"ბიძინიჩის" და "სიმამრიჩის" დიალოგი, ანუ რა არის "ოცნების" ინტერესი
"ბიძინიჩის" და "სიმამრიჩის" დიალოგი, ანუ რა არის "ოცნების" ინტერესი
გაიგებდით ალბათ, მარტვილში სასულიერო პირებმა მრევლს უკან დახევა რომ აიძულეს. მიაწვნენ ხალხის ტალღას, მოაჯირი გადატყდა და ხალხი გადაცვივდა. ატყდა კივილი. მამამ კი ტელეკამერების წინ გალობა დაიწყო. ეს ერთი აპოკალიფსური სიტუაცია. ახლა მეორეც მივაყოლოთ: "მასწავლებლის სახლის" დირექტორს, ბატონ ბერიკა შუკაკიძეს უთქვამს, ახლა რაღა დროის არაინტეგრირებულად და გამოცალკევებულად საგნების სწავლებაა, რომ რატრატებენ ტრენერები თუ ქოუჩები, არ ჯობს, ბარემ გადავიდეთ რობოტების აწყობაზე, რომელსაც ქიმიის, ბიოლოგიის, ინგლისურის, ფიზიკის მასწავლებლები ასწავლიან ბავშვებსო. ეს ტრენერ-ქოუჩები "მასწავლებლის
სახლის" დასაქმებულები და მართლა მორატრატეები არიან თუ არა, თავად უკეთ ეცოდინება ბატონი ბერიკას. ამ ინიციატივას ისეთი გამოხმაურებები მოჰყვა, როგორსაც იმსახურებდა. ერთმა მასწავლებელმა თქვა, ქართულს ვასწავლი და ეგებ უპილოტო თვითმფრინავის აწყობა ვასწავლო მოსწავლეებსო. ვიღაც გაეპასუხა, მაგ თვითმფრინავით საჩხერეს არ გადაუფრინო, უხერხულ ადგილას არ ჩამოვარდეო...

განათლებასა და
სულიერებაში რომ გვიჭირს ასე, ამიტომაც გვყავს მუდამ ისეთი ხელისუფლება, როგორსაც ვიმსახურებთ. ძველებისა და ახლების შედარებები ვეღარ დავასრულეთ. ეგ კი არა, ახალი ხელისუფლების (რაღა ახალი, 9 წელია უკვე, ორმოცდაერთიანელთა მმართველობაა!) შიგნითაც სულ წინამორბედებზეა აქცენტი, რომ არა "ჩემწინა", ახლა კოსმოსში ვიქნებოდითო! ისე, "ოცნება" თუ კარგად გადახედავს "წინას წინა" პერსონებს, ეგებ მეორედმოსულების პირველმოსულობისას ვერგაკეთებული საქმეებიც გადმოელაგებინათ!

მიხვდებოდით, ვისზეც ვამბობ. ბატონ ღარიბაშვილზე რა უნდა ვთქვა ახლა? სიმამრიჩი არ იგინება-მეთქი? ბიძინას იქით მაგის არეალი ფართოა-მეთქი? რომც ვთქვა, ვინ დამიჯერებს?! აი, რომ ვამტკიცო, ბერასთან ერთად არ შეიგინებოდა, მონტაჟის მადლითაა გაჟღენთილი ეს ჩანაწერი, მერე ვინმემ ხიდაშელის ირაკლისეული გინების "იუთუბის" ბმულები რომ გამომიგზავნოს, რა ვთქვა, რესპებს არ აგინებდა არავინ-მეთქი? დამერწმუნეთ, დღეს ვინმეს გინება მეორეხარისხოვანია, მაგრამ ახლა ამ ჩანაწერის აფრიალება ემსახურება "ქოცების" დისკრიმინაციას, მაგრამ "ქოცის" სიგლახე "ნაცების" სიკარგეს არ ნიშნავს. ამიტომ, ტყუილად ნუ აიშლით ნერვებს, გაივლის დღეები და ეს ფაქტიც დაავიწყდება ყველას. ამას რიგით მოქალაქეებს გეუბნებით, თორემ პოლიტიკური მტვრით გაჟღენთილი ადამიანების ახლანდელი აღტკინება რომ მათივე ფსიქიკის გამომზეურებას ემსახურება, ორი აზრი არსებობს ამაზე? აქაოდა, რატომ არის მდიდარი, წარმატებული და პრივილეგირებული, გამოდით, თავს დავაქციოთ შუშის სასახლის ბანიო. მეტი არაა ახლა ჩემი მტერი, ამ მეორედმოსვლა სიცივეში ვინმე გამოვიდეს ბიძინას დასაქცევად!.. გამართლება არა აქვს არანაირ ძალადობას, მაგრამ ერთიც უნდა ვიპროვოკატორო, წყნარად და ნერვების აშლის გარეშე: ნამდვილად არ მომწონს პაპსა, რეპი და კიდევ ბევრი მიმდინარეობა, მაგრამ ამის გამო დავყვე ამ მიმდინარეობის შემსრულებლებს და დავლანძღო? თუ ვინმეს არ მოგწონთ ბერას ნამღერი, რომელ თქვენგანთან მოვიდა და ჩაგყვირათ ყურში? თუ აქ მთავარი ისაა, რომ "ბიძინიჩია" და ამიტომ უნდა უწერონ ის, რაც უწერეს სოციალურ ქსელებში?! არ მოგწონს? გაატარე რა, რაღას ეძიძგილავები?..

და მაინც, გადაწყვეტით გეტყვით - ქვეყანაში ყველა უბედურება ნაცქოცობის ურთიერთგაძლების პროცესს უკავშირდება. გავა წლები და მიხვდება ყველა, რომ "ოცნების" ინტერესია "ნაცმოძის" გადარჩენა, რათა თავი გადაირჩინოს. თუმცა, ბოლოს მაინც მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს - ათიოდე წელში სახელმწიფო გვექნება. ასეა ეს და დამერწმუნეთ, ამ ათი წლის განმავლობაში ახალი პარტიები ვეღარ გამოიჩეკება, რაც გამოჩეკილია, იმათაც კაცმა არ იცის, რა ელის...

პ.ს. ანეკდოტს ნუ ელოდებით! ვინმეს სჯერა, რომ ბიძინას ოჯახს სურდა და ვერ აისრულა ვინმეს მუხლზე გადამტვრევა ბერას ცუდად ხსენების გამო?.. აი, შვილოსა, მუხლზე გადამტვრევა მიჰას დროს იყო, თუ იყო. მაგრამ - "ქოცებო", ეგებ სამართლიანობის მსახურება დაიწყოთ, ჰა?.. ვინც გინდათ, გადააყენეთ, გადმოაყენეთ, გვარს არა აქვს მნიშვნელობა, არც სახელებს. სამმილიონიან ქვეყანას რომ ვერ უშველა ვერც ერთმა ხელისუფლებამ, ეგებ გვითხრათ, რისთვის გაჭმევთ პურსა?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
!!!
12 მარტი 2021 02:40
გარდიგადო აქვთ უბოროტეს ხალხს ბიძინა ყელში გაჩხერილი.
giajano
11 მარტი 2021 17:59
პური გაძვირდა და სანახაობას კი გვაჩვენებენ, არ გამოვა მაი საქმე ძამა

რუბრიკის სხვა სიახლეები