გახარიასეული შავი ორშაბათი, ნაპრეზიდენტალი მარგველაშვილი და ჩერგოს მოწოდება, ანუ რა დანაპირებს აასრულებს ექსპრემიერი - კვირის პალიტრა

გახარიასეული შავი ორშაბათი, ნაპრეზიდენტალი მარგველაშვილი და ჩერგოს მოწოდება, ანუ რა დანაპირებს აასრულებს ექსპრემიერი

22 მარტს გახარიას ერთმა ნათქვამმა, არსადაც არ წავსულვარ, პოლიტიკას არ ვანებებ თავსო, "ფეისბუკზე" 2000 გაზიარება, 4600 კომენტარი დააგროვა ერთ დღეზე ნაკლებ დროში. აი, ეს იყო მგონი, შავი ორშაბათი ოპოზიციისთვის. თუ მართლა ოპოზიციაში ჩაუდგა გასაცოდავებულ "ქართულ ოცნებას" გახარია, ეს ნიშნავს, რომ "ოცნების" ბევრი მომხრე, ასევე, ბევრი ყოფილი ბიძინას მომხრე მას დაუჭერს მხარს და ზოგადად, ოპოზიციის ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილსაც გადაიბირებს. ამით ასრულდება გახარიასეული დანაპირები, რომ "ნაციონალებს" დაასრულებს.

გასაოცარ რამეს ღაღადებს ნაპრეზიდენტალი მარგველაშვილი: "ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოში ძლიერი, ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო. არც აციეს, არც აცხელეს და ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს გახარია, ეს მისია რომ შეასრულოს. მისია, თითქოს შექმნან "ქართული ოცნება 2". მადლობა "ოცნებას", ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს დავალებას, რომელსაც აქედან გავცემთ".

აი, ესაა მაღალი თვითშეფასების პიკი! გიორგი ბატონო, მთელი საქოცეთი, შენი ხელდამსხმელი რომ პრეზიდენტობისვე ჟამს დაგცინოდა, არავინ გისმენდა და გაიგნორებდა სახელმწიფოს მაღალჩინოსანს, ახლა მოგადეს ყური ბაგეებზე, რას იღაღადებ? მორჩი, თუ კაცი ხარ, ანალიტიკოსისა და მაღალწონიანი პოლიტიკოსის როლის თამაშს! გარკვევით გეუბნები, რომ არაფერი ახსოვს შენზე ბევრი ხალხს, გარდა მქსოველობისა, მეკარტოფილეობისა, ლექციების კითხვისა...

მარგველაშვილის, ფიქრია ჩიხრაძის, გიგი უგულავას ან სხვების შეფასებებიც არაფრად მიღირს გახარიას ასპარეზზე გამოჩენასთან დაკავშირებით - გაგიხარდათ?.. ვიცი, რომ ხშირად ხელისუფლება თავის წიაღში ჩეკს ოპოზიციას, რათა გადააბაროს ძალაუფლება და მერე ინდულგენცია ჰქონდეს. ასე იყო ედუარდის წიაღში გამოჩეკილი "ნაციონალური მოძრაობა" და ნაწილობრივ "ქართულმა ოცნებამაც" კარგად შეიფარა და შეიტკბო მიშასეულნი! მე კი იმას ვდარდობ უფრო, რომ 30 წელი გავიდა და საქართველო ვერ შედგა სრულყოფილ სახელმწიფოდ. გაყოყოჩებული "პოზიცია" და ოპოზიცია თავს იწონებენ, ევროპელი ფასილიტატორების ძალისხმევის მიუხედავად, ისევ ვირებზე რომ არიან შემსხდარნი ჯიუტად და თავიანთ სკამებს უფრო წინ აყენებენ, ვიდრე მოსახლეობის ინტერესებს! კიდევ ერთიც მინდა დავამატო: ვინც შებრძანდა პარლამენტში, რას აკეთებენ ხალხის ვაქცინაციის საჭიროებაში დასარწმუნებლად? დავიჯერო და, ასე უჭირთ ერთი ჩხვლეტის ატანა?! ან - ორის? იქნებ შპრიცი არ აქვთ ან ვაქცინა?!. ურწმუნო ხალხს ვერც პოლიტიკოსების აცრა შეუცვლის ანტივაქსერულ განწყობას, მაგრამ ნიჰილიზმი ხალხში სრულიად საფუძვლიანია! ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს "მესამე ტალღას" რომ დაგვიფიქსირებენ, როგორ გადავიტანთ მაგას ან ფსიქიკურად, ან სოციალურად, ან კიდევ ეკონომიკურად?!

მაღალი თანამდებობა არ ნიშნავს მარტო კარგ ხელფასს, მაღალ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს და დროულად გამოვიდნენ მაჟორიტარები თავიანთ ამრჩევ მუნიციპალიტეტებში, რათა ხალხს აჩვენონ, რომ ჭირსა და ლხინში ერთად უნდა ვიყოთ! პირდაპირ გეტყვით, ზოგადად პოლიტიკოსები დიდად არ მიყვარს, რამეთუ მაგათი ბრალია ყოველი ნეგატივი ამ ქვეყანაში და მსოფლიოშიც! არ გვინდა იმით თავის მოწონება, რესტორნებში ცოცხალი შესრულებით მუსიკა დაიშვა, რაღაც რეგულაციები შემსუბუქდა და გაზაფხული მოგვადგა კარზეო! ჰო, კიდევ - გოგი წულაია რომ დაიჭირეს!

ნამახვანის ჰესზეც მინდოდა დამეწერა რამე, მაგრამ მანდაც ისევ "კოვიდის" გავრცელების საშიშროებაზე გამომივიდოდა აქცენტირება და არა - ეკოპრობლემებზე, ამიტომ თავი დავანებე დროებით ნამახვანსა და თამარ ჩერგოლეიშვილის მოწოდებას მივადექი, - ვინც რამდენი ხმა მიიღეთ უბნებზე, იმის მეათედი ხალხი გამოიყვანეთ აქციებზეო! - რომ თქვა. ზოგმა ათზე ნაკლები ხმა რომ მიიღო, მისი მეათედი როგორ უნდა გამოიყვანონ "ხალხზე მზრუნველმა" ოპოზიციონერებმა?..

პ.ს. გახარია თუ დამოუკიდებელ მოთამაშედ დააპირებს პოლიტიკაში შემოსვლას, ძალიან კარგი იქნება, ოღონდ შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში თუ დაინახა ხალხმა, ეგ უკვე თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. ჯერ კარგად და სტრატეგიულად მიუყვება დამოუკიდებლობის ბილიკს, შემდეგ - ვნახოთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს