ბიძინას ბრალეულობა, მიშას მადიდებლები და გუბაზის ტყუილი
ბიძინას ბრალეულობა, მიშას მადიდებლები და გუბაზის ტყუილი
ხასიათში გადაუვიდა ბიძინას გადატან-გადმოტანანი. ჯერ ხე არ დატოვა ქვეყანაზე მოუთხრელ-გადაურგველი, ახლა პოლიტიკოსებს დააპროწიალებს ზევით-ქვევით. ალბათ იცით, მიშა როგორ ჩაბრძანდა ათენში და გგონიათ, ეს არ იყო ბიძინას მორიგი "ტრანსპორტაბელური" ახირება? დამიჯერეთ, იყო! აბა, რომ არა მილიარდერის ახირება, ამდენი მტერ-მოყვარე საიდან გაჩნდებოდა მიშას გარშემო, რომელი მიშაცენტრისტული სამყაროს ღერძი ეგ მყავს?! ბარემ ბიძინას დავაბრალოთ კორონას სიმძიმის ცენტრის გადმოტანა ბათუმიდან თბილისში და ამით შევიქციოთ თავი!
ის, რაც ზემოთ დავწერე, ხუმრობაა. სინამდვილე ისაა, რომ მიშას
არ ასვენებს გამჩენი. ეგ ამდენ ბოდიალში რაღაც ხიფათს აიკიდებს და ყველაფერი ბიძინას დაჰბრალდება! არც მაგას ვიდარდებ. ჟორია ერგემლიძის ბავშვის სკოლაში ატირებისა არ იყოს, "ვეფხისტყაოსნის" დაწერას მაინც ნუ დამაბრალებთო! ასე არ გამოგვივიდეს საბოლოოდ! სულ არ მაღელვებს ამ პოლიტიკოსების მოკლე და გრძელვადიანი მიზნები, მე იმას ვდარდობ, საბერძნეთის
ქართველი ემიგრაცია რომ დაუპირისპირდა ერთმანეთს. ვინ დაუპირისპირდა ერთმანეთს და რის გამო? მიშასმოყვარული ფანატიკოსები და მიშასმოძულეები! ატყდა ორომტრიალი! რისთვის, ხალხო?! იმ კაცს, არა მგონია, უმიზეზოდ აეწიოს ხელი.

მიზეზშედეგობრივია ყველაფერი. ცალკე ეს ბელადთმადიდებელი ხალხია საშიში და მერე სამართალუპოვნელი ხალხი, რომელსაც შურისძიების გრძნობა არ მოასვენებს, ვიდრე ან მიშას არ ჩასცხებს თავ-პირში, ან მელიას არ გაულაწუნებენ სახეში. და ვინაა ბრალში? ისევ "ქოცები", ბატონებო, ხალხს არაფერში ესაჭიროება რიტორიკა, "ნაცები" ცუდიაო. ხალხს სიმართლე და სამართლიანობა უნდა! ოთხიოდე მილიონ კაცს, თუ სახელმწიფოს ნებაა, როგორ ვერ აცხოვრებ კარგად?! ახლახან მდინარაძე მამუკა, აი, ის მამუკა, ერთობ მოწესრიგებული ნეოკომკავშირელის პათოსი რომ ადევს მუდამ სახეზე, ვიღაცებმა დაადანაშაულეს "ნაცებთან" ერთად დროს ტარებაში. არ ვიცი, ახალია, ძველია, მთავარი უბედურება ისაა, რომ ოდესღაც, თუნდაც წლების წინ მშვენივრად ეწყობოდი მიშისტებს და ვიკითხავ, კოაბიტაციაში რომ ადანაშაულებდით წყალწაღებულ "რესპებს", არა მარტო ბერძენიშვილთა პარტიაში ყოფილა გაჭირვების დვრიტა!

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი (რაღა კონფლიქტი, ომი) მოსკოვის დონეზე შეჩერდა. ამ გაჩერებასაც აქვს თავისი მიზეზი და მიზანი, ეს ჩვენ ნაკლებად გვეხება, მაგრამ მე სხვა რამ მადარდებს. გამოდის ოპოზიციის ნაწილი და გაიძახის, სტრატეგიულ მეგობარ აზერბაიჯანს არ უნდა ვაწყენინოთო. ვიღაცები მოთქვამენ, ბატონი ივერი ხანდაზმულია და ასე ექცევა ჭორვილელის დაკომპლექტებული ხელისუფლება ჩვენს ამაგდარ მოხუცებსო! 62 წლის მიწათმომწყობი თუ კარტოგრაფი, რომელსაც სერიოზულ ბრალდებას უყენებენ, თურმე ხანდაზმული ყოფილა და მიშას დროს ამ ასაკის ადამიანებს როგორ უწოდებდნენ ჩარეცხილებს, ეს თუ ახსოვს ვინმეს? მაგალითად, გუბაზს! გუბაზმა, - აი, დავითგარეჯაზე რომ წუხხართ, თუ იცით, სალოს საგარეო საქმეთა მინისტრობის ჟამს რომ გასხვისდაო? თურმე ესეც ტყუილი დაგიბრეხვებია, ბიჭო, გუბაზ! რით ვეღარ გაწითლდა შენი სირცხვილი?! პარტიიდან პარტიაში გადანაცვლება არ გადარდებს, ტყუილების ლაპარაკის და მიშას კალთაში თავშეფარებისაც არ გრცხვენია? მორჩა, ბატონო სანიკიძე, ამის მეტს შენზე აღარ ვაპირებ დაწერას, მაგრამ ეგებ და, თავად მოგინდეს, რომ დაწერო სინანულის საგალობელი? თუმცა, შენი აღარც სინანული გვინდა და აღარც აღსარება, ისევე, როგორც მიშას ლოკაციების ცვლა!

P.S. "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ზემო იმერეთში - მგონი, გიორგი კაპანაძე - ხარაგაულის რომელიღაც გაჭირვებულის ეზოში ქადაგებდა, გაღატაკდა და დაიმშა ხალხი, აგერ, ბატონო, ეს მოხუცი იყო ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებაში მისული და არავინ უშველაო. აბა, ჩემო გიორგი, ეს რა დაემართა ამ ხალხს, ადრე ყვაოდნენ და ფუძეძლიერი ოჯახები ჰქონდათ, მოვიდა ოლიგარქი და შეუჭამა ხალხს ქონება... მე იმას ვდარდობ, არც "ოცნების" მოსვლამდე რომ არ ჰქონია არაფერი საბრალო ხალხს და არც მას მერე, თორემ ხარაგაულის მაჟორიტარი ვინ იქნება, ეს ისეა სადარდებელი საზოგადოებისთვის, როგორც ბიძინას ზებრის კვების რაციონი...

P.P.შ. მოგეხსენებათ, თაკო ჩარკვიანმა კორონა დაამარცხა! ეგაა ჩვენი ჟანა დ,არკი. ცოტაც აცადეთ და საბურთალოზე პუტინსაც დაამარცხებს, მერე დიღმის ტყე-პარკში დამარხავს საქართველოს მტრებს და ვიქნებით ერთობ ბედნიერები...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები