მელიას უსტარი ციხიდან და ქალბატონი ნატოს სიზმრები, ანუ ტკბილ არს ლუკმა სახელმწიფო მოხელისა! - კვირის პალიტრა

მელიას უსტარი ციხიდან და ქალბატონი ნატოს სიზმრები, ანუ ტკბილ არს ლუკმა სახელმწიფო მოხელისა!

2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი დირექტორები გაინტერესებთ? შპს ბათუმის აეროპორტის დირექტორი მუსტაფა ილთან ოქთემი - 287.357 ლარი; სს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე - 237.231 ლარი; სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე - 216.479 ლარი; სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე - 215.616 ლარი; სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველი უჩა უჩანეიშვილი - 212.520 ლარი... თუ მკითხავთ, როდის აქეთ დავიწყე ფულის თვლა სხვის ჯიბეში, გეტყვით, რომ მე არ მითვლია, დაითვალა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI).

ნეტავ ამდენ ფულს როგორ ხარჯავენ? უჰ, უხერხული კითხვა უხერხულადვე დავწერე. რა ნამუსით ხარჯავენ-მეთქი, ასე ჯობს ფორმულირება? მაინტერესებს, ეს ბატონები რას აკეთებდნენ ასეთს, რომ მათთვის გაისროლა "ავრორამ"? კრეისერის სახელი რომ პირობითია, გასაგებია ყველასთვის და მის კონტექსტუალიზაციას არ ვაპირებ (ისედაც იცით, ბიძინა რომაა!). ჩანს, რომ იღბალია საჭირო, თორემ სულ არაა საჭირო ქვეყნისა და პარტიისთვის თავდადება. რამდენი "ნაცი" "გაქოცდა" და შესკუპდა თანამდებობრივ სავარძელზე, რამეთუ ტკბილ არს ლუკმა სახელმწიფო მოხელისა! აბა, ასე რომ არ იყოს, ნატო ჩხეიძე სიზმრებს მოგვიყვებოდა?! რაღაც ძალიან უცნაური სიზმრები აქვს ამ ქალბატონს, მაგრამ ეგ ისეთი გამოცდილებისაა, სიზმარიც უნდა დავუჯეროთ, დაკორონებულიც რომ იყოს! თან, ვისზე დაესიზმრა?! თვით ნიკანორ მელიაზე, რომელმაც ციხიდან მოგვწერა: "ჩვენ შევძელით არშემდგარი სახელმწიფოდან რეგიონში სამაგალითო ქვეყანა გავმხდარიყავით. ამ გზაზე ბევრი ძალიან მძიმე შეცდომაც დავუშვით, მაგრამ მათმა გაანალიზებამ, დიდ გამოცდილებასა და სიბრძნესთან ერთად, ცოდნა შეგვძინა, როგორ აღარ გავიმეოროთ ისინი. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ძლიერი თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი და გვყავს სამოქალაქო აქტივისტების ახალი თაობა - თავიანთ სფეროებში ძალიან წარმატებული ახალგაზრდები. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ და ავტორიტარიზმის იმ ღრმა უფსკრულში არ გადავეშვათ, რომელსაც ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ამიტომ, კიდევ უფრო მეტად უნდა გავერთიანდეთ, უარი ვთქვათ იმპულსურ და ემოციურ გადაწყვეტილებებზე, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადავდგათ და კრიზისი შესაძლებლობად ვაქციოთ".

ახლა რამდენიმე სიტყვით მინდა ამ ციხისეულ უსტარს გამოვეხმაურო! საქართველო თურმე სამაგალითო ქვეყანა ყოფილა, ვერ დაუნახავს უმადურ ამომრჩეველს და ბიძინა მოგვიყვანა ხელისუფლად. მძიმე შეცდომაც დაუშვიათ! შეცდომაა, ეგ, ნიკანორ?! თუ დანაშაული? გინდათ და ჩამოგითვალოთ ასეულობით ფაქტი, რომელიც შეცდომის სტატუსში ვერ ჩაეტევა? თავისუფალი მედიაა ის, რომელიც საეჭვო ფარულ ჩანაწერებს აფრიალებს? არ გედავებით, ღარიბაშვილისგან ნამდვილად მოსალოდნელია ასეთი ლექსიკა, მაგრამ ერთხელ მაინც გეთქვათ, "თავისუფალო მედიავ", რომ სხვისი, თუნდაც მდარე შემოქმედება არ უნდა იქნას დაბულინგებული! გამოდის, რადგან ბიძინას შვილია ბერა, რაც მოუნდებათ, ის უჩხაპნონ სოცქსელებში და "უფლისწულად" მონათლული ბერა არ გამოიყენებდა უცენზურო მიმართვებს? ნუ, თუ ვინმე მოკლეს და აწამეს ბერას გამო, ცხადია, ამის უკან მდგომი ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს!.. ჰოდა, ჩემო ნიკა, ნუღარ მოიგონებ ზღაპრებს, თითქოს შეცდომები გავაანალიზეთო და ისევ ქალბატონი ნატოს სიზმრების ახსნით დავკავდეთ, თორემ მახსენდება, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ანგარიშზე ყადაღა რომ "გამიჩალიჩეს" და ბანკომატმა დიდი ამბით მამცნო ჩემი დავალიანების ასტრონომიული მონაცემების შესახებ: მინუს 99.999 ლარი და 99 თეთრი! ანუ ერთი თეთრი დააკლდა, რომ ასი ათასად დამრგვალებულიყო! ამის შემდეგ ენას როგორღა იტრიალებთ საერთაშორისო მედიატორების წინაშე, აქაოდა, შეცდომები გვქონდა მხოლოდო! ან კიდევ, თქვენ მე იმ ზემოთ ხსენებული ხუთეულიდან გეგონეთ, რომ იმ ასი ათასს იოლად გადავიხდიდი?!.

პ.ს. რომ გავიზრდები, იმ ხუთეულიდან ერთ-ერთი უნდა გამოვიდეო, - ამას ამბობს ახლა ბევრი საქართველოში ხუმრობით. მთავარი მაინც ჯანმრთელობის დაცვაა და კი დაიწყეს ვაქცინაცია... მადლობა ამირან გამყრელიძეს, თუ - ვის?! ეგებ ესეც დაესიზმროს ნატო ჩხეიძეს, უკვე სიზმართა შორის ვართ, მე ასე მგონია და სხვისი არა ვიცი რა!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს