ისევ გახარია, ტიკარაძის დიპლომი და ბიუჯეტიდან ფულის მთხოვნელი პარტიები
ისევ გახარია, ტიკარაძის დიპლომი და ბიუჯეტიდან ფულის მთხოვნელი პარტიები
მარადონა მოკვდა. დავიტირეთ. არ ეკუთვნოდა თუ?.. მაგრამ აქვე კითხვა: რატომ არ ვტირით ქართული ფეხბურთის სიკვდილს? მოკლედ, ჩვენ ოღონდ "იმპორტული" საზრუნავი არ მოგვაკლდეს და ქართული არ გვაღელვებს! უკვე აღარ მინდა ჩვენებურ ფეხბურთზე ლაპარაკი, მხოლოდ იმას წამოვიყვირებ: წაგებისა და თავის მოსაჭრელად მილიონებს ნუ ჩაურიცხავთ სპორტულ ფედერაციებს.

გაიგებდით, მთავრობამ საქართველოს პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარუდგინა. პანდემიასთან დაკავშირებულ ხარჯებზეც ყოფილა იქ საუბარი, კიდევ ისიც მოგვახსენეს, რომ გასულ წელთან შედარებით, მთავარი ფინანსური
დოკუმენტი იზრდება 221.9 მლნ ლარით და შეადგენს 18 384.5 მლნ ლარს, საიდანაც 890 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია კოვიდთან "სახმალაოდ". ეგებ და გვითხრას ვინმემ, რამდენი მილიონი ლარი უნდა შეხრან პარტიებმა, რომლებსაც მხარი დავუჭირეთ ახლახან ჩატარებულ არჩევნებზე?! თან რა უცნაურია, ღმერთმანი, არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს, მაგრამ ბიუჯეტიდან
ფული მოგვეცითო! რისთვის, თქვე ხმის ხამებო? იმიტომ, რომ ხან რუსთაველზე შეკრიბოთ მხარდამჭერები და ხანაც - ერას მოედანზე?.. მერე ბიოტერორისტების პოზიციიდან გაავრცელოთ "კორონა", რათა მეტად იყვიროთ ხელისუფლების უნიათობაზე, ტიკარაძის დიპლომზე, გახარიასეულ ბოთლების "ცვენაზე", კახი კახიშვილის "კრიმინალურად" მოპოვებულ ხმებსა და თალაკვაძის მიერ ბინის გაყიდვის სურვილზე? აი, თუ ვინმე არ მომწონს, ერთი ტიკარაძეა და კიდევ რამდენიმე მაგალითსაც დაგისახელებთ, თუმცა უნდა გითხრათ, ტიკარაძის მიერ დამთავრებულ სასწავლებელს რომ თსუ-ელობის პოზიციით დასცინით, ეგებ გაიხსენოთ, როგორ ჩაირიცხეთ ამ უნივერსიტეტში?! ან ეგებ ისიც გაიხსენოთ, გუმბარიძისეული, 1989 წლის 9 აპრილის შემდგომი "დათმობის" შემდეგ სტუდენტი ხომ არ გამხდარხართ? და კიდევ უარესი, თსუ არ არის ხშირად რეიტინგულ 200 უმაღლეს სასწავლებელს შორის და ვის დასცინით?! აი, იმას თუ იტყვით, რომ ამ პოლიტიკურმა ფიგურამ პოსტი ჩაიბარა ივანიშვილის ოჯახის სტომატოლოგობის საფუძველზე, ეს სხვა საკითხია (მგონი, ბატონი დიმიტრი ხუნდაძეც იმიტომ იჯდა პარლამენტში, რომ ამავე ოჯახის ყურის ექიმი იყო). ახლა ბარემ განათლების "მეორედმოსვლა" მინისტრზეც ვიტყვი: ბატონო ჩხენკელო, ხობის მუნიციპალიტეტში გაურკვევლობაა, ერთი სოფლის დირექტორის დაუნიშვნელობის გამო მთელი სკოლა გარეთ გამოვიდა, განცხადებით მოგმართათ და თქვენ კიდევ ყურად არ იღებთ ამ ფაქტს? მთელი სკოლა თუ ტყუის და ცუდი დირექტორის დაბრუნება უნდათ, ახია მათზე ეგეთი დირექტორი და დაუბრუნეთ; თუ კარგია, მაშინ - კეთილინებეთ და დანიშნეთ მოვალეობის შემსრულებლად. ამას თუ დროზე გააკეთებთ, მერე ეგებ ხმაც აღარ ამოვიღო და არ გკითხოთ, გამოცდაზე დაურეგისტრირებელი პრაქტიკოსები რომ გაუშვით შინ, ხოლო რეგისტრირებულ, ზაფხულში გამოცდაგადატანილი მასწავლებლები შეინარჩუნეთ სისტემაში, არის თუ არა სწორი?!

ვერაფრით დავტოვებ უყურადღებოდ "შავპარასკევობას". განა ამ დიდი სავაჭრო აფერის შემოქმედები პოლიტიკურ პარტიებზე ნაკლები მავნებლები არიან? ჯერ ყველა უკმაყოფილო იყო ფასებით, მერე - ზედახორითა და უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით! თქვენც იმავე მისწრაფების ხალხი ხართ, როგორიც გახლავთ პოლიტელიტა. გავა ცოტა დრო და თუ ხუთი ათასს გადასცილდა კოვიდით დაავადებულთა რაოდენობა, იცოდეთ, სულ შავი დღე უნდა დაგაყაროთ თქვენ მომხმარებელმა! თანაც, ნახეთ, რა დავაციტატო ახლა აქ - "აფთიაქში შესულმა წამლის ათი აბი ვერ ვიყიდე და ექვსი ჩამოვაჭრევინე... ძალიან დავითრგუნე" - ეს განაცხადა, არც მეტი, არც ნაკლები, თამრიკო ჭოხონელიძემ. ვაჰ...
აი, ზოგი როგორ შოულობს წამლის ფულს და ზოგიც - როგორ, მაგრამ მე რა ვქნა, პროვოკაციები რომ მოვაწყო, ეგრევე ციხეში არ მიკრავენ თავს?! თუ ესებუა ვარ და მილიონების გატანას შემარჩენთ?!

პ.ს. ძალიან გრძელი პოსტსკრიპტუმი უნდა დავწერო. იყო ერთი გიჟი და ქალაქში შურდულით მინებს ამსხვრევდა. წაიყვანეს სამკურნალოდ ფსიქიატრიულ კლინიკაში და პირველი კურსის დასრულებისას დაეკითხნენ, რას გააკეთებდა გაწერის შემდეგ? - გავალ თუ არა, ეგრევე შურდულით დავამსხვრევ მინებსო. დააბრუნეს სამკურნალოდ და მეორე კურსის დასრულების შემდეგ, - რას გააკეთებ, რომ გაგიშვებთო? - "აქედან რომ გავალ, საცოლეს წავიყვან ეკლესიაში, ჯვარს დავიწერ, მერე წავიყვან საძინებელში, გავხდი ტრუსს..." ექიმები აყვირდნენ, - გაჩე, ნუღა გააგრძელებო! გიჟმა მაინც გააგრძელა: ტრუსიკიდან გამოვაძრობ რეზინს, გავაკეთენ შურდულს და ჩავლეწავ მინებსო... ამ გიჟის ნაცვლად წარმოიდგინეთ პოლიტიკოსი, ფეხბურთელი, მასწავლებელი და ვინც გინდათ!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები