დაშლილი "გირჩი", "სტრატეგოს აღმაშენებელი" და "ლეიბორისტები", ანუ მაშინ არ იყო ბიძინა ქვეყნის დამაქცევარი და რუსეთის კაცი? - კვირის პალიტრა

დაშლილი "გირჩი", "სტრატეგოს აღმაშენებელი" და "ლეიბორისტები", ანუ მაშინ არ იყო ბიძინა ქვეყნის დამაქცევარი და რუსეთის კაცი?

წინა პროვოკაციის გამო დიდი ამბავი ატყდა. "ნაცები" "ქოცს" მეძახიან, "ქოცები" - "ნაცს", მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია, დაშლილი "გირჩი" და "გირჩის" მღვდელი არ მიწოდონ, სხვას ყველაფერს ავიტან. ნაცქოცობა არაერთგზის უწოდებიათ და კი ვარ შეგუებული. ისე, "ქოცთა" შორის ისტერიამ მოიმატა - ერთი გადმომიხტა სახმალაოდ, შე საწყალო, გგონია, "ნაცები" დაბრუნდებიან და თავს აფარებ იმათო. რა უნდა ელაპარაკო ასეთებს, უკვე არ ვიცი. თუ ამნაირები არ "დაასტოპა" გახარიამ, მერწმუნეთ, ნეომიშიზმის ისეთ ფორმას მივიღებთ ბიძინიზმის სახელით, წარმოდგენაც რომ არ მინდა ბოლომდე ჯერ...

"ჩაგვკეტენ", მოგეხსენებათ და, კი იკლო მგონი, კოვიდიანების რაოდენობამ. ნეტავ სულ განულდებოდეს ეგ "ღამურავირუსი" და თუ გინდათ, მერე ოპოზიციამ ათასი დღე დაყოს მიტინგზე, ათას ერთი - ელჩებთან ფასილიტაციაზე, ათას ორი - ბიძინას აპარტამენტთან. გერმანიაში გამოუგონებიათ ვაქცინა და დიდად დაგვამშვიდა იმ გამომგონებელმა, თუ ჭკუით იქნებით, გვიან გაზაფხულამდე დავამარცხებთ კოვიდს, თუ არა - შემოდგომამდე გასტანსო. ფრიად მოკლე ინტერვალი დაასახელა, არა?! დიდია, ვიცი, მაგრამ სანამ ჩვენ არ მივხვდებით იმას, რომ თავს უნდა მივხედოთ, არ ავყვეთ პარლამენტარობაზე გადარეულ პოლიტიკოსებს, შავპარასკეობას, მანამდე სულ იქნება ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი!

პარლამენტარობაზე "პოზიციაც" და ოპოზიციაც გადარეულია. განსაკუთრებით, ძალიან აურია ოპოზიციამ. დამმოძღვრეს კიდეც - დემორალიზებულს ნუ გვიწოდებთო. მე კიდევ ჯიუტად ვეუბნები, რომ მათი დემორალიზებულობაა "ოცნების" ამ არჩევნების მოგების საფუძველი. არ გეგონოთ, ისეთ "პოზიციონერებს" ვაქებდე, რომელთა მთავარი ფუნქცია აუცილებლად რაღაც გამაღიზიანებლის თქმაა. და მაინც, ეს ოპოზიცია ახერხებს, რომ გაუხანგრძლივოს "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური ვადა! პირველ რიგში, ბატონო ოპოებო, გაქვთ ცუდი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული წარსული! გამოდის ზოგიერთი აცხადებს, როდის იყო, დასავლეთს ეთქვას, არჩევნები გაყალბებულიაო! ეს არის ფროიდისტული წამოცდენა, ანუ სიმართლე - თავად აყალბებდა გოგორიშვილი ერთ დროს და ახლა თუ ანალოგიური რამე ნახა, მაგას თქვენ ასწავლით, დასავლეთის წარმომადგენლობა სწორს ამბობდა თუ ტყუილს?! აი, ბურჯანაძე იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლებასთან დაწყებული მოლაპარაკებების მიმართ ოპტიმისტური განწყობა არა აქვს, რადგან მათი განცხადებები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება მთავარ აქცენტს ოპოზიციაში განხეთქილების შეტანასა და მოსყიდვაზე აკეთებსო. ანუ ქალბატონო ნინო, თქვენც იმას ღაღადებთ, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის ჟამს ოპოზიციაში განხეთქილება და ათასი უბედურებაც "მოსულა"? ვიდრე არ გადახვედით თამაშგარე მდგომარეობაში, მანამდე ყველაფერი კარგი იყო, მერე გაცუდდა მიშაც და სამყაროც... კიდევ ვისზე გესაუბროთ? ლეიბორისტებზე?! ეგ ხალხი მერვე საოცრებაა - ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ ერთდროულად არ შეიძლება გახვიდე არჩევნების შედეგებით პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე! იქნებ და ევრონაცებს (თუ ევროქოცებს) და "სტრატეგოს აღმაშენებელს" აქვთ უმწიკვლო წარსული? ან კიდევ, "ლელოს"? აი, ცოტა ხნის წინ ხაზარაძის ფოტო გავრცელდა ინტერნეტში, როგორ უღებს ფოტოს ბიძინას მონდომებით! მაშინ არ იყო ბიძინა ქვეყნის დამაქცევარი, რუსეთის კაცი და ხორველა?! თუ მკითხავთ, სადაა გამოსავალი, გეტყვით ერთს - ეს პოლიტიკოსები უნდა გავიდნენ ასპარეზიდან და გამოჩნდება ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას მოიყვანს ჭკუაზე ან გაუშვებს მოუსავლეთში, მაგრამ... ზოგი წითელიგენციის ნამსხვრევია, ზოგიც კიდევ - მარადმწვანე ოპოზიცია და მაგათ გარეშე როგორ იქნება ქართული პოლიტიკა?! არც მიდიან, პოლიტიკაშიც ვერაფერს ცვლიან და ხან პლებისციტს ითხოვენ, ხან ხელახალ არჩევნებს და, პირდაპირ გუბაზივით, მილიონები რომ მოითხოვოთ?...

პ.ს. ერთი ცნობილი პოლიტიკოსი სწერს მეორეს: მეგობარო, დღეს მე ვაწარმოებ კერამიკის, სპილენძისა და შუშის თერმულ დამუშავებას შეზღუდულ გარემოში, ექსპერტული დაკვირვებების ქვეშო. მერე გავიგე, თურმე ჭურჭელს რეცხავდა ცოლის ზედამხედველობით. ახლა თქვენ იმსჯელეთ, ვინაა ეს მრეცხავი პოლიტიკოსი!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს