გულში ჩასახუტებელი პარტიები და გაკრიტიკებული სამადაშვილი-გოცირიძე - ვის არ მოსწონს გახარია - კვირის პალიტრა

გულში ჩასახუტებელი პარტიები და გაკრიტიკებული სამადაშვილი-გოცირიძე - ვის არ მოსწონს გახარია

"ენდიაის" დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოსო, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთი ყოფილა "ქართული ოცნება". 5%-ის აზრით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გახლავთ გულში ჩასახუტებელი და ჩასაკბეჩი, დანარჩენი პარტიებისადმი სიმპათიით განწყობილთა ჯამური ოდენობა 9%-ის ტოლიაო. პარტიათა "დამკიდებელთა" პროცენტული მაჩვენებელი რომ სოლიდურია, უბრალო არითმეტიკული კალკულაცია გვიჩვენებს: 100%-(31%+5%+9%)=55%.

კიდევ კარგი, დეკემბერში ჩაუტარებია ეს კვლევა "ენდიაის", თორემ იანვარში ვინმემ რომ ამოგვაწევინოს თავი საცივიანი თეფშიდან ამ კითხვაზე საპასუხოდ, ფრიად სავალალო მდგომარეობა გვექნებოდა! როგორ შეიძლება მოგვწყვიტონ ჭამა-სმას?! ზოგადად, ეს საცივიდან თავის ამოწევა ძალიან პოპულარულია ჩვენს პოლიტიკურ წრეებში. ნიკა გვარამია ზუსტად ამას დაჰკითხვია ნინო ბურჯანაძეს და ამასვე გაიძახის დეპუტატი წილოსანი "მეამბოხე" ოპოზიციაზე.

თურმე ნუ იტყვით და, მეამბოხე-რადიკალური ოპოზიცია გაზაფხულიდან რევოლუციურ სცენარზე ფიქრობს. არ ვიცი, ოპოზიციას ეყოფა თუ არა გონიერება თავისი მომავალი სტრატეგიების გათვლაზე, მაგრამ ერთი რამ ნათელია: დემორალიზებულ ადამიანთა ერთობა, ოპოზიცია ("პოზიციაც"!) რომ ჰქვია, მოქალაქეებს არ უყვართ მარტივი მიზეზის გამო: ოპოზიციის შიგნით იმდენ რამეს აძახებენ ერთმანეთს (თან ყველაფერს მართალს!), მაგათი შეყვარება როგორ შეიძლება?! ცოტა ხნის წინ ელისაშვილმა და ხაზარაძემ დაღეჭეს ლამის ერთმანეთი პირდაპირ ეთერში, რა აღარ აკადრეს ერთურთს. ამის შემდეგ "ნაცმოძის" რადიკალურმა ნაწილმა სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე იუდად შერაცხეს, რად დაგმეს ვიღაც "ალტერნატიველი" ფანგანის ქმედება, რომელიც ქუჩა-ქუჩა ნაგვის ურნით დარბის და თავზე ამხობს ნარესპუბლიკარ ჩავლეიშვილსო?! ეს ჩავლეიშვილი თურმე "ნაცმოძის" სიით გასულა აჭარის უზენაეს საბჭოში და ბოიკოტს არ დასთანხმებია, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით უნდა ვიღვაწო აჭარისთვისო, და ვინ დააცადა ღწვა?! სულ არ ვიცი, ვინაა ეს დეპუტატი, მაგრამ ვიღაც რომ ასე იქცევა ქვეყანაში და თან ამბობს, რომ კვლავ გააგრძელებს ურნების ტრიალს და "მთავარი" ოპოზიციური ძალის მხოლოდ ორმა ლიდერმა დაგმო ამაზრზენი ფაქტი, რა სიყვარულსა და პატივისცემას უნდა იმსახურებდეს ოპოზიცია?! ვინც ამ ქმედებას რამენაირად და რაღაცნაირად მაინც ამართლებთ ან იწონებთ, ვერასდროს გაიგებთ, რატომ შეიძულა ხალხმა სააკაშვილის რეჟიმი და რატომ გვყავს ხოლმე კარგა ხანს უცვლელად ის ხელისუფლება, რომელიც სუფევს მშვიდობით, უდრტვინველად და უზრუნველად.

ამდენი ოპოზიციური ძალა რომაა ქორდაცემული ქათმებივით მიფანტულ-მოფანტული, ეგებ გაერთიანებულიყვნენ ხალხის სასიკეთო მოთხოვნების გარშემო. სოციალურ-ეკონომიკური ფონი რომაა ასე ცუდი, მისი მოგვარების გზები გვაჩვენონ, თორემ თავიანთ ცხოვრებას რომ იგვარებენ, ეს, დიდი ხანია, ვიცით. თურმე, ნუ იტყვით და, ეს ყალთაბანდი პოლიტიკოსები უნდა იყვნენ მუდამ თანამდებობებზე, რადგან მათ გარეშე საქართველო დაიღუპება! მე თუ მკითხავთ, საქართველო ზუსტად მაგათ გამოა დაღუპვის პირას, თორემ რა გვიჭირდა. ნიკანორ მელიას, გგონიათ, არ აძინებს ლარის ინფლაცია? ან ხაზარაძე-ჯაფარიძეებს ადარდებთ კრედიტებით წელგაწყვეტილი მოსახლეობის ბედი? ეგებ გაძვირებული პროდუქტებისა და წამლის ფასის გამო კოშმარებშია ოქუაშვილი და დევნილთა ბედით ღვიძლი ეწვის ოქრუაშვილს? "ენდიაის", რომლის გამოკითხული ადამიანი თვალით არ მინახავს, ამჯერად ვუჯერებ და ვიტყვი, რომ "ქართული ოცნების" მომწონებელთა რაოდენობა 31% რეალურია და ბედი ჩვენი, 91 რომ არაა, მერე მართლა უნუგეშო სიტუაცია გვექნებოდა!

პ.ს. გიორგი გახარია არ მოსწონს თურმე გამოკითხულთა 17%-ს. ეგ არაფერი, ბატონო პრემიერო, მე უფრო მეტს არ მოვწონვარ! პირწმინდად არ "მილოვებენ" პოლიტიკოსები და მაგათგან სიყვარულს, სიძულვილი მირჩევნია. მაგათი სიძულვილით ვხვდები, ფორმაში რომ გახლავართ "პროვოკატორი"...

პ.პ.ს. ოპოზიციას ვურჩევ, ცოტა ხანს მოითმინოს და მალე გაზაფხული მოვა. თოხნისა და ბარვის მოძულეებს იპოვიან და რუსთაველზე "გადადექის" დამძახებელთა რევოლუციურ მცირე არმიას მაინც შექმნიან!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს