ულმობელი ბიძინა, "დედანაცმოძი", ორად გაპობილი "გირჩი" და ოქრუაშვილის "ვეფხისტყაოსნის" ალუზია, ანუ საახალწლო პროვოკაცია
31-12-2020
ულმობელი ბიძინა, "დედანაცმოძი", ორად გაპობილი "გირჩი" და ოქრუაშვილის "ვეფხისტყაოსნის" ალუზია, ანუ საახალწლო პროვოკაცია
საახალწლო "პროვოკაციის" დაწერის წინ დიდხანს ვფიქრობდი. შევაჯამე 2020 წელი. აბა, ნომერ პირველო პროვოკატორო, როგორი ხარ თავად? ხარ ისევ რადიკალური თუ აღარ? ზოგი გავაკრიტიკე, ზოგს ვაშლატამა შევარქვი, ნაქოცართა პლეადასაც წავაყარე პოლიტიკური მტვერი და ვფიქრობ, ამ მტვერს ვერასდროს განიყრიან. ახლა ამ ადამიანებს ვერ დავასახელებ, რადგან ამათი ნუსხა საკმაოდ დიდია და სადარდებელიც ეგაა, რომ ვინც ახლა ბიძინასეულნი არიან, როგორც კი მოაკლდებათ სავარძლის სითბო და რძის მდინარეები, მაშინვე ოლიგარქიულ მმართველობაზე აყვირდებიან...
განა არ ვიცი, რომ
ბიძინაა დამნაშავე ამ მესკამიების მოძებნა-კაცად ქცევასა და მერე დაქცევაში, მაგრამ!.. და რა მაგრამო? - თუ მკითხავთ, გეტყვით, მეფის ნავში ჩაჯდომა და მერე იქ მუდმივად ყოფნა არაა იოლი. ერთი ვოლსკი აღმოჩნ
და დრო და ყინვაგამძლე, კომპარტიიდან დღემდე. ყოჩაღ მას! აბა, ჯიშკარიანი ჯაბა ვიღაცამ რომ შეიყვანა თბილისის საკრებულოში და იქვე გასკდა ჰელიუმის ბუშტივით, ეგაა პოლიტიკოსობა?! ჰო, გუგული მაღრაძე დამაკლდა მარადმწვანე პარლამენტართა ნუსხაში, მაგრამ დრო და ბიძინა ერთნაირად ულმობელი ყოფილა, ჩემო გუგული... რას იზამ, ანტიპაპიროზული კანონი არ კმარა თურმე პარლამენტში მუდმივად ყოფნისთვის! იღბლიანი მეგონა ზვიად ძიძიგურიც და აჰა, დასვეს სამტრედიაში ისევ რელსებზე, ანუ საიდანაც დაიწყო პოლიტიკოსობა, იქვე მიაბრუნეს!

სულ ვიძახდი, არაფრით განსხვავდებიან პარტიები ერთმანეთისგან, გარდა სახელებისა. "სუსურუკუს" დანგრევის შემდეგ ყველა მსუყე ლუკმა მმართველი პარტიებისაა. მაგალითები გნებავთ?! გეტყვით! "ჭიათურმანგანუმი" თხის ფასად რომ გაიყიდა, გემახსოვრებათ და მუდამ ხრავდნენ ბობოლები. სპეცმმართველი დაუნიშნეს "ქოცებმა" ბიზნესოპერატორს, აქაო და მდინარე ყვირილა შავიაო და ამავე ფერისაა სამთოელების ცხოვრებაც, ეკოლოგია მოსპეს, სასწრაფოდ ვინმემ უნდა გამოაკეთოსო! კი გამოაკეთეს. აღარც ყვირილაა დაბინძურებული, აღარც სამთოელებს აქვთ კრედიტებით წელი მოწყვეტილი და საერთოდაც, ყვავის ეკონომიკა! ეჰ, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ბიზნესთან, არც სახელმწიფო ჩარევების, მაგრამ არაფერი შეცვლილა და ეს ფაქტია. ეგებ იმაზე გვიპასუხოს ვინმემ, სამმილიონიან ქვეყანაში რატომ არ დაადგა საშველი სამართლიანობას ან ეკონომიკის წინსვლას ბოლო რვა წელში? ახლა გასაგებია, რომ პანდემიაა და მსოფლიო კრიზისია, მაგრამ 2020 წლამდე რით ვერ ამოიქოქა მეურნეობა? კარტოფილი, ნიორი, პამიდორი და სტაფილოც კი შემოტანილი გვაქვს და ერთხელ თუ მაინც გაარყევს თავს მთავრობა, მიხვდება, რომ სიღატაკე და სოციალური სიზარმაცეა დასამარცხებელი და არა დემორალიზებული, მიმკვდარი ოპოზიცია!

ოპოზიციას კლოუნიადა უფრო ჰქვია, თორემ ხელისუფლებას ისეთ დღეს დააყრიდნენ, სიაში სულ ზნეკეთილ ხალხს ჩასვამდა ბიძინა. ამდენი ოპოზიციური ძალა რომ გაერთიანებულიყო, "ქართულ ოცნებას" ისეთ ცივ წყალს შეასხამდნენ სახეში, რომ ან გამოაფხიზლებდნენ, ან სულაც გააქცევდნენ, მაგრამ ჯერ "ნაცმოძი" დაიშალა ბერთოლეს მარილივით, მერე ის ნაშალი კიდევ ჩამოიშალა და კია "დედანაცმოძი" უვაშაძეოდ, ორად გაპობილი "გირჩი" ცალკე სადარდებლად მექცა (დავძენ, მე ჯაფარიძისკენ ვარ, თუ ორ "გირჩს" შორის მომიწევს არჩევნის გაკეთება), უსაშველობა დაემართა შალვა ნათელაშვილსაც, თავისსავე წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე ისე მისდგა, როგორც ცელიანი კაცი - სათიბს: ერთი ხმაც ვერ გამოვიტანე ზოგი უბნიდან და ხელფასს კი არა, არაფერსაც არ მივცემ ბიძინასგან მოსყიდულებსო! თან, ასეთი ლამის 500 უბანი ყოფილა. როგორ დაუარა არჩევნების წინადღეს ბიძინამ მაგათ ხახვიანი და კარტოფილიანი ტომრით, ესეც მაინტერესებს და კიდევ, იმასაც ვიკითხავ, 500 უბანზე ლეიბორისტული ხმათა კრებული თუ ნულის ტოლი იყო, რა გაუყალბეს შალვას?! ან ბოკერია-უგულავას რისი იმედი ჰქონდა, ან კიდევ, ვაშაძე ჯუნიორს?.. ესენი უნდა წავიდნენ და მოვიდეს მთავარ ოპოზიციად ირაკლი ოქრუაშვილი! მიჰა აღარ ჩამოდის და ვინ უნდა იტვირთოს აქ ეს მძიმე ხვედრი, მელიამ ან მელიასთან შიდაპარტიულად დამარცხებულმა ლამაზლევან ვარშალომიძემ? დიახ, ირაკლის იმედი ვიქონიოთ, რომელმაც ახლა "ვეფხისტყაოსნის" ალუზიებით დაიწყო კოლეგა-ოპოზიციონერების დამუნათება! აი, ეგ ტყვიაველი რუსთაველიღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის!

პ.ს. სამტრედიაში ზვიად ძიძიგურს მიადგა ეკა ბესელია. ზვიად, ჩაიწიე, რელსზე ჩამოვჯდებიო. შენ გამო რომ ჩავიწიო, რა ვუთხრა შენ უკან მდგარ განქოცებულთა არმიასო? - და ნაღვლიანად მიაპყრო თვალი საჩხერისკენ, საიდანაც მატარებელი აღარ მიდის არსაით!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ბონდო
04 იანვარი 2021 12:28
ელისო ბოლქვაძეს პარლამენტში პიანინო დაუდგით
ეთერ
02 იანვარი 2021 10:49
ბრავო! კარგი იყო! ბედნიერ დამდეგ ახალ წელს გისურვებ ავტორო! ჯანსაღი კრიტიკა წამ,ალია!
31 დეკემბერი 2020 23:19
დიდებულია ოქრო მარა შენ რაფერი ლიდერი ხარ ტყვიავიც არ გიჭერს მხარს

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ?