მიდის, მოდის, იქვე დგას, ანუ რა უნდა აკეთონ ბესელიამ და კობახიძემ ბიძინას კარზე
მიდის, მოდის, იქვე დგას, ანუ რა უნდა აკეთონ ბესელიამ და კობახიძემ ბიძინას კარზე
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსმა ძალიანაც ხმამაღლა განაცხადა, ამერიკა რუსეთს თავის მოკავშირეებს არასდროს დააჩაგვრინებსო. სერ გრეგორ, თქვენ გაიხარეთ თქვენს ოჯახში, როგორც მე გამახარეთ! ნეტავ შენსავით გულმხურვალე მხარდამჭერები გვყოლოდა 2008 წელს და პუწინს აგვიკუწავდნენ ცხინვალის შესასვლელში (ან გამოსასვლელში)!

ამერიკული მხარდაჭერა რა გასახსენებელია, როცა პარლამენტი გვრჩება ოპოზიციის გარეშე და ქართული პოლიტიკა - ბიძინას გარეშე? "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელს უთქვამს, მეხუთე რაუნდზე სიახლე ამ ეტაპისთვის არ არის. თვეზე მეტია, ოპოზიცია
მოლოდინის რეჟიმში ვართ, ასევე ფასილიტატორი ელჩები და რაც დრო გადის, მოლაპარაკებების სივრცე და ფანჯარა სულ უფრო იხურებაო. აი, ეს რომ გავიგე, ნავახშმევი ვიყავი, თორემ ლუკმას ვერ გადავიტანდი ყელში განცდებით! თქვენ მოგიკვდით მე, ანუ თვეზე მეტია, დარდობთ და ჯერ კიდევ არ გამოჩენილა შუქი გვირაბის ბოლოს. აგე,
ჭკუა თუ არ მოიხმარეს "პატრიოტთა" ანასხლეტებმა და ახალი პარტიის სახელით თუ არ წამოსკუპდნენ პარლამენტში.
დავიჯერო, რომ მართლა მიდის ბიძინა და თავისი ქონების დიდ ნაწილს გვიტოვებს საქველმოქმედოდ? კარგი, მჯერა, რომ წავიდა (ეგებ და, აღარ უნდა ეს იწილობიწილო, რაც "ქართული ოცნების" მამამარჩენლობაა), ისიც დავიჯეროთ, რომ ასტრონომიულ თანხას გვახარჯავს, მაგრამ დავსვამ შეკითხვას: ვის უტოვებს ან პარტიას, ან ამ ფულს განსაკარგავად? სხვა რამეზე მაქვს ეჭვი და რა ვქნა?! ალტრუიზმისა აღარ მჯერა, დიდი ხანია. გავა დრო და გამოჩნდება, რომ ეს "წასვლაც" ინვესტიცია იქნება! და თქვენ წარმოიდგინეთ, მე ინვესტირებაში ვერაფერს ვხედავ საძრახისს. თანაც, გიგი უგულავა აყვირებულა, რომ მიდის, სად მიდისო?!. სად მიდის, ბატონო გიგი, და ჭორვილაში! თან, გასპაჟა ბურჟანადზეს უთქვამს, ივანიშვილი რომ ნორმალური ფსიქიკის იყოს, 15 წელი ცოლ-შვილს განა ჭორვილაში აცხოვრებდაო! აუფ, ჩემო ნინო, ყველა ვერ წაიყვანს თერჯოლიდან ოჯახს დედაქალაქში.

ნინოს გარდა, კიდევ დავაკვირდი რამდენიმე პოლიტიკოსს და ვერც ეგენი ტოვებენ ბოლომდე ჯანმრთელების შთაბეჭდილებას. ახლა მივუბრუნდები ცოტა ხნით ბატონ ბიძინას და რამდენიმე საკითხს წამოვწევ. საქართველოში 4 მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს (დაახლოებით 10-ჯერ მეტი ადამიანი ტოკიოში), გვაქვს წყალი, მიწა, კლიმატი, მთა, ბარი და მაინც სიღატაკე მეფობს. თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომელიც ბანკებისგან არ იყოს დაკაბალებული, ადამიანები სამშობლოდან გაქცევაზე ფიქრობენ და კიდევ იმაზე, ხვალ როგორ გაუძლონ კოვიდს, გადასახადებს, სასურსათო პრობლემას. ამ ყველაფერს ეყოფა ბიძინას ქველმოქმედება? პირადად, არ მინდა ვინმეს ნაჩუქარ-ნამადლოვარი ფული, მინდა, ვიშრომო, გადავიხადო გადასახადები, რომელიც ქვეყნის პროგრესსა და სოციალურ გარანტიებში ჩაიდება. და თუ მაინცდამაინც უნდა ამ ფულის ქვეყანაში დარიგება, ჩვენც არ დავრჩეთ ვალში, მკითხველო და შევთავაზოთ ქოცნაცური პოლიტბომონდი საჩუქრად! მე თქვენ გეტყვით და, უარს იტყვიან; არც ბიძინა იტყვის უარს, ვგონებ, ამათ შეფარებაზე, მაინც მის ჩრდილქვეშ არიან დიდი ხანია! ერთი წუთით წარმოვიდგინე, როგორ ხეხავს სტაფილოს საწვნედ ბესელია ეკატერინე და მზარეულის თეთრი ჩაჩიდან მალულად უყურებს მდინარაძეს, რომელიც ხაჭაპურს აპიწკინებს, ხოლო სალომე ზურაბიშვილი ოლივიეს ამზადებს სამასკაციანი სუფრისთვის...

ბოლოს, ისევ მიკსის ნათქვამი უნდა გაგაცნოთ. ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად, რათა დემოკრატიის შენარჩუნება უზრუნველყოთ და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდესო. ვითომ და ეს კაცი ახლა ტყუილად ხარჯავს სიტყვებს? თანაც, ჯერ თავის სახელმწიფოში უზრუნველყოს ტრამპის წაბრძანება ცივილიზებულად და მერე გვარიგოს ჭკუა აქეთ...

პ.ს. შუაშისტი საღამოს შვილებს ეკითხება: მიდის, მოდის, იქავე დგას, რა არისო? ბავშვებმა, - კარიო. კარი ადრე იყო, ახლა ბიძინააო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ჰავლაბრელი ტიღუა
18 იანვარი 2021 01:24
ქართველებო ხმა ამოიღეთ, ვერ ხედავთ ბიძინამ რანხელა ფული მოგვიტეხა? 200 მილიონს ვიტოვებთ მე და ჩემი ცოლიო, რომ კითხო, არა და რუსეთისა და ობშორების ბიზნესები მთლიანად მოგვიტეხა, მათ შორის 2 მილიარდ დოლარად ღირებული გაზპრომის აქციები. . .
mamuli
14 იანვარი 2021 19:55
მე მგონი ბიძინას გადაწყვეტილებაზე მეტწილად ოჯახის ფაქტორმა იმოქმედა.დაინახა როგორ შეიძულა ხალხმა ისა და მისი ოჯახი.ცდილობს შეინიღბოს მაგრამ არ გამოუვა-ჯაჭვის მეორე ბოლო პუტინის ხელშია.ამიტომ ნურც იოცნებებთ. მისგან ხეირი საქართველოს არ ეღირსება.
beso
14 იანვარი 2021 17:05
ეს რომ გინდა, მაშინ ასე არ უნდა წერედე და აქ არ უნდა წერდე, ვინც ქმნის ამას და არ იხილავს არაფერს. ასე აწყობს დაიმიტომ. ასეთებმა მოკლეს ყველაფერი და შექმნეს ამ უნარების საქართველო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები