ვალოდიას იდეოლოგიის პროპაგანდისტი პოზნერი და "ქართველი პარტიოტები", ანუ რა არის მოსალოდნელი პარტიებისგან - კვირის პალიტრა

ვალოდიას იდეოლოგიის პროპაგანდისტი პოზნერი და "ქართველი პარტიოტები", ანუ რა არის მოსალოდნელი პარტიებისგან

"პოზიცია"-ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდა რომ ააყირავა ახლახან და ევროპიდან ჩამოსული ფასილიტატორი გააქციეს უკანმოუხედავად, ეს სამარცხვინო ფაქტი გემახსოვრებათ. საერთოდ, პარტიებისგან აყირავება და დაქცევაა მოსალოდნელი, აბა, ეგენი არ შეაკლავენ შრომასა და ხალხზე ზრუნვას თავს! ოპოზიცია გაიძახის, "ოცნება" რუსული ორიენტაციისაა, ჩვენ ვართ დასავლურებიო და გვიმტკიცებენ შემდეგს: ის რუსი ჟურნალისტი შემოუშვეს საქართველოში, რომელიც საქართველოზე ცუდს უბნობდა და "ზნაჩიტ", პუტინისტები არიანო; ჩვენ კი იმიტომ ვართ პროდასავლურები, სასტუმროდან პანტასავით მოვისროლეთ პოზნერიო. ვალოდიას იდეოლოგიის პროპაგანდისტი პოზნერი დაახლოებით 50 რუს ჟურნალისტთან და ცნობილ ადამიანთან ერთად თბილისში, ჩარტერული რეისით, 31 მარტის საღამოს ჩამოსულა და 1-ლ აპრილს საკუთარი დაბადების დღე უნდა აღენიშნა, მაგრამ... როგორც ციხეში გამოკეტილი წულაია იტყოდა, - კაცს დაბადების დღე ჩაამწარენ!

ხალხს მახსოვრობა და მხედველობა აქვს. გაგვახსენდა, ეს სასტუმროდან გამოძევებული პერსონა ნონ-გრატა ადრეც და ახლაც ბევრ "ნაცთან" და "ნაცთან" გათანაბრებულ პირებთან ერთობ თერმულ (თბილ) დამოკიდებულებაში იყო და არის. მაშ, რა ვქნათ, რა წყალს მივცეთ თავი? პუტინის ერთი იდეოლოგის ჩამოსვლამ რომ აღაშფოთა პარტიოტები (და არა პატრიოტები), ეგებ მართლა გამოახილოს თვალი თავად ოპოზიციამ, კარგად დაინახონ, დეკლარირებული რუსეთუმეები რომ ჰყავთ "ჰამქარში". კი ვიცი დიდი ხანია, რომ პოლიტიკით სულშერყვნილ ადამიანებს შორის უამრავია ისეთი, ვინც რუსეთსა და ამერიკას კი არა, ეშმაკსაც მიჰყიდის სულს, ოღონდ მაღალი ტრიბუნიდან გადმოხედოს წყალწაღებულ და ხავსმოჭიდებულ ქვეყანას, მაგრამ ეს სამწუხარო მდგომარეობა თავად არ იციან, მგონი! "ოცნება" რომ უნიათო და უფხო პარტიაა, ვაშლიჯვრის მეწყერივით გახეთქილი და მოსაცურებლად გამზადებული, სამზეოზეა გამოტანილი. ერთი კარგი გვახსენდება ქოცმმართველობიდან: ამ ხელისუფლების პირობებში არ გვქონია ომი (ყველა დანარჩენის დროს, კომუნისტური ეპოქიდან დაწყებული, გვქონდა და ყველა წავაგეთ!), მაგრამ ეს დიდი შეღავათია გაქცეული ფასების, დაქცეული ლარის პირობებში? არა მგონია! ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დღეს ერთმანეთის ლანძღვითაა დაკავებული (სხვათა შორის, რასაც ერთმანეთზე ამბობენ, სწორია თითქმის ყველაფერი). და ეს "დიდად შრომატევადი ნაღვაწი" ისე კარგად უსაღდებათ, რომ ერთმანეთს ჭამენ "ფეისბუკში" ორ პოლიტიკურ პოლუსზე მყოფი კლავიატურის პარტიოტული ლომები. ეს ორი პოლუსი კიდევ, 6 თვეა, ვერ გარკვეულა, საითაა: საქართველოსკენ არიან, ეშმაკისკენ თუ რუსეთისკენ? ქვეყნის სტაბილური განვითარება უნდათ თუ დესტაბილიზაცია...

ამ დროს მედია რა დღეშია? როგორმე აგრესიის თამასა ასწიონ და რას აღარ კადრულობენ. იან კელიმ რომ მიშველაძეს წყალი გადაასხა, "ოცნება" დასავლურიაო, ეს კი დამამახსოვრდა, მაგრამ ის რომ გვახსენდება, რა ღირს საკვები ზეთი მარკეტში, უკვე ხელისუფლების ორიენტაცია გვავიწყდება. მშიერი კაცი ნადირზე მძვინვარეა და ერთ დღეს "ენჯეოშნიკების" მოწყობილი პერფორმანს-აქციები იავნანად მოეჩვენებათ, თუ აიღო მშიერმა კაცმა თავზე ხელი! შიმშილი ერთია და მეორეა პანდემიასთან გამკლავება. მგონია, სუბსიდირებაში რაც თანხა გახარჯა სახელმწიფომ, ათი იმდენი ამოიგეს უკვე. ვაქცინაციაზე აღარც მინდა დავწერო. ჯანდაცვის მინისტრი გამწყრალი სახით რომ იყურება ტელეეკრანებიდან, მე დავარწმუნებ ხალხს აცრების აუცილებლობაში?.. ეს ასაკობრივი დახარისხება რაღა უბედურებაა, დროზე თქვან, თავგადარჩენის მსურველებმა გაიკეთონ ვაქცინა და მერე ანტივაქსერებიც გაიკეთებენ ან ვაქცინირებულების "ალყა" შეინახავს ამ ურწმუნო თომებს, რომლებსაც, გაოცდებით და, ძალიან ჰყვარებიათ თავი, პლუს იმაზე აქვთ ეჭვი, "ბიოლოგიური მასალა" არ გაიტანონ საზღვარგარეთ (საინტერესოა, რა "ბიოლოგია" აქვთ ასეთი, რომ მაინცდამაინც ამ ხალხისა უნდათ?!.). ყველა დროში გაუნათლებლობა და სიზარმაცე რომ გვღუპავს, მაგაზე აღარ მინდა ლაპარაკი, რადგან "ედუპერსპექტივაც" არ გვიჩანს, მიუხედავად იმისა, რომ რობოტების აწყობა უნდა დავაწყებინოთ მოსწავლეებს სკოლებში, აბა, რაღა დროის ლიტერატურა და ხელოვნებაა?!

პ.ს. პოზნერზე შეტევამ ერთი ანდაზა გამახსენა: ცხენს ვერაფერი დააკლეს, უნაგირს დაუწყეს მტვრევაო. პუტინი კი ამ დროს უკრაინაში კუნთებს ათამაშებს და მსოფლიო სცენაზე გამოდის სამი აქტორი: უკრაინა მსხვერპლის როლს ითამაშებს, დემოკრატიული დასავლეთი - აღშფოთებული კეთილის მსურველისას, რომელსაც აღელვებს პუტინის აგრესია და რუსეთი კიდევ ერთხელ თავისი ძლიერების დემონსტრირებას შესთავაზებს კოვიდით დაზაფრულ სამყაროს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს