აჩუქა დედაქალაქს. და რად ჰქმნაო, აყვირდნენ "ოცნების" ოპონენტები და იქვე უპასუხეს, იმად ჰქმნაო, რომ ეს არის ხარკი იმისათვის, ამომრჩეველი მოტყუვდეს, რათა ნომერი 41 მოხაზოსო! კარგი, ვთქვათ ეს ასეა და მაშინ, გამობრძანდეს ნათელაშვილი და დუშეთში დათმოს აგარაკი, ვაშაძეებსაც ექნებათ რაღაც და მისი ნაწილი უფეშქაშოს ხალხს, ბურჯანაძემაც გაიღოს მოწყალება და ოდნავ მაინც მიემსგავსოს ბატონ ანზორს (მამას!) სიქველითა, გაცემითა, უსაზღვრო სიკეთითა! ვიღაც გაჭირვებულიც კი იქნება პოლიტიკური
სპექტრიდან, მაგრამ მაგათ რა პირით მოვთხოვო რამე, როცა მომხვეჭელობით ცდილობენ ლომის ხახიდან გამოიტანონ კაპიკები? და მომხვეჭელობასაც ვერ დავარქმევ ზოგის უპასუხისმგებლობასა და კარიერულ სწრაფვას, მოგეხსენებათ, ზოგი მილიონს ეპოტინებოდა და რა გამოუვიდა?! ბიძინას ჯამიდან გავარდა და სააკაშვილის როფში ჩავარდა!

საკვირველია უფლის გზებიო და თქვენ, ვინც უფრო საკვირველს
ელოდებით, გეტყვით მარტივად, ესაა გზანი პოლიტიკოსებისანი. ბუბა კიკაბიძე ჩაუსვამთ "ნაცებს" სიის სათავეში და ატყდა მეორედმოსვლა! ეს კრისტალური კაცი იმად ჩავსვით სიის სათავეში, რომ ის სინდისით გამორჩეულიაო, რომელიღაც ნაცქალს უთქვამს. აბა, რა! ასეცაა, ყველაფერი შედარებითია და კიკაბიძის ავტომატის ხელში ჭერა რა მოსატანია იმასთან, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა?! ეგებ და ისიც წამოაძახოთ ახლა, რუსეთში მღეროდაო და კიდევ, შევარდნაძის "მოქალაქეთა კავშირში" შევიდა მანამდე სრულად უპარტიოო. კარგი რა, ხალხო, ნუთუ შევარდნაძის კარზე არ აღზევდა არაერთი სათაყვანებელი ჩვენი პოზიცია თუ ოპოზიცია?! აი, განსაკუთრებით, ისევ ბურჯანაძე მინდა გაგახსენოთ - ეს ის "გასპაჟაა", რომელიც საქართველოს პარლამენტს ხელმძღვანელობდა და ახლა რომელიღაც ჟურნალისტისთვის უთქვამს, ეს, რასაც ვამბობ, სოფლელებისთვისაც კი გასაგებია და შენ რად ვერ გაიგეო! ეს რა თქვი, ადამიანო, ნუთუ შენ გეძახდნენ ქართველ თეტჩერსა და 21-ე საუკუნის თამარ მეფეს?! ვიღაცამ მწარედ დაწერა, ძალიან იოლია, ადამიანი წავიდეს ყანიდან, მაგრამ ყანა არ მიდის იოლად ადამიანიდანო და ახლა გინდაც სულ პროვოკატორი მეძახეთ უკუნითი უკუნისამდე!

წინათ დავწერე, რომ ბიძინას ოპოზიცია გამოჰყავს მწყობრიდან-მეთქი და ვიღაცებმა არ დაიჯერეს. ფაქტის სიჯიუტეს რა ვუთხრა, თორემ არ ვიტყოდი არაფერს. ზოგმა მარშალი ახსენა, ზოგმა სპარტაკი და თუ ვინმემ ნაპოლეონიც ახსენა, ჩათვალეთ, რომ ბიძინამ გააგიჟა ეს ხალხი რაღაც დიდი ექსპერიმენტის ფარგლებში და სამკურნალოდ შეყრიან სადღაც... ჰუმანისტური მიდგომებიდან გამომდინარე, მართლა შემიძლია გითხრათ, რომ ავადმყოფთა მკურნალობა დიდი მადლია, მაგრამ ცოდვად მიეთვლება ბიძინას ამდენი ხალხის გაგიჟება, დიახ, ცოდვად და მერე ვერც დენდროპარკების მოჩუქებით გამოისყიდის "გრეხებს", ვერც - იპოდრომის გადმოცემით და აწ უკვე მივიწყებული "ბლექ სი არენაც" არ იქნება ინდულგენცია! ამ პოლიტგიჟების მკურნალობას, ისევ "კოვიდიანებს" უმკურნალოს, ის სჯობს, ლამის 600 კაცზე რომ ავიდა დღიური მონაცემებით! დავამატებ, არც ნაკლებია კალაძე ბიძინაზე. ეგეც შესაძლებლობის ფარგლებში აგიჟებს ოპონენტებს და საპატიო თბილისელების წოდებები მართლა ღირსეულ ხალხს რომ გადასცა, გგონიათ, ეს არ ანერვიულებს ოპოზიციას?! ანერვიულებს ფრიად, იმიტომ, რომ ჯერ ეს ექიმები უყვართ ადამიანებს და მეორეც, დოჩანაშვილზე ვერავინ იტყვის, უღირსიაო! ახლა ქება-დიდებად ვისაც მოგეჩვენებათ ეს "პროვოკაცია", მინდა ისეთიც ვთქვა, რომელიც ამ ბატონებს ჩრდილს მიაყენებს: რად არ შეიყვანა გუგული, ენძელა და სოფიო კილაძე სიაში ბიძინამ? ნუთუ ამ ხალხს დამსახურება არ ჰქონდათ, რომ კიდევ ყოფილიყვნენ ღვთის თუ არა, ბიძინას ნებით პარლამენტში? ეს არის უსაზღვრო უმადურობა და უმადურობის გამო მოეკითხება ბიძინას! და კიდევ, აგე, კალაძეს მანქანა უყიდია ცოლისთვის! როგორ შეიძლება, ცოლს ავტომანქანა უყიდოს კაცმა, როცა სხვის ცოლებს სარეცხი მანქანა ენატრებათ?!ერთმანეთზე უარესები ესენი!

პ.ს. ჩერნენკო რომ მოკვდა, გაისმა ზარი კრემლში: - ალო, კრემლია?! - დიახ, კრემლია, გისმენთ! - ცეკას გენმდივნის პოზიციაზე ჩემს კანდიდატურას გთავაზობთ! - თქვენ ავადმყოფი ხართ? - დიახ, ავადმყოფიც ვარ, ბებერიც, მოძროაბაც მიჭირს და ცუდად მესმის...
გადავხედე პარტიულ სიებს და მგონია, ის კრემლში დამრეკავები ისევ ცოცხლები არიან...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები