მეორედმოსული ღარიბაშვილის მისია და მელიას მცველები, ანუ გახარია ისევ მოვა? - კვირის პალიტრა

მეორედმოსული ღარიბაშვილის მისია და მელიას მცველები, ანუ გახარია ისევ მოვა?

წინა პროვოკაციის გამოქვეყნების ჟამს მეუფე პეტრე იყო ორთქლის გამოშვების საშუალება. ლამის იყო, ადამის დროიდან დღემდე ყველა ცოდვა მას აჰკიდა ქოცაქტივმა და სრულიად ვალმოხდილად ჩათვალეს თავი სამშობლოს (უფრო, მმართველი პარტიის) წინაშე. რა იცოდნენ, თუ ცაავას შემდეგ გახარიაზე მოუწევდათ კლავიატურების მომარჯვება და სასწრაფოდ იმ ფოტომასალების წაშლა, რომელზეც გახარიასთან ერთად, თუნდაც ეპიზოდურად იყვნენ კადრში მოხვედრილი?! ვინ იცის, რამდენს მოუცვდა ვირტუალური საშლელი და კლავიში "ელეტე" გახარიას მაამებლური პოსტებისა და კომენტარების წაშლისას!

ასეთი ადამიანების არ მიკვირს. მათი კარიერა, ყოფიერება და ცნობიერება მთლიანად კავშირშია ხელისუფლებების ცვლილებებთან. თვითგადარჩენისა და უფერული პერსპექტივების გამო რას აღარ იკადრებენ! აი, ახლა თურმე გახარია, ხელისუფლებაში ამდენი ხნის ყოფნის შემდეგ, აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" გადამრჩენი, ძმა, მამა და სულისჩამდგმელი, ჰოდა, მეორედმოსული ღარიბაშვილის მისიაც განსაზღვრეს: მოდის ირაკლი, რათა შემუსროს ამქვეყნიური ბჭენი ჯოჯოხეთისანი - ანუ მიშა სააკაშვილის პარტია!

"ქართული ოცნების" მოსვლიდან 9 წლის თავზე ისევ "ნაცმოძის" გაქრობა რომაა მთავარი დაპირება, ეს უკვე არაა მთლად ჯანსაღი გზავნილი საზოგადოებისადმი. გავახსენებ "ფეისბუკის" "იდეოლოგებს", რომ გახარიაზე ადრე იყო ღარიბაშვილი პრემიერი და თუ ეს "ნაცები" იყვნენ მხოლოდ სახელმწიფო უბედურების საფუძველი, რად არ გააქრო და არ გაატანა პარტისტორიის ულმობელ ქარიშხალს? ახლა "ირაკლი "ნაცებს" მოგვაცილებს" დაპირებით ვინღა გამოიკვებება, ბატონო მთავრობავ? თუ ასეა, მაშინ დაიწყოს პარლამენტში ნანაცრების წმენდით და ვინ დარჩება "ქოცების" მაღალ ტრიბუნაზე, კი დაინახავთ!

რაღა დროის ასეთი ჰაერში გაშვებული ლოზუნგების ბრახუნია, ხალხო, გახარიას სელფმა 24 საათში 200 ათასზე მეტი "ლაიქი" დააგროვა სოციალურ სივრცეში, სადაც გადავცხოვრდით დიდიან-პატარიანად! ახლა ვინმე რომ ჭკუასაკითხავი გვყავდეს ხელისუფლებაში, გახარიას კარზე უფრო უნდა გარბოდნენ მეტანიების გასაკეთებლად, ვიდრე ბიძინასთან, ერთი მიზეზის გამო: მან თქვა ცოტა ხნის წინ, - მე წავედი, სულ კარგად იყავითო, - და ახლა გახარიაც წავიდა, ოღონდ არც წინამორბედებივით უთქვამს, მადლობა ბიძინას, მადლობა "ქართულ ოცნებას", მადლობა პარლამენტს, ვიყავი, ვიშრომე, მადლობა და შინ წავედიო. რამდენი პრემიერი გახსოვთ ასეთი რეიტინგით? მგონი, ბევრი არა. დაპანღურებული და გაგდებული პრემიერების მადლობებიც მახსოვს და ახლა სიმწრით მეცინება.

კარგი, ვთქვათ და, გახარიაა გავრილოვის ღამის შემოქმედი, ანაკლიის პორტის დამაქცევარიც, წერტილის დამსმელიც, მაგრამ აქვე ვიკითხავ, თავმოყვარე "ოპოზიცია" "ქოცების" დროს სულ ბულკივით და შუშა კიტრივით გამოდის ყველა აქციიდან, "ნაცების" დროს კიდევ სხვაგვარად გახლდათ! მარტო კობა დავითაშვილის ფაქტის გამო უნდა იყოს შერისხული მიშმოძრაობა, მაგრამ...

კიდევ ერთი, აწ უკვე გასკვანჩული მელიას მცველების პოზიციიდან რომ გინდოდათ "დარეფრეშება" ბურჯანაძეს, უგულავასა და ნატო ჩხეიძეს... ახლა "დარეფრეშებისა" და "ბრენდინგის" დრო მხოლოდ გახარიას აქვს. ჰოდა, მოვა გახარია, ასე მგონია მე... არ გეგონოთ, გვარი და სახელი მაინტერესებდეს, სამმილიონიანი ქვეყნის ამოსუნთქება მინდა, თორემ ყველა პარტია რომ წაიღოს წყალმა ერთდროულად, მაშველი რგოლის გადამგდებიც არ ვარ!

პ.ს. გახარიაზე რომ დადოს ფსონი წელსვე ბიძინამ, "მოფეისბუკე" "ქოცებო", სად წახვალთ მერე? ალბათ იტყვით, კობახიძე-ღარიბაშვილმა მოგვატყუა, თორემ სადაც გახარია, იქაც ჩვენო, უსირცხვილოდ დაიძახებთ! ისე, შეგახსენებთ ყველას, წელს ვადამდელი საპარლამენტო თუ არა, გეგმური ადგილობრივი არჩევნები მაინც არის და ძალიან გაგიჭირდებათ, ბიძიკოებო!.. მართლა დავქეციანდით, ქალბატონი ნატო ჩხეიძის თქმისა არ იყოს?!.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს