ბიძინა ადგილზეა, მაგრამ სადაა გავრილოვიადას გმირი?!
ბიძინა ადგილზეა, მაგრამ სადაა გავრილოვიადას გმირი?!
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო. აქვე ვიკითხავ, ზესტაფონი და გარდაბანია დიდი ქალაქები? და ამ ნუსხაში რატომ არ არის საჩხერე? სხვა თუ არაფერი, მის მასშტაბურობაზე ცოტა ხნის წინანდელი გახარიასეული გამოთქმა მინდა გაგახსენოთ: საჩხერიზაცია! თუ პატარაა, მაშ, რად უნდა დავიწყოთ საჩხერიზაცია? და თუ დიდია, სწავლადისტანცირებულთა ნუსხაში რად არ წერია?! რაღაც ვერ არიან მწყობრები და თანამიმდევრულები ეს "ქოცები"...

წინა პროვოკაციაში ვთქვი, ბიძინა არსად მიდის-მეთქი, და უნდა დამიჯეროთ, რომ მართლაც ასეა. გახსოვთ, გიგი უგულავა როგორ აყვირდა, სად მიდისო?!. ამხელა კაცს სურს, ამიტომაც ბიძინა უნდა დარჩეს ადგილზე! განა ვერ უნდა მივხვდეთ, რომ გიგის ნების გარეშე ხიდან ფოთოლი არ უნდა მოწყდეს და წვიმის წვეთიც არ უნდა
ჩამოვარდეს ციდან? ჰო, რაღაც უთქვამს კიდევ ნატო ჩხეიძეს, ძალიან ორიგინალური და გასაოცარი, ბიძინა სახეს პლასტიკური ოპერაციით შეიცვლის და ისე გაიპარებაო... ბეჩა, ნატო, შენი კაკულიობაღა გვაკლდა და აგვისრულდა ეგეც!

ბიძინა რომ ადგილზეა, არ შემომედავოთ. ახლა სხვა რამეა აქტუალური. ყველა ლაპარაკობს "ქართული ოცნების" პარტიულ სტრუქტურიზაციასა და მენეჯმენტზე. მეც მინდა ვთქვა ცოტაოდენი ამაზე. დავაკვირდეთ, "ქართული ოცნების" პარტიული თანამდებობები როგორ გადანაწილდა: მშვიდად, ხავერდოვნად და უშფოთველად. ე.ი. არც არაფერი შეცვლილა, თორემ იქნებოდა კბილთა ღრჭენა და გამიშვი-გამაკავე. არც ის გამკვირვებია, კობახიძე რომ დაასკუპეს პარტიის თავმჯდომარედ. სხვა თუ არაფერი, არ უნდა დავუკარგოთ მას პოლიტამაგი. მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს არ დაასკუპეს გავრილოვი საპატიო ადგილზე? რომ არა ეს ფაქტი, რით უნდა შეექცია თავი უსაქმურ ოპოზიციას? და რა უმადურობაა ჩვენი მხრიდან, რომ გავრილოვიადას კიდევ სხვა შემოქმედიც რომ აღარ არის ქართული პოლიტიკის ავანგარდში და აღარც არიერგარდში! უცნაურია...

ვინ შემოგვრჩა იმ პოლიტბომონდიდან, 2012 წელს რომ მოგვიყვანა ბიძინამ? რესპები აორთქლდნენ, ძიძიგურიც აღარსადაა, არც გუგული-ენძელა, ნეოქოცთა ნაწილი დარჩა, ნაწილი შარშანდელი თოვლივით გაქრა. პალეოქოცებიდან მხოლოდ ვოლსკიღა და "ოცნების" კოლორიტული ფიგურებიდან - მხოლოდ გახარია და კალაძე... რომ გითხრათ, ამ ორ ადამიანს აქვს მხოლოდ პოლიტპერსპექტიული პოტენცია-მეთქი, დამიჯერებთ? გახარია ჭკვიანია, მდიდარიც, შარმიანიც და რეიტინგულიც, რომელსაც ისეთი სტრატეგია აქვს, ვერავინ უკარგავს რეიტინგს. მოუნდება და დარჩება იქ, სადაცაა, თუ არ მოუნდება, წავა. ეგეც ახლა ცალ-ცალი კალოშით მოსული არ იყოს (ან კიდევ, იმ ფეხსაცმელებით, ერთნაირად რომ აცვიათ კალაძესა და კობახიძეს!). ვფიქრობ, მისავათებული პარტიის თავმჯდომარეობაც არ უნდოდა, თორემ "ქოცებს" უკეთესი ხელმძღვანელი სიზმრადაც არ მოელანდებათ! ავტოგოლა კალაძე ფეხბურთის მოედანზე რაც იყო, იმაზე უკეთესი აღმოჩნდა პოლიტიკაში და ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს! კალა-ქის მერს უთქვამს, კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი პარტიის თავმჯდომარედ, პირდაპირ გეტყვით, ქვეყანა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგასო. პანდემიისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო პრემიერ-მინისტრს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მართოს მთავრობა და მეც ვარ ამხელა ქალაქის მერი, სადაც არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც 30 წლის განმავლობაში გროვდებოდაო. არიქა, კახი, მიხედეთ ქვეყანას და ქვეყნის გულს, პარტიები მიდიან და მოდიან, საქართველო კი რჩება! კი გვეუბნები, ისეთ მაშენებელს ჩავაბარეთ პარტია, მთელ დროსა და ენერგიას დაახარჯავსო. მაგის აშენებულს კი ნახავთ ამ შემოდგომაზე, ადგილობრივ არჩევნებზე...

პ.ს. რომან გოცირიძეს უთქვამს, თოფიანები და ფულიანები - "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ეგააო. თოფისა რა გითხრათ და, ფული კი აქვთ, სხვა რა აგროვეს ბატონებმა ამდენ ხანს?! თოფი და ფული არც "ნაციონალებს" აკლდათ, მაგრამ რისთვისაც იყენებდნენ, კი გვახსოვს კარგად და მწარედ!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ანა
21 იანვარი 2021 20:14
ზუსტად და უბრალოდ დაწერილი მწარე სიმართლე,რომელიც გვწვავს ფესვებამდე.....
gogia
21 იანვარი 2021 14:52
რაც მართალია მართალია.

რუბრიკის სხვა სიახლეები