საქართველოს გადმოწვიმებული მიშა და უნიათო ბიძინელები, ანუ რა შემთხვევაში არ მოგვინდება გახარიას თვალის ჩაპაჭუნება?!
საქართველოს გადმოწვიმებული მიშა და უნიათო ბიძინელები, ანუ რა შემთხვევაში არ მოგვინდება გახარიას თვალის ჩაპაჭუნება?!
გაზაფხული შედის ძალაში და ოპოზიციასაც მიეცა იმედი, რომ ხალხი გარეთ გამოვა "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ. ბუნებრივია, ბევრი სიამოვნებით გავიდოდა უნიათო ბიძინელების სკამებიდან ასაყრელად, მაგრამ იმავე სკამებზე ვინ უნდა მოვიდნენ?.. შალვას ოფისში თავშეყრილნი?.. არ მჯერა იმის, რომ ნათელაშვილისეულნი უფრო უკეთესები იქნებიან, თორემ რუსთაველზე აუცილებლად გავიდოდი ჩემი კაპიუშონიანი ჯემპრით თავშესუდრული!

ეს ის ოპოზიციაა, მორალთან ძალიან მწყრალად რომ არის! რამდენი თვის წინ დაწყებული, ხაფი ხმით ნათქვამის "არჩევანი მოჰპარეს ხალხს" ბევრს არ სჯერა. სასამართლო პროცესი
ადასტურებს იმას, რაც არ ჰქონდათ, რას წაართმევდნენ "ქოცები" ოპონენტებს?! სასამართლო ჯიბისააო, რომ გაიძახიან ბატონი "ნაცები", ეგებ გაიხსენონ, ყველაზე მეტი სასამართლო პროცესი როდის ჩატარდა საქართველოს ისტორიაში და რამდენი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს მათივე მმართველობის პერიოდში? მე არ შევახსენებ, თავადაც კარგად მოეხსენებათ და ამიტომ! სასამართლოს ნუ ვენდობით, მაგრამ
იმ რეიტინგულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ყველაზე სტაჟიანი დამკვირვებელია, რომ განაცხადა, შეგვეშალა თვლაო და ახლა რა ვქნათ?! ცესკო ბიძინასია, ხელისუფლების ყველა შტოც მისია, დაგიჯერებთ, ურწმუნოებო, მაგრამ არასამთავრობო სექტორიც მაგისია? ევროკავშირიც? მთელი დასავლეთი და აღმოსავლეთი? ჩრდილოეთზე თავად ამბობთ, ბიძინასიაო (თუ პირიქით, ჩრდილოეთისაა ბიძინაო!) და ბარემ, სამხრეთიც მივკერძოთ მაგ კაცს და მსოფლიო ჭიპად ჭორვილა გამოვაცხადოთ!

ისე, რა არის ეს სკამისმოყვარეობა! მიშა ტანზე იგლეჯს უკრაინაში ყველაფერს, დროზე შემიქმენით პირობები, ზარ-ზეიმით შემოვიდე საქართველოში, თორემ ღრუბლებს გამოვყვები და გადმოვწვიმდები სამშობლოშიო! ნაცმიმდევრები მის ფოტოებს დააფრიალებენ "ფეისბუკით", გადააზიარეთ თანამედროვე ნელსონ მანდელას ფოტო და მოულოდნელ სიხარულად ეგებ გვეწვიოს მიშაო (უფ, ერთბაშად არ მოგეწვიმოთ თქვენი ბელადი!). ამასობაში პარლამენტში ვიღაც-ვიღაცები შელაგდნენ და ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას წითელ ნაჭერს უფრიალებენ, გინდათ და, დაანონსებულ მაისის აქციებზე შეირცხვინეთ პირი, გინდათ და, ჩვენსავით დაჰყაბულდით "ოცნების" შემოთავაზებასო. "ნაცმოძი" ცოცხალი თავით არ აპირებს შესვლას პარლამენტში (ტემპერატურის აწევა უნდათ მელიას პოლიტპატიმრობის დრამატიზებით), მაგრამ ეს ის მელია არაა, კარგა ხანს რომ ატარა სამაჯური? თუ უდანაშაულოა, თვეობით რად ატარა? დავიჯერო, მაჯის სამშვენისი ეგონა აქამდე და ახლა გაუსკდა მაინცდამაინც უდანაშაულობის განცდის ბუშტი? ისე, რა გასაოცარია, ეს ხალხი რატომ თვლის, რომ ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობის გარეშე უნდა წარდგნენ ყოველ დროს? ზოგიერთი ვერ ხვდება, რომ გუშინწინ გამოჩეკილ პოლიტწარმონაქმნებს იმხელა პროცენტით ვერ ექნებოდათ მხარდაჭერა, როგორიც ხაზარაძეს აქვს დაწესებული თავის ბანკში? გამოიტანეთ, ბატონებო, საარჩევნო შედეგების დოკუმენტები და დაგვიმტკიცეთ, რომ დაიჩაგრეთ. არ მინდა არც ევროპის მტკიცება, არც - სასამართლოსი, არც კიდევ - არასამთავრობოების და გვიჩვენეთ, რა წაგართვათ ბიძინამ, თორემ ხალხი იხსენებს ერთ ძველქართულ ანდაზას, გლახას ათი კაცი ნიფხავს ხდიდა და ვერ გახადა, რადგან რაც არ ჰქონდა, რას გახდიდაო... უბნებზე თქვენი წარმომადგენლები ისხდნენ და მე დავიცავდი თქვენს ხმებს? აქეთ ველოდებოდი თქვენგან დაცვას და მე და ჩემნაირებს გვთხოვთ, არიქა, გვიშველეთო?

მეგონა, ოპოზიცია შებრძანდებოდა პარლამენტში, ცალკე ეგენი მიაყენებდნენ ხელისუფლებას კუთხეში, ცალკე - ხალხი და გვეშველებოდა ცოტა მაინც. პარტიების იმედი ჩემს მტერს ექნეს, მაგრამ ხალხისა - კი, გენაცვალეთ! ნამოხვანის ჰესის გამო დაახევინეს უკან თუ არა თურნავას და ღარიბაშვილს?!. დიახაც, დაახევინეს და ახლა "გირჩ-ლელო-ენმ-ევრონაცების" კეკლუცობას ვერ ვუყურებ ვერც მე და კიდევ ათასობით ადამიანი!

პ.ს. ღარიბაშვილს უთქვამს, ნამოხვანის ჰესის აშენების საკითხი უნდა გადაიხედოს, ახალი შეფასებებია საჭირო, უნდა აშენდეს თუ არაო. ახლა გამოდით, "ქოცებო" და თქვით, რომ ყველაფერი დათვლილ-გათვლილია, უბრალოდ, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა არ უნდა ანტიჰესისტებსო! ჰო, კიდევ, ვაშლიჯვრის მეწყერივით ნუ მოაღებთ ხოლმე "გაპრავების" ნაკადს, ხედავთ, რომ ზოგჯერ "შეუმცდარი ბევრჯერა მეფეცა ნუ გეგონებათ!"

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მევლუდი
09 მაისი 2021 12:43
ჭეშმარიტებას ღაღადებთ! ბრავო!
დეა
02 აპრილი 2021 08:18
სრული სიმართლეა

რუბრიკის სხვა სიახლეები